თურქეთში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი მომხრეებს მიმართავს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. 28 მაისი, 2023 წელი

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი ინფორმაციით, ბიულეტენებით 90 %-ის დათვლის შემდეგ, მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ამომრჩეველთა ხმების 53% მიიღო.

მის მეტოქეს, ოპოზიციის კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს კი ამომრჩეველთა 47%-მა მისცა ხმა.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეთა აქტიურობამ 85%-ს მიაღწია. თურქეთის უზენაესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მეორე ტურმა დარღვევების გარეშე ჩაიარა. გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტებმა ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მეთვალყურეებზე თავდასხმა დააფიქსირეს, სტამბოლის ერთ-ერთი გარეუბნის ამომრჩევლების სიაში კი იყო რვა წლის წინ გარდაცვლილი ქალი.

არჩევნების პირველი ტური გაიმართა 14 მაისს. გამარჯვებისთვის საჭირო ხმების 50% ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. ერდოანს მაშინ ამომრჩეველთა 49,5%-მა დაუჭირა მხარი, ქილიჩდაროღლუს - 45%-მა.

ასევე ნახეთ ერდოანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა