ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ნივთიერი მტკიცებულება - ბანკის კუთვნილი გორგოლაჭიანი სკამი გამოიკვლიეს, სადაც თავდამსხმელი იჯდა. საქმის პროკურორმა 12 აპრილის სხდომაზე თქვა, რომ ეს იყო ნივთმტკიცება, საიდანაც სუნის ნიმუში აიღეს.
მიუხედავად იმისა, რომ სკამი დარბაზში დალუქული შეიტანეს, ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ მიიჩნია, რომ ის ჰერმეტულად არ იყო შეფუთული, რის გამოც სუნის ნიმუშის „გაყალბების” ეჭვი გაუჩნდა.
„მგონია, რომ ბრალდების მხარემ ეს შეგნებულად გააკეთა იმისთვის, რომ ჰქონოდა შესაძლებლობა გაეყალბებინა სუნის ნიმუში”,- განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.
საპასუხოდ, პროკურორმა მირანდა წერეთელმა განმარტა, რომ ექსპერტებმა სკამი ბანკში რამდენიმე პარკით დალუქეს, თუმცა მოგვიანებით სუნის ნიმუშის ასაღებად გაიხსნა და კვლავ შეიფუთა.
ასევე ნახეთ ბადრი ესებუას ხმა საუბრისას ამოვიცანი - გამომძიებელისასამართლოში დღეს არ გამოუკვლევიათ იარაღის მასრები, რომლებიც ამოღებულია „საქართველოს ბანკიდან“, წალენჯიხის სოფელ სქურიდან და ბრალდებულ ბადრი ესებუას სახლიდან. პროკურორის თქმით, ეს მტკიცებულებები საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტშია გადაგზავნილი კვლევისთვის და ვინაიდან ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, დასკვნა სხდომაზე ვერ წარადგინეს.
ასევე ნახეთ "ამ ხალხის სახე არ მავიწყდება" - ესებუას საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, პოლიციელი გალდავა„იმისთვის, რომ სასამართლო განხილვას ხელი არ შეეშალოს და უწყვეტ რეჟიმში მოხდეს მტკიცებულებათა გამოკვლევა, ბრალდების მხარემ დღეს გააგზავნა წერილი აღნიშნულ დეპარტამენტში, რომ გადმოგვეცეს ეს მასრები, რათა გამოვიკვლიოთ სასამართლო სხდომაზე“, - თქვა საქმის პროკურორმა.
ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მომდევნო სხდომაზე, 19 აპრილს გაგრძელდება. მოწმის სახით დაიკითხებიან ბადრი ესებუას ოჯახის წევრები - დედ-მამა, ძმა და რძალი.
2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 თებერვალს დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.