ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირების შემდეგ, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ „გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას“.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სანქციები დაუწესა საქართველოს 3 მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს. ესენი არიან:
- ლევან მურუსიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
- მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე;
- ირაკლი შენგელია - ჩინჩალაძის მოადგილე;
- ვალერიან ცერცვაძე - იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
სახელმწიფო მდივან ბლინკენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ გაუუქმდათ მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო.
„უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას“? - აშშ-ის საელჩო საქართველოში ამ კითხვაზე პასუხად წერს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები წინასწარ არ აანონსებს სანქციებს“.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ბლინკენის განცხადებით, „აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“.
ამავდროულად, შეერთებული შტატები მხარდაჭერას უცხადებს დამოუკიდებელ მოსამართლეებს: „ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად“.
ერთ-ერთმა სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ არ იმსახურებს დასანქცირებას, მაგრამ „ცხოვრება გაგრძელდება“:
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, თავის მხრივ, თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ეს მოსამართლეები „საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში“.
ელჩის თანახმადვე, მათ ხელთ არსებული ინფორმაცია აკმაყოფილებს ამერიკული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს, რათა არ დაუშვან აღნიშნულ პირთა შესვლა შეერთებულ შტატებში.
ასევე ნახეთ აშშ-ის ელჩი განმარტავს ქართველი მოსამართლეების სანქცირების მიზეზებს ასევე ნახეთ აშშ-მა საქართველოს 4 მოსამართლეს სანქციები დაუწესა ასევე ნახეთ აშშ-ში და EU-ში არც ბაბუაჩემს არ უვლია - სანქცირებული მოსამართლე მურუსიძე