აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება ევროკავშირში მისწრაფებებთან შეუსაბამო იქნება - ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ტვიტერზე წერს, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება საქართველოს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებასთან, ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუსაბამო იქნება.

"ევროკავშირის პოზიცია "გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით იგივე რჩება: "კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება... საქართველოს ევროკავშირში... მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან". ამას გეუბნებით როგორც მეგობარი", - წერს ფიშერი.

ევროპელი დიპლომატები გმობენ "უცხოური გავლენის აგენტების" რეგისტრაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს, რომელთა ინიციირებაც პარლამენტში "ხალხის ძალის" დეპუტატების ავტორობით მოხდა.

ასევე ნახეთ „შეუთავსებელია ევროკავშირისკენ სწრაფვასთან“ - ევროპელები "გავლენის აგენტებზე" პროექტს დამაზიანებლად მიიჩნევენ
ასევე ნახეთ რა არის იმ კანონის ნამდვილი მიზანი, რომელიც საქართველოს არ სჭირდება? - დეგნანი "აგენტების" კანონპროექტზე
ასევე ნახეთ შეუთავსებელია ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან - ჰერჩინსკი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან გააძევა ათამდე დეპუტატი, სხდომის დაწყებიდან პირველივე საათში ორი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და ოპონენტები არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა.

პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთ. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.

ასევე ნახეთ პარლამენტთან აქციაზე რუსეთის დროშა დაწვეს