საქართველოს პენცენტრი განცხადებაში, რომელსაც ამ ეტაპზე 52 ადამიანი აწერს ხელს, გმობს მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
საქმე ეხება ეროვნულ გალერეაში მხატვრის საპროტესტო ნამუშევარს.
„პენცენტრისთვის ასევე კატეგორიულად მიუღებელია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მხრიდან ამ საკითხზე გავრცელებული სამარცხვინო განცხადება, ამ საკითხზე გავრცელებული სამარცხვინო განცხადება, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მხატვრის მისამართით გატარებული ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა", - წერია განცხადებაში.
მასზე ხელის მომწერი პირები თვლიან, რომ „ეს ქმედება შეუთავსებელია საქართველოს, როგორც ევროპული სახელმწიფოს ფასეულობებთან და ღირებულებებთან, ასევე წინააღმდეგობაშია ქვეყნის კონსტიტუციასთან“.
განცხადებაზე ხელის მომწერები მოითხოვენ შეწყდეს ნებისმიერი სახის სამართალწარმოება, როგორც სისხლის სამართლებრივი, ასევე ადმინისტრაციული და „მომავალშიც, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე კულტურის სამინისტრომ და მათდამი დაქვემდებარებულმა უწყებებმა, იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით განმტკიცებული შემოქმედებითი თავისუფლების დაცვის უმაღლესი სტანდარტებით“.
საქართველოს პენცენტრი, ამავე განცხადებაში მოითხოვს, რომ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „დაუყოვნებლივ დატოვოს დაკავებული თანამდებობა.“
საქართველოში პენცენტრი მოქმედებს 1991 წლიდან. საერთაშორისო პენცენტრი შეიქმნა 1921 წელს და არის ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელიც იცავს გამოხატვის თავისუფლებას.
ასევე ნახეთ „კანონდარღვევა არ ყოფილა“: ხელოვანები სანდრო სულაბერიძის საქმის კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვენ