ღარიბაშვილი იმეორებს, რომ არ დაუშვებს "უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე"

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ იმეორებს, რომ არ დაუშვებს ქვეყანაში "უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე". მან 9 მაისს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში ჟურნალისტებს უთხრა, რომ მხოლოდ უმრავლესობის პრემიერი არ არის.

"მე ვთქვი მთავარი, მე ვთქვი მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არც უმცირესობაზე ძალადობას და ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას და მათ აგრესიულ პროპაგანდას ჩვენი მოსახლეობის, ხალხის უმრავლესობაზე... ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, 90% დაახლოებით, იზიარებს იმ კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახის ფასეულობებს, რომლითაც დღემდე მოვედით. ეს არის ქრისტიანული ფასეულობები, ეროვნული, პატრიოტული ღირებულებები. მე ამაზე მაქვს საუბარი.

თქვენთვის მისაღებია ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყნებში?! იგივე სქესის გადაკეთებას ვგულისხმობ. ეს არის პროპაგანდა, რომელიც არის მომწამვლელი ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი 4 მაისს გამოვიდა სიტყვით ამერიკელი ულტრაკონსერვატორების კონფერენციაზე, რომელსაც ბუდაპეშტი მასპინძლობდა. თავის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ მტრული ძალები საქართველოში „ოჯახური ღირებულებების განადგურებას ცდილობენ“ და რომ ის დაიცავს კონსერვატიულ უმრავლესობას „უმცირესობის ძალადობისგან“.

თავის 20-წუთიან გამოსვლაში ღარიბაშვილმა თქვა, რომ „საქართველო ფლობს სუპერძალას“ და დასძინა, რომ ეს სუპერძალა არის “რწმენა, ჩვენი ოჯახები, ტრადიციები, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები… სწორედ ამ ძალთა გაერთიანებით ჩვენ შევძლებთ დავუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლების და ყალბი სიმართლის სახელით მოსულ ბოროტებას”.

ასევე ნახეთ ევროპელი სოციალისტების პარტიამ დაგმო ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში CPAC-ზე გამოსვლისთვის

ამავე დროს მან დაგმო „ლგბტქ+ პროპაგანდა“ და „თავსმოხვეული ინოვაციები“, „ბავშვებისთვის გენდერის შეცვლის პროცედურის დაკანონება“. ისინი, საქართველოს პრემიერის თქმით, ცდილობენ, დაავიწყებინონ ხალხს „ოჯახი და რწმენა“, რადგან „ფესვების არმქონე ადამიანის გაკონტროლება უფრო მარტივია“.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში შეთქმულების თეორია გაავრცელა. კიდევ რა თქვა პრემიერმა