ადვოკატი შოთა თუთბერიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ დააკავა. მას ხელში ჰქონდა პლაკატი წარწერით: „ირა...ლი", რაც, სავარაუდოდ, მისი დაკავების მიზეზი გახდა.
ვრცელდება ინფორმაცია აქციის სხვა მონაწილეების დაკავების შესახებ. დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „ირა...ლი!" „ირა...ლი!"
როგორც შსს-ს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ორი პირის დაკავების საფუძველი გახდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლები, ერთი კი 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.
შოთა თუთბერიძე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია.
აქტივისტები უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წინ მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.
1 ივნისს, ღამით, პარლამენტის შენობის უკან პოლიციამ კარვის გაშლის უფლება კვლავ არ მისცა ბექა გრიგორიადისს. ის იმ დროს დააკავეს, როცა სცადა ჩანთის გახსნა და კარვის ამოღება.
გრიგორიადისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
ასევე ნახეთ სასამართლომ ბექა გრიგორიადისი 2000 ლარით დააჯარიმაბექა გრიგორიადისს კარვის გაშლის საშუალება პოლიციამ 29 მაისსაც არ მისცა. მან შვილის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ დაიწყო „ერთი კაცის აქცია", რომელსაც სხვა მოქალაქეებიც უერთდებიან.
ასევე ნახეთ ომბუდსმენი აცხადებს, რომ კარვის გაშლა გამოხატვის თავისუფლების ნაწილიალაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას).
ლაზარე გრიგორიადისის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ამ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის ბრალეულობას დაასაბუთებს. ადვოკატს როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებმა უარი უთხრეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.