სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ექიმებმა საზოგადოებას გააცნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ დასკვნა. როგორც ნინო ლომჯარიამ თქვა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მიიღეს დასკვნის გასაჯაროების გადაწყვეტილება. ჯგუფის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი 4 დეკემბერს გამოიკვლიეს.
ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიად, რასაც, ექიმთა შეფასებით, სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს. სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს უცხოეთში მკურნალობის გაგრძელებას.
„წინა გასინჯვასთან შედარებით, რომელიც აპრილში ჩავატარეთ, პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. შევაფასეთ, როგორც მძიმე. გამოიხატება წონის კლებაში, პაციენტის კოგნიტიური ფუნქციების გაუარესებაში, არის პოლინევროპათია, გამოიხატა ასევე კუნთების განლევა, საერთო სისუსტე, პაციენტი ვერ დგება დახმარების გარეშე, საუბარში, კონტაქტში შემოსვლა უჭირს. შეფასდა მისი კონგნიტური სფერო და ისიც დაქვეითებულია, აქვს ცხელება. ყველაფერმა ამან მოგვცა უფლება, გვესაუბრა ისეთ მძიმე გართულებაზე ანორექსიისა, რომელიც არის კახექსია. პაციენტი აცხადებს, რომ არ შიმშილობს და, შესაბამისად, მას აქვს გულისრევა და ვერ იღებს საკვებს. ამის ფონზე განვითარდა ეს მძიმე გართულება, კახექსია, რომელიც არის ინფლამატორული პროცესის საბოლოო გართულება, რომლის დროსაც ხდება ნივთიერებათა ცვლის კიდევ უფრო აჩქარება. ჰიპერკატაბოლიზმი ჰქვია ამას. მდგომარეობის მკვეთრი დამძიმება არის მოსალოდნელი. ეს შეიძლება, შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიით, რომელსაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიჩნევთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი მკურნალობდა სხვადასხვა კლინიკაში, უკეთდებოდა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები, ინსტრუმენტული კვლევები და მკურნალობა, მისი მდგომარეობა მაინც სწრაფად გაუარესდა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. მიგვაჩნია, რომ ძირეული გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული ამ ეტაპზე", - თქვა თენგიზ წულაძემ.
ნევროლოგს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა მოარიდონ ამჟამინდელ გარემოს და გადაიყვანონ უცხოეთის მრავალპროფილურ კლინიკაში სამკურნალოდ. „ვფიქრობ, უნდა იქნეს ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომ პაციენტი ჩვენი ქვეყნიდან უნდა იქნას გაყვანილი და სხვაგან უნდა იმკურნალოს, სხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, რომელსაც ამის შესაძლებლობა აქვს, როგორც დიაგნოზისა, ასევე, შესაბამისი გამოცდილება აქვს. უნდა გითხრათ, რომ ჩვენი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ, არ იფიქროთ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, ისინი აკლებენ რაიმეს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ასეთი პაციენტის მართვის გამოცდილება დიდი არ აქვს", - აღნიშნა ნევროლოგმა.
შეკითხვაზე, რა განსხვავებაა, როდესაც პაციენტი ვერ იღებს საკვებს და არ იღებს საკვებს, მან თქვა:
„ვერ იღებს საკვებს" - ამას ჰქვია ანორექსია და სხვა გასტროენტეროლოგიური პრობლემები, ფსიქოლოგიური პრობლემები. ხოლო, როდესაც პაციენტი არ იღებს საკვებს წინასწარ განზრახვით, ამას ჰქვია შიმშილობა, სუიციდური ქცევა. მე ვფიქრობ, რომ ვერ იღებს ის საკვებს. ჩემი გასინჯვით, არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის შიმშილობს ან სუიციდური ქცევა აქვს", - განმარტა მან.
კლინიკა „ვივამედის" პასუხისმგებლობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე კი თენგიზ წულაძემ უპასუხა: „თუ პაციენტი წინასწარი განზრახვით არ იღებს საკვებს, მას ჰქვია სუიციდური ქცევა ან შიმშილობა. ეს საკითხები, ერთიც და მეორეც, ისტორიაში უნდა ეწეროს. ასეთი საკითხები ჩვენ ისტორიაში ვერ ვნახეთ".
ექიმი ასევე აცხადებს, რომ კლინიკას არ გამოუტანია კახექსიის დიაგნოზი. „ჩვენ დავიწყეთ ამაზე საუბარი. კლინიკური დიაგნოზია და გულისხმობს კრიტერიუმებით მიდგომას. ის გულისხმობს კუნთების განლევას, სისუსტეს, ანორექსიას, წონაში კლებას, ინფლამატორული ანუ ანთებადი მარკერებით მომატებას, იგულისხმება ცხელება და ანემია. შესაბამისად, შეიძლება იქნას ეს დიაგნოზი გამოტანილი, ჩვენი აზრით", - განმარტა წულაძემ.
ნევროლოგის შეფასებით, სააკაშვილს შეცვლილი აქვს ნევროლოგიური სტატუსი. „მნიშვნელოვნად წამოვიდა ავტონომიური დისფუნქცია, ავტონომიური არასტაბილობა, რაც წნევის მერყეობით გამოიხატება. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში არის 140, როდესაც წამოდგება, არის 90", - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, წულაძის განმარტებით, კახექსიის მეოთხე დონე გულისხმობს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს რამდენიმე თვე, თუ ასე გაგრძელდა პაციენტის წონის კლება. თუ არ გაგრძელდა ან გაუმჯობესდა - არა.
"ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას თქვა, რომ კლინიკა ყველაფერს აკეთებს შესაძლებლობების ფარგლებში პაციენტისთვის, თუმცა სათანადო შედეგისთვის "პაციენტს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა". ზურაბ ჩხაიძემ დაადასტურა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის წონის კლება, თუმცა თქვა, რომ ეს გამოწვეულია დიდწილად იმით, რომ ექსპრეზიდენტი "არ იკვებება".
კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.
1 დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძეს დაეწერა. სასამართლო პროცესი ამ საქმეზე 9 დეკემბერს დაინიშნა.
3 დეკემბერს ცნობილი გახდა ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის შინაარსი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 2022 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული ამ დოკუმენტის თანახმად, სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, მის ორგანიზმში ვერცხლისწყლის და დარიშხანის კვალია აღმოჩენილი. დასკვნაში წერია, რომ ამ ნივთიერებების ეს დოზები ორგანიზმში სამედიცინო მკურნალობის შედეგად ვერ მოხვდებოდა.