თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს შეტყობინება, რომ პროფესორ ირაკლი კობახიძის ლექცია საგანში „საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართალი“, რომელიც შაბათს, 11 მარტს, 10:00 საათზე იყო დანიშნული, გადაიდო.
თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ლექციის გადადება ლექტორმა [ირაკლი კობახიძემ] მოითხოვა, იურიდიულმა ფაკულტეტმა კი სტუდენტებს შესაბამისი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. პრესსამსახურისთვის უცნობია ლექციის გადადების მიზეზი.
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტმა მამუკა ჩხეიძემ, რომელსაც ეს საგანი გავლილი აქვს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პარლამენტში პირველი მოსმენით მხარდაჭერის გამო, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართ პროტესტის გამოხატვა იგეგმებოდა. „ოღონდ მდუმარე პროტესტი იქნებოდა, - დააზუსტა მან და განმარტა, - დავხვდებოდით აუდიტორიაში, მოვიდოდა, ვაჩვენებდით პლაკატებს და საკუთარ წიგნს, რომლებსაც იქვე აუდიტორიაში უხმოდ დავუტოვებდით და წამოვიდოდით ყოველგვარი აგრესიის გარეშე“.
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა ანა ჩითინაშვილმა, რომელსაც ეს საგანი, მართალია, სხვა ლექტორთან აქვს გავლილი, დაგვიდასტურა, რომ ირაკლი კობახიძის მიმართ მშვიდობიანი ფორმით პროტესტის გამოხატვაში მონაწილეობას აპირებდა, თუმცა ლექცია გადაიდო. „პროტესტი იქნებოდა სრულიად მშვიდობიანი“, - გვითხრა ანამ.
ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებულ საკითხზე მამუკა ჩხეიძემ „ფეისბუკზე" პოსტიც გამოაქვეყნა.
„თსუ-ში ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებს განრიგის მიხედვით შაბათს 10:00 საათზე.
სტუდენტები, რომლებისთვისაც მიუღებელია მის მიერ სალექციო კურსის წაკითხვა და მისი მოღალატეობრივი საქმიანობა, ვაპირებდით მისვლას და მშვიდობიან პროტესტს. რაც გულისხმობდა შემდეგს - აუდიტორიაში მივიტანდით პლაკატებსა და მისსავე წიგნებს, რასაც ვაჩვენებდით და დავუტოვებდით ყოველგვარი ხმაურისა და ძალადობის გარეშე.
ცოტა ხნის წინ, მის სალექციო ჯგუფში რეგისტრირებულ სტუდენტებს მიუვიდათ შეტყობინება, რომ ლექცია არ ჩატარდება.
ესაა იმ „კაცის“ სახე, რომელიც ვერ ბედავს სტუდენტებთან თამამად გამოჩენას. საერთოდ ყოველთვის დაცვით დადის, აუდიტორიის წინ მუდმივად დგას დაცვის ორი თანამშრომელი, თითქოს მას ვინმე ემუქრებოდეს. ახლა კი ლექციის ჩატარებასაც ვერ ბედავს, რადგან კარგად იცის, რომ სწორედ ის Gen Z დახვდება ადგილზე, რომელიც ლამის სასიკვდილოდ გაიმეტა ორი ღამის განმავლობაში.
ეგ Gen Z დაგამთავრებთ!“ - დაწერა სტუდენტმა
„ქართული ოცნების“ პრესცენტრს ვკითხეთ, რა გახდა ირაკლი კობახიძის მიერ ლექციის გადადების მიზეზი, რაზეც გვიპასუხეს, რომ საქმის კურსში არ არიან.
2 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა განაცხადა, რომ ბოიკოტს უცხადებდნენ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ დეპუტატს, ლექტორ ნიკოლოზ სამხარაძეს - მიზეზი მისი მხრიდან „რუსული კანონის“ მხარდაჭერა იყო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ამოქმედების შემთხვევაში, უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას დაავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.
პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტისა და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა „რუსულ კანონსა“ და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს „რუსული კანონის“ და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის“ წევრების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს 7-9 მარტს საქართველოში, ძირითადად, თბილისში მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რომელშიც სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ. საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის, პილპილის აეროზოლის, ცრემლმდენი აირისა და სხვა საშუალებების გამოყენებით არაერთი დემონსტრაცია დაშალეს. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ წყდებოდა. შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ 9 მარტს გამოაცხადა, რომ კანონპროექტს გაიწვევდა. 10 მარტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი „ჩააგდო“. მის ალტერნატივად დარეგისტრირებული პროექტი კი პარლამენტიდან გაიხმო.