ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის პოლიციის განყოფილების ყოფილმა უფროსმა, გამომძიებელმა ალექსანდრე თორდიამ მოსამართლეს უთხრა, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს როცა ტელეეთერიდან მოისმინა „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის საუბარი, ხმით ბადრი ესებუას ამოცნობა შეძლო. მოწმის თქმით, ბრალდებულს ის მანამდეც იცნობდა:
„მედიაში კადრები გავიდა, სადაც თავდამსხმელი საუბრობდა და მე საუბარში ამოვიცანი ხმა, რომელიც იყო ჩემი განყოფილების სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები ბადრი ტარიელის ძე ესებუა. ეს იყო ზუგდიდის სოფელი ალერტკარი, ყოფილი გრიგოლიში... აღნიშნულ ტერიტორიაზე დიდი ხანია ვმუშაობ და მეტ-ნაკლებად ვიცნობ მოსახლეობას. ბადრი ესებუას ვიცნობ იქედან გამომდინარე, რომ ის იყო ყოფილი სამხედრო და ვიცოდი ეს პიროვნება ვინ იყო. ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ყოფილი პოლიციელები, სამხედროები, ამ ადამიანებთან კონტაქტი გვაქვს და ვიცნობთ“, - განაცხადა ალექსანდრე თორდიამ.
8 თებერვალს ქუთაისის N2 დაკავების იზოლატორში მყოფი ბადრი ესებუას მონახულების შემდეგ ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით ესებუა თავს დამნაშავედ არ ცნობდა და ამბობდა, რომ მას „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში მონაწილეობა არ მიუღია.
„ამტკიცებს, რომ ადამიანი, რომელიც ბანკში შევიდა, ბადრი ესებუა არ არის“, - თქვა იოსებ ჯანაშიამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომელმა ვარლამ ჭაჭუამ დღეს სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას თქვა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბადრი ესებუას დეიდაშვილი მურთაზ ჯანაშია მან გამოკითხა, რომლის სახლშიც ბადრი ესებუა ბანკზე თავდასხმიდან მალევე იმყოფებოდა. ჭაჭუას თქმით, მურთაზ ჯანაშიამ დაკითხვისას დაადასტურა, რომ მის სახლში ბადრი ესებუას და მის ძმას, ბიძინა ესებუას შეხვდა:
„მურთაზ ჯანაშიას ჩვენებით, მასთან სტუმრად იმყოფებოდა ბადრი ესებუა. ეს იყო ბანკზე თავდასხმიდან სადღაც 3-4 დღის შემდეგ, სადღაც 25 ოქტომბერს. ეს ის დღეა, როცა „მთავარი არხის“ დირექტორს (ნიკა გვარამია რედ.) მისი ანონსის მიხედვით უნდა გამოეცხადებინა, თუ ვინ ჩაიდინა ბანკზე თავდასხმა. სწორედ ამიტომ იმყოფებოდა ესებუა ჯანაშიას სახლში და სთხოვა მას [მურთაზ ჯანაშიას], რომ დაეყენებინა „მთავარ არხზე“, სადაც გადიოდა აღნიშნული გადაცემა. ის ელოდებოდა იმ მომენტს, როცა ნიკა გვარამია გამოაცხადებდა თავდამსხმელის ვინაობას. ასე განაცხადა მურთაზ ჯანაშიამ. მურთაზ ჯანაშიამ ბადრი ესებუას გადაუღო ფოტო და მესენჯერით გადაუგზავნა ბიძინა ესებუას, რომელიც რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა. მან გაიყვანა ბადრი ესებუა გარეთ. მათ შორის შედგა საუბარი, რომელსაც არ ესწრებოდა მურთაზ ჯანაშია და რამდენიმე წუთში ბადრი ესებუამ დატოვა ჯანაშიას საცხოვრებელი სახლი. მან [მურთაზ ჯანაშიამ] არ იცის, სად წავიდა ბადრი ესებუა. ამ ჩვენების შემდეგ ჩემს მიერ ამოღებულ იქნა მურთაზ ჯანაშიას ტელეფონი, სადაც ის ინახავდა ესებუასთან მიმოწერას“, - განაცხადა შსს-ს თანამშრომელმა ვარლამ ჭაჭუამ.
დღევანდელ სხდომაზე გამოიკითხა სენაკში არსებული იარაღის მაღაზიის თანამშრომელი მალხაზ კერძაია. მან თქვა, რომ 2020 წლის 6 ოქტომბერს ბადრი ესებუას 20 ვაზნა მიჰყიდა. მოწმემ აღნიშნა, რომ იარაღს, ასევე ტყვიებს თუ სხვა საშუალებებს ყიდიან მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება აქვთ და წარადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას. მოწმის თქმით, ზოგადად მაღაზიის მომხმარებლების ვინაობას და ინფორმაციას, თუ რა შეიძინეს მათ, წერენ ჟურნალში. სწორედ ამ ჟურნალის საშუალებით დადგინდა მოგვიანებით, რომ ესებუა მასთან მაღაზიაში იმყოფებოდა, რითაც გამოძიება დაინტერესდა:
„ჟურნალში ეწერა, რომ ბადრი ესებუამ შეიძინა 20 ვაზნა. ეს ჟურნალი ჩაიბარა პოლიციამ“, - განმარტა მოწმემ.
ყაჩაღური თავდასხმის დღე გაიხსენა დაზარალებულმა სალომე შეროზიამ, რომელიც „საქართველოს ბანკში“ პირად საქმეზე იმყოფებოდა. ყოფილმა მძევალმა თქვა, რომ შენობის პირველ სართულზე იყო, როცა იქ ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შეიჭრა და ყველას მოსთხოვა, მას დამორჩილებოდნენ:
„ხელში ეჭირა ყუმბარა, რომელსაც მოხსნა დამცავი რკინა. ჰქონდა ავტომატი, რომლითაც გაისროლა ბანკის შუშისკენ, სადაც დაინახა ვიდეოკამერიანი პირი [ტვ ოდიშის ოპერატორი] და მისი მიმართულებით გაისროლა. მე ასე მახსოვს, რომ ერთხელ გაისროლა. ეკეთა შავი ნიღაბი, თვალის ფერის დანახვაც კი ჩემთვის შეუძლებელი იყო, შეღებილი ჰქონდა. რამდენადაც მახსოვს, ხელთათმანებიც ჰქონდა… მან დაინახა, ერთ-ერთმა მოლარე-ოპერატორმა როგორ დააჭირა განგაშის ღილაკს ხელი. ფეხი მოიქნია და მოლარის გამყოფ შუშას მიარტყა. თუ არ ვცდები, ბანკის მენეჯერთან დაკონტაქტებას ითხოვდა. იყო აგრესია ხელყუმბარით და ავტომატით”, - თქვა სალომე შეროზიამ.
მოწმის განმარტებით, თავდამსხმელმა შედარებით ხანდაზმული მძევლები გაანთავისუფლა და ადგილზე დაახლოებით 30 მათგანი დატოვა. ცოტა ხანში ისინი მესამე სართულზე ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა, რის შემდეგაც მოითხოვა 112-თან და ტელევიზიებთან დაკონტაქტება. ყოფილმა მძევალმა გაიხსენა ისიც, რომ თავდამსხმელმა მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ 500 ათასი დოლარი და უსაფრთხო გასვლა მოითხოვა. სალომე შეროზია სასამართლოს მოუყვა, რომ თავდამსხმელთან მოლაპარაკებას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელი დირექტორი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. მოწმის ჩვენებით, რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლები ისხდნენ იატაკზე, თანაც ისე, რომ ყველა მათგანის ვუზუალური კონტროლი თავდამსხმელს შეძლებოდა. მოწმემ აღნიშნა, რომ თავად ითხოვდა განთავისუფლებას და ეუბნებოდა, რომ გარეთ შვილი ელოდებოდა:
„ცხრას აკლდა ათი წუთი, როცა მე გამიშვა და მითხრა, წადი შენ შვილთანო“, - თქვა სალომე შეროზიამ.
სასამართლომ 31 მარტის სხდომაზე ასევე დაკითხა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის სერვისცენტრის მენეჯერი ლევან ჭითანავა, რომელიც თავდასხმის დღეს სახლიდან დისტანციურად მუშაობდა და მომხდარის შესახებ თანამშრომლებისგან შეიტყო.
მისი თქმით, დაუყოვნებლივ მივიდა ადგილზე, თუმცა მიმდებარე ტერიტორია უკვე პოლიციის მიერ იყო ჩაკეტილი და თავად სამართალდამცავებმა უსაფრთხოების გამო შენობაში არ შეუშვეს. მოწმემ გაიხსენა ბანკში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებიც. თქვა, რომ შენობიდან თავდამსხმელისა და მძევლების გასვლის შემდეგ, სამართალდამცავებმა შეისწავლეს შემთხვევის ადგილი - აიღეს სუნის ნიმუშები, დალუქეს და წაიღეს „გორგოლაჭიანი სკამი, სადაც თავდამსხმელი იჯდა“, ამოიღეს მასრებიც. მოწმემ აღნიშნა, რომ ბანკში საგამოძიებო მოქმედებებს ის თავად ესწრებოდა.
სხდომას არ ესწრებოდა ბრალდებული ბადრი ესებუა. მოსამართლე ეკატერინე ბებიამ განაცხადა, რომ ბადრაგის სამსახურმა სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული ბადრი ესებუა. განცხადების თანახმად, მას არ სურს დაესწროს სხდომას, თუმცა ამის მიზეზები განმარტებული არ არის.
ბადრი ესებუას ამ გადაწყვეტილების მიზეზი მოულოდნელი და უცნობი იყო ადვოკატ ხათუნა ჯანაშიასთვის. ამიტომაც მან პროცესის გადადება ითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ეკატერინე ბებიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სხდომას ბრალდებული არ ესწრება, ადგილზეა მისი უფლებადამცველი ადვოკატი, ამიტომ სხდომის გადადების საფუძველი არ არსებობს.
მოწმეების დაკითხვა სასამართლოს მომდევნო სხდომაზე გაგრძელდება, რომელიც 6 აპრილს გაიმართება.
2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 თებერვალს დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.
ასევე ნახეთ:
- გამოსვლის შემდეგ მკურნალობა დამჭირდა - ესებუას საქმის მოწმემ 7-საათიანი მძევლობა გაიხსენა
- "ტელევიზიებში ჩართვის დროს გავიგეთ, რას ითხოვდა" - ყოფილი მძევალი ესებუას საქმეზე დაკითხეს
- ზოგი [მეოთხე სართულიდან] გადახტომას ცდილობდა - ბადრი ესებუას საქმის მოწმე
- მოთხოვნილი 500 ათასი დოლარი „საქართველოს ბანკმა” გასცა - ესებუას საქმეზე მოწმეები იკითხებიან
- „გვითხრა, წადით და თუ გაჩერდებით, ვისვრიო" - ესებუას საქმეზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება
- "ესებუამ თქვა, რომ თანხის ნაწილი დაკარგა, ნაწილი კი დახარჯა" - უთხრა მოწმემ სასამართლოს
- ჩასვლისას გვითხრა, ბიჭებო, ფულს დაგიტოვებთო - "ესებუას საქმეზე" მძევლების დაკითხვა გრძელდება
- რა გაიხსენა ესებუას საქმეზე გამოკითხულმა ყოფილმა მძევალმა: მანქანა მდინარეში დაასუფთავა და გვითხრა, თავისუფალი ხართო
- ნაცნობიც რომ ყოფილიყო, ვერ ამოვიცნობდი - ბადრი ესებუას საქმეზე მოწმეები გამოჰკითხეს
- ესებუა ზუგდიდის ბანკის ძარცვასთან კავშირს უარყოფს - კითხვები 28 თვის შემდეგ