პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, დარბაზიდან გააძევეს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი. მანდატურის სამსახურმა სხდომიდან გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის - ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე პარლამენტის წევრები სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.
"დღეს ამ პარლამენტში ფორმდება საქართველოს გასაბჭოება. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამას ასრულებს გადასარევად. ანრი ოხანაშვილი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ამ სიმშვიდეში, ჩვენი გამოძევებით, მიიღებს კანონს, რომელიც საქართველოს არათუ დემოკრატიას, დამოუკიდებლობას ასამარებს.
დღეს ამ პოლიციურ გარემოში, სადაც წარმოუდგენელი რაოდენობის სპეცსამსახურების თანამშრომლები დგანან, ისინი იღებენ რუსულ კანონს, რომლითაც ჩვენ მომავალს გვართმევენ.
ჩვენ ვიცავდით პროცედურებს, პატიოსნად ვსაუბრობდი იმაზე, რომ კანონი არის ცუდი, გამითიშეს მიკროფონი და მითხრეს, გაგაძევებთო", - თქვა დეპუტატმა თამარ კორძაიამ დარბაზიდან გაყვანის შემდეგ.
სხდომა ხმაურისა და პერიოდულად ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კოლეგების პროტესტისა და შეძახილების გამო რამდენჯერმე გამოაცხადა ტექნიკური შესვენება.
შეფერხებებით მუშაობს ლაივსიგნალი - დარბაზში ხმაურის გაძლიერებისას სიგნალი ითიშება ან ხმა ქრება. გაძლიერებული დაცვის ზომებია მიღებული თავად შენობაშიც - იურიდიულ საკითხთა კომიტეტისკენ მიმავალი დერეფანი გადაკეტილია. ჟურნალისტებს დარბაზში შესვლის საშუალება არ ეძლევათ. ასევე ნახეთ "მომხსენებელი იტყუება, ეს არის რუსული კანონი" - იურიდიულ კომიტეტში "აგენტების" კანონპროექტების განხილვა ვერ იწყებაპარლამენტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვის პარალელურად აქცია იმართება პარლამენტის შენობასთან.
ასევე ნახეთ "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტების წინააღმდეგ პარლამენტთან აქცია მიმდინარეობსე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.