Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანის თქმით, პაოლო იაშვილისთვის შემოქმედების წართმევა სურდათ


კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი

კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გამოცემული წიგნის, „ელენე დარიანის დღიურები - ტექსტი და ავტორი“, პრეზენტაცია გაიმართა. ის ეძღვნება პაოლო იაშვილის დაბადებიდან 130 წლისთავს და მისი შემოქმედების დაცვას.

პრეზენტაციის შემდეგ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ „2021-2022 წლებში ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ზოგიერთი წარმომადგენლის თაოსნობით, გადაწყვიტეს შეებღალათ პაოლოს, კომუნისტური რეჟიმის მიერ განადგურებული ამ სიცოცხლის, ამ დიდი ქართველის შემოქმედება. შეებღალათ იმით, რომ წაერთმიათ პაოლოსთვის მისი შემოქმედება და მიეწერათ ვინმე ელენე ბაქრაძისათვის“.

წულუკიანმა განაცხადა, რომ მათ ეს წარმატება ვერ მოიპოვეს და მცდელობა კრახით დასრულდა. „ეს სამარცხვინო პლაგიატის ფაქტი სამინისტრომ აღკვეთა და დღეს უკვე პროფესიონალი ლიტერატურის მცოდნეების, პროფესიონალი ფილოლოგების გუნდის მიერ გამოიცა კრებული, სადაც არის ყველა არგუმენტირებული მასალა, რომელიც წლების მანძილზე იდებოდა, მუშავდებოდა და ადასტურებს, რომ დარიანული სერია ეკუთვნის არა ვინმე სხვას, არამედ პაოლოს. ამით მივაგეთ ჩვენ მას მორიგჯერ პატივი", - თქვა კულტურის მინისტრმა.

„ელენე დარიანის დღიურები - ტექსტი და ავტორი“
„ელენე დარიანის დღიურები - ტექსტი და ავტორი“

თეა წულუკიანს მხედველობაში ჰქონდა 2021 წლის ბოლოს ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ინიციატივით გამოცემული წიგნი „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“. გარდა იმისა, რომ, მინისტრის აზრით, გამოცემა წარმოადგენს პაოლო იაშვილის შემოქმედების პლაგიატს, სამინისტრო უკმაყოფილო იყო იმით, რომ მასში შეცდომით მოხვდა ანა კალანდაძის ორი ლექსი, რის შესახებაც თავად ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა ლაშა ბაქრაძემ გაავრცელა ცნობა.

„ელენე ბაქრაძე (დარიანი)" - ქართული ლიტერატურის მუზეუმის გამომცემლობა
„ელენე ბაქრაძე (დარიანი)" - ქართული ლიტერატურის მუზეუმის გამომცემლობა

სამინისტრომ განცხადებაში მუზეუმს შეცდომისკენ მიუთითა და ამ საკითხის ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელთან, ლაშა ბაქრაძესთან, "სერიოზულად განხილვის" შესახებ განაცხადა. 2022 წლის 17 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში კულტურის სამინისტრომ დაწერა, რომ 2021 წლის 31 დეკემბრიდან მათ არაერთმა „სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ" მიმართა ამ წიგნისა და მასში დაშვებული შეცდომის შესახებ.

ლაშა ბაქრაძის განცხადებით კი წიგნის, „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“, მუზეუმში დარჩენილი ტირაჟი სამინისტროს გადაეცა.

კულტურის სამინისტროს განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში მინისტრის, თეა წულუკიანის, გადაყენების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.

XS
SM
MD
LG