GDI: პარლამენტში მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესი არაკონსტიტუციურია

საქართველოს პარლამენტის შესასვლელი. 8 მარტი, 2023 წელი

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) განცხადებით ეხმაურება საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის შეცვლილ წესს. განცხადებაში ნათქვამია, რომ შალვა პაპუაშვილის მიერ გამოცემული ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი, არაკონსტიტუციურია. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.

GDI წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთანაც, რითაც გარანტირებულია ყოველი ადამიანის უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

"აღნიშნული უფლება დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს, რის მეშვეობითაც საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს იყოს ინფორმირებული სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის შესახებ. მედია, როგორც ინფორმაციის მასობრივი გავრცელების საშუალება მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. ამდენად, დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელია ისეთი წესების არსებობა, რომელიც მედიას ხელს უშლის განახორციელოს მისი ძირითადი ფუნქცია - უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, პარლამენტს ანიჭებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას და იმ ჟურნალისტების აკრედიტაციის შეზღუდვას, რომელთა დასმული კითხვებიც შესაძლოა დისკომფორტს უქმნიდეს მმართველ პარტიას. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვის საფუძვლად არ ითვალისიწნებს პარლამენტარების უფლებას დაცული იყვნენ ჟურნალისტების კრიტიკული კითხვებისგან. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული ბრძანება უშვებს ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში თუ იგი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტს ინტერვიუს.

ცხადია, ამგვარი მოწესრიგება გულისხმობს ჟურნალისტურ საქმიანობაზე ინფორმაციული ფილტრის დაყენებას, რასაც მსუსხავი ეფექტი გააჩნია. მოქმედი წესის პირობებში ჟურნალისტებმა აკრედიტაციის შეჩერების შიშით შესაძლოა თავი აარიდონ მმართველი პარტიისთვის კრიტიკული კითხვების დასმას, რაც მათ წაართმევს შესაძლებლობას უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილის მიერ გამოცემული ბრძანების შედეგად, უკვე არაერთ ჟურნალისტს შეუჩერდა პარლამენტის მიერ გაცემული საშვი. მედიის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, გაუქმდეს ეს წესი. თავად შალვა პაპუაშვილმა 7 აპრილს, პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ "არ შეიძლება რესპონდენტების დევნა".

ასევე ნახეთ ეს გადაწყვეტილებები სადამსჯელო ხასიათს ატარებს - მედიაკოალიცია ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზე
ასევე ნახეთ ომბუდსმენი პარლამენტის სპიკერს მოუწოდებს, შეცვალოს სადავო წესი, რათა არ გამოიწვიოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა
ასევე ნახეთ ზოგიერთი ჟურნალისტი გაცდენილი იყო ეთიკური ჟურნალისტის მინიმალურ სტანდარტს - პაპუაშვილი