ფაშისტური კამპანიაა სტუდენტებისგან ლექტორების მოღალატეებად მოხსენიება - ამბობს კობახიძე

ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი კობახიძე ფაშისტურ კამპანიას უწოდებს სტუდენტების მიერ ლექტორების მოღალატეებად მოხსენიებას. კობახიძე ერთ-ერთი ლექტორია, რომლის მიმართაც სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტი გამოხატეს - მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კი ამ საკითხზე ბრიფინგზე ისაუბრა.

"განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაშისტური კამპანია, რომელიც უნივერსიტეტებსა და სკოლებში წარმოებდა. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც კი, როგორიცაა სკოლის პედაგოგების მიერ საკუთარი მცირეწლოვანი მოსწავლეების მშობლების მოღალატეებად მოხსენიება, რაც ფაშიზმისა და ბოლშევიზმის უმძიმესი გამოხატულებაა. აგრეთვე დაფიქსირდა კამპანია საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესიდან პროფესორების ჩამოშორების მოთხოვნით. ამგვარი კამპანია საქართველოში ბოლოს წარმოებდა ზუსტად ერთი საუკუნის წინ ახალგაზრდა ბოლშევიკების მიერ, რომლებმაც საწინააღმდეგო შეხედულების მქონე პროფესორები (მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი) უნივერსიტეტიდან გააძევეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანვე თქვა, რომ ამ პროცესში უხეშად ირღვევა უნივერსიტეტის ეთიკა.

"შემაშფოთებელი იყო ნაციონალი ლექტორების მიერ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოყენება, რაც აკადემიური ეთიკის უხეში დარღვევაა. შეგახსენებთ, რომ ნაციონალი ლექტორები თავად შლიდნენ სასწავლო პროცესს, სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნიშნების მომატებას და ა.შ. უნივერსიტეტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაც "ნაციონალური მოძრაობის" უცვლელი ხელწერაა", - დასძინა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

ასევე ნახეთ კობახიძე: 2003 წლის რევოლუციამ მოიტანა დემოკრატიული უკუსვლა, ქვეყნის 20%-ის დაკარგვა

შაბათს, 11 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირაკლი კობახიძის ლექცია საგანში „საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართალი“ გადაიდო. ამ დღეს სტუდენტები ლექტორის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვას გეგმავდნენ ე.წ. აგენტების კანონპროექტის მხარდაჭერის გამო.

ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძემ თსუ-ში ლექცია გადადო - სტუდენტების განცხადებით, პროტესტი იგეგმებოდა

უფრო ადრე, 2 მარტს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ბოიკოტს უცხადებდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ დეპუტატს, ლექტორ ნიკოლოზ სამხარაძეს - მიზეზი მისი მხრიდან „რუსული კანონის“ მხარდაჭერა იყო.

ასევე ნახეთ სტუდენტები ბოიკოტს უცხადებენ დეპუტატ ლექტორ ნიკოლოზ სამხარაძეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ამოქმედების შემთხვევაში, უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას დაავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა.

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის“ წევრების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს 7-9 მარტს საქართველოში, ძირითადად, თბილისში მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რომელშიც სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ. საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის, პილპილის აეროზოლის, ცრემლმდენი აირისა და სხვა საშუალებების გამოყენებით არაერთი დემონსტრაცია დაშალეს. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ წყდებოდა. შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ 9 მარტს გამოაცხადა, რომ კანონპროექტს გაიწვევდა. 10 მარტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი „ჩააგდო“. მის ალტერნატივად დარეგისტრირებული პროექტი კი პარლამენტიდან გაიხმო.