კობახიძე ევროკავშირის დემარშზე: პრაქტიკულად, მოითხოვეს რუსეთისთვის სანქციების დაწესება

ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის გადაცემას რუსეთისათვის სანქციების დაწესების მოთხოვნად მიიჩნევს. მან ეს საკითხი პარლამენტის ტრიბუნიდან წამოჭრა.

"ე.წ. დემარშით, პრაქტიკულად, ჩვენი მხრიდან მოითხოვეს რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესება, რაც იყო პრინციპში ერთგვარი სიურპრიზი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. როგორც ოპოზიცია, მათ შორის რადიკალური ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა. სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

29 მაისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში მყოფ ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩებთან ერთად დემარში გადასცა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს.

ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ, მართალია, პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო, "მაგრამ ის ასევე საჭიროებდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობის მხრიდან". "ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ასევე ნახეთ ჰერჩინსკი ფრენების აღდგენაზე: პუტინის ცალმხრივ გადაწყვეტილებას საქართველოსგან შეთანხმება სჭირდებოდა
ასევე ნახეთ "შეიძლება გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა" - ვიცე-პრემიერი EU-სგან ფრენების გამო დემარშის მიღების შემდეგ

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.

20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". მას კვირაში შვიდი რეისის შესრულების ნებართვა 16 მაისიდან აქვს. 19 მაისს დაიწყო პირდაპირი ფრენები რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომლის პირველ რეისს აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები.