სახალხო დამცველი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

სახალხო დამცველისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა

საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. ომბუდსმენი და მისი მოადგილე პარლამენტში დღეს, 12 აპრილს, მივიდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თქვა, ისაუბრეს ომბუდსმენის აპარატის რეკომენდაციებზე და პარლამენტში ჟურნალისტებისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე.

"რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პარლამენტს მიემართება, ამიტომ მნიშვნელოვანია მის შესრულებას მიექცეს ყურადღება... საუბარი გვქონდა მედიის შეზღუდვებთან დაკავშირებით. ეს საკითხი სასამართლოშია გასაჩივრებული და სახალხო დამცველი მეგობრის მოსაზრების ფორმატში ჩაერთვება", - თქვა იოსელიანმა.

ყოფილ კოლეგასთან, ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც.

"ვისაუბრეთ სახალხო დამცველსა და პარლამენტს შორის თანამშრომლობის ფორმატზე, ანგარიშზე და ასევე რეკომენდაციებზე. გვქონდა პირველი შეხვედრა ამ რანგში, რომ თანამშრომლობის ფორმატები განგვეხილა", - თქვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა დაახლოებით ერთი თვის წინ, 7 მარტს, აირჩია ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად. რამდენიმე დღით ადრე, 1 მარტიდან კი ამოქმედდა ჟურნალისტებისთვის შეზღუდვები პარლამენტის შენობაში. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანებით, ჟურნალისტს აღარ აქვს უფლება, დაუსვას დეპუტატს კითხვა, თუ ის მასთან ინტერვიუზე უარს ამბობს. ამ რეგულაციის დარღვევის მოტივით აკრედიტაცია შეუჩერეს რამდენიმე ჟურნალისტს.

ასევე ნახეთ ზოგიერთი ჟურნალისტი გაცდენილი იყო ეთიკური ჟურნალისტის მინიმალურ სტანდარტს - პაპუაშვილი
ასევე ნახეთ ომბუდსმენი პარლამენტის სპიკერს მოუწოდებს, შეცვალოს სადავო წესი, რათა არ გამოიწვიოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა
ასევე ნახეთ ეს გადაწყვეტილებები სადამსჯელო ხასიათს ატარებს - მედიაკოალიცია ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზე