სუსი აცხადებს „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერების დაკავების შესახებ

კადრი სუსის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები. უწყების ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაცია ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარდა, დაკავებულია საქართველოს 6 მოქალაქე.

„დადგინდა, რომ აღნიშნულ პიროვნებებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით გეგმავდნენ სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას რამდენიმე ქვეყანაში. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მტკიცებულება“, - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუსის თანახმად, გამოძიების ფარგლებში კონტრტერორისტულმა ცენტრმა, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გამოავლინა გარკვეული ტერორისტული აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და "მომეტებული საფრთხის გათვალისწინებით ინფორმაცია ოპერატიულად იქნა გაზიარებული პარტნიორ ქვეყნებთან. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამავე საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქის მიმართ, რომელიც სასამართლოს ბრძანებით მოთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში".

6 მაისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავების შესახებ, რომელსაც ტერორისტულ ორგანიზაციასთან ჰქონდა კავშირი.

ასევე ნახეთ "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით საქართველოში ერთი ადამიანი დააკავეს

"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურის, საქართველოს მოქალაქის, მალხაზ პაქსაშვილის დაკავების შესახებ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცნობა აპრილში გაავრცელა.

ასევე ნახეთ სუსი აცხადებს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, მალხაზ პაქსაშვილი დააკავა
ასევე ნახეთ პროკურატურამ ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე დაკავებულ მალხაზ პაქსაშვილს ბრალი წარუდგინა

ოჯახის წევრები და მეგობრები პაქსაშვილის კავშირს ტერორისტულ ორგანიზაციასთან უარყოფდნენ.

ასევე ნახეთ ოჯახის წევრები და მეგობრები პაქსაშვილის "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირს უარყოფენ