პოლონეთი მზად არის სამკურნალოდ მიიღოს საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი და ევროკავშირში ხელმოწერებს აგროვებს საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართვის მიზნით. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ წერს პოლონეთის რადიოზე დაყრდნობით.
არსებული ინფორმაციით, პოლონეთის მიერ ინიციირებული წერილი საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაეგზავნოს ევროკავშირის სამიტის წინ. სამიტი 9-10 თებერვალს ბრიუსელში გაიმართება.
პოლონეთის რადიოს ცნობით, მიმართვაში ნათქვამია, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი მოკვდება, ეს ჩრდილს მიაყენებს საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან, აშშ-სა და ნატოსთან. აღნიშნულია ისიც, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე სამკურნალოდ ყოფნის პერიოდში სააკაშვილი არ იქნება დაკავებული პოლიტიკური ან საზოგადოებრივი საქმიანობით.
ასევე ნახეთ "არ დაკმაყოფილდეს" - ვინ რა თქვა სააკაშვილის სასჯელის გადავადების დასკვნით, მე-12 სხდომაზე6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს უარის შემდეგ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქციები დაიწყო.
ასევე ნახეთ ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი მივიღე - სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.