გიორგი ბურჯანაძის თქმით, სააკაშვილის წერილს კონსილიუმის ექიმებთან ერთად განიხილავენ

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან წერილის მიღებას ადასტურებს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, იმის გამო, რომ კონსილიუმის წევრი ექიმები არ არიან სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა შეხვედრის ორგანიზება.

„ორი დღის წინ მოვიდა ინფორმაცია [მიხეილ სააკაშვილის მხრიდან] და ის მივაწოდეთ კონსილიუმის ექიმებს. ისინი ჩვენი თანამშრომლები არ არიან და მათ ჩვენ ვთხოვეთ, რომ დაგვეხმარონ. რადგან სამედიცინო საკითხებია, კონსილიუმის ექიმებმა უნდა იმსჯელონ და გადაწყვეტილება მიიღონ", - გვითხრა მან. როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, შეხვედრაზე შეიძლება, ვიზიტის გადაწყვეტილებაც მიიღონ. მისი თქმით, ტექნიკურად, ვიზიტები არის კარგი საშუალება გადასამოწმებლად.

გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გვარამაძე აგრძელებს კონსილიუმის მხარდაჭერას, მისი მიზანია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეში მოხდეს ვითარების ობიექტურად წარმოჩენა და სახელმწიფო ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. „სამედიცინო ჯგუფის მიზანი იქნება ობიექტური სურათის იდენტიფიცირება", - თქვა ბურჯანაძემ.

სახალხო დამცველის მოადგილემ დაამატა, რომ შესაძლოა, სამედიცინო საჭიროება არ მოითხოვდეს მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტს, კონსილიუმის წევრები მასთან დეკემბერში იმყოფებოდნენ.

ასევე ნახეთ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, სააკაშვილს აღენიშნება კახექსიის მეოთხე დონე

გიორგი ბურჯანაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის საავადმყოფოში, აქცევენ ყურადღებას, ის სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა მოინახულა და სამედიცინო პერსონალი გამოჰკითხა. სააკაშვილს, როდესაც კორონა დაუდასტურდა, როგორც ბურჯანაძე ამბობს, მის მკურნალ ექიმს უკავშირდებოდნენ სახალხო დამცველის აპარატიდან.

სახალხო დამცველის მოადგილე სააკაშვილის გამო რაიმე სახის პოლიტიკურ ზეწოლას გამორიცხავს, როგორც გარე აქტორების მხრიდან, ასევე, სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან.

„მე ვარ გიორგი ბურჯანაძე, ვიყავი ნინო ლომჯარიას მოადგილე, პენიტენციურ მიმართულებას ვკურირებ. ჩვენი ერთადერთი მიზანი არის პატიმართა უფლებების დაცვა. ვაგრძელებთ კონსილიუმის საქმიანობის მხარდაჭერას“, - გვითხრა მან.

ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს კონსილიუმის გაგზავნას სთხოვს

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს სამედიცინო კონსილიუმის გაგზავნა სთხოვა.

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.