თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბნების დახურვის მერე ბიულეტენების დათვლა გრძელდება.
ერდოანმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც შესაძლებელი გახადა მისი მმართველობა მომავალი ხუთი წლის მანძილზე.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, აჰნეთ ენერმა, გამოაცხადა, რომ ამ დროისთვის ერდოანმა ხმების 55,41 % მოაგროვა, ოპოზიციის კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს კი მხარი 46,59%-მა დაუჭირა.
სხვა მონაცემებს აქვეყნებს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო. მის თანახმად, ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა 52 პროცენტი მოაგროვა, ხოლო ქილიჩდაროღლუმ - 48%.
სააგენტო ანქა, რომელიც ოპოზიციასთან არის დაახლოებული, ორივე კანდიდატის თითქმის ერთნაირ შედეგზე იტყობინება.
ერდოანს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება უკვე მიულოცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. თურქეთის პრეზიდენტს მისალოცი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმაც.
მანამდე ერდოანმა მილოცვები მიიღო ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისისა და კატარის ამირა შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანისგან, ასევე - ლიბიის პრემიერ-მინისტრის, აბდულ ჰამიდ დბეიბესაგან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერერზე წერს, რომ ულოცავს ...საქართველოს დიდ მეგობარს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს, არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას!"
არჩევნების პირველი ტური გაიმართა 14 მაისს. გამარჯვებისთვის საჭირო ხმების 50 % ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. ერდოანს მაშინ ამომრჩეველთა 49,5%-მა დაუჭირა მხარი, ქილიჩდაროღლუს - 45%-მა.