Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის იმ კანონის ნამდვილი მიზანი, რომელიც საქართველოს არ სჭირდება? - დეგნანი "აგენტების" კანონპროექტზე


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის აგენტებზე" და თქვა, რომ მთავარი კითხვაა, "რა არის მისი რეალური მიზანი", როდესაც ის საქართველოს არ სჭირდება. ამის შესახებ ელჩმა რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის გახსნის ცერემონიალზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"რა არის საქართველოს ინტერესებში? აქ მნიშვნელობა არ აქვს ვერსიებს. სჭირდება კი საქართველოს ეს კანონი, რომელიც პირდაპირ საფრთხის ქვეშ დააყენებს ევროატლანტიკურ მომავალს? გაერომ, აშშ-მა, ევროკავშირმა, საქართველოს სხვა მეგობარმა ქვეყნებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს და შეაჩეროს ამ კანონპროექტის განხილვა. ეს პროექტი საფრთხეში ჩააყენებს იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობას, რომელთა ძალისხმევა მიმართულია საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებაზე...

ჩემი კითხვაა, რატომ? რა არის ნამდვილი მიზანი და რა არის ნამდვილი განზრახვა იმ კანონის, რომელიც საქართველოს არ სჭირდება და რომელიც საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს", - თქვა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა

ჟურნალისტების კითხვა ასევე ეხებოდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერზე, ნედ პრაისზე. კობახიძის თქმით, "ნედ პრაისს მოატყუებინეს", "ხალხის ძალის" კანონპროექტი რუსული არ არის.

"რა არის სათქმელი, როცა ადამიანები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ სხვებს. აქ მთავარი საკითხია, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, უფრო ძლიერი, მრავალფეროვანი ეკონომიკის და უსაფრთხოების მხარდაჭერას".

ელჩმა დეგნანმა ასევე ისაუბრა რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის გახსნის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ყველა ქართველს ახსოვს და არ ავიწყდება, რომ საქართველოს ოკუპაცია, რუსეთის აგრესია გრძელდება:

"მწერლები იყვნენ და არიან ნამდვილი გმირები, საქართველოს უნიკალური იდენტობის, თვითმყოფადობისა და კულტურის დამცველები. ოთარ ჭილაძის ციტატას მოვიყვან, მან თქვა: "ჩვენი უდიდესი დანაშაული თავისუფლებისკენ სწრაფვა იყო და სხვა არაფერი, ყველაზე რთულ დროსაც კი ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თვითგამორკვევის, თვითდამკვიდრებისა და თვითშემეცნების გზა".

ეს ჩემთვის გამოხატავს სიმამაცეს, გაბედულობას ქართველი ხალხისა, რომელმაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული აჩვენა, მათ უნიკალურ იდენტობასა და კულტურას. ქართველი მწერლები არის შეხსენება იმისა, როგორ ცდილობდა რუსეთი უნიკალური იდენტობის, კულტურის წართმევას, ენის, მისი ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფას".

მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატების ჯგუფმა, "ხალხის ძალამ", "უცხოურ აგენტებზე" კანონპროექტის იდეა რამდენიმე თვის წინ გააჟღერა. მისი პარლამენტში რეგისტრაციის მოახლოებისას, ინიციატივას მალევე საჯაროდ დაუჭირეს მხარი "ქართული ოცნების" ლიდერებმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

კანონპროექტის პირველი ვერსიის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა.

"ხალხის ძალის" განცხადებით, მათ "ქართულ ოცნებასთან" ერთად გადაწყვიტეს, რომ კანონპროექტის ორივე ვერსიას ვენეციის კომისიას შეაფასებინებენ და ივნისის ბოლომდე ერთ-ერთ მათგანს დაამტკიცებენ, თუმცა ვენეციის კომისიაში გაგზავნამდე, კანონპროექტები პირველი მოსმენით მიღებული ექნებათ.

XS
SM
MD
LG