პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან" ინტერვიუში შეაფასა საკუთარი მმართველობა. როგორც მან თქვა, ნანობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის გამო იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა.
„2004 წელს საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო, სადაც ინსტიტუტები არ ფუნქციონირებდა. მაგრამ ჩემი პრეზიდენტობის დროს მთლიანი შიდა პროდუქტი ოთხჯერ გაიზარდა, კორუფცია თითქმის მთლიანად გაქრა და ჩვენ დავიწყეთ ევროინტეგრაცია. რა თქმა უნდა, იყო სამწუხარო ინციდენტებიც, როგორიცაა ბანკირ სანდრო გირგვლიანის შემთხვევა, და რომელიც მიკერძოებულად შუქდებოდა. რეტროსპექტივაში, ვნანობ, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან არ გავათავისუფლე”, - თქვა სააკაშვილმა.
ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელის მოხდის შემდეგ, „მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გირგვლიანის საქმის გამო უნდა გადამდგარიყო.
„მე ვთვლი, რომ მე უნდა ვყოფილიყავი უფრო მტკიცე და უნდა მიმეღო თამამი გადაწყვეტილება თავის დროზე. როგორც მინიმუმ, უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადავმდგარიყავი... მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი იხილებოდა, მათ შორის ჩემ მიერაც. ეს საკითხი იხილებოდა. ის [სააკაშვილი] იხილავდა და რამდენიმე ადამიანი, პოლიტიკური ხელმძღვანელობა. სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ ეს საკითხი გადაწყდა, როგორც გადაწყდა", - თქვა ვანო მერაბიშვილმა 2020 წლის აპრილში.
გირგვლიანის საქმე
2018 წლის 5 იანვარს, საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, დაუსწრებლად 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას გულისხმობს.
გამოძიების მიხედვით, 2006 წლის 27 იანვარს, თბილისში, კაფე შარდენ ბარში თამარ მერაბიშვილს (სალაყაია), დავით ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, გურამ დონაძეს და სხვებს, სანდრო გირგვლიანთან და მის მეგობარ ლევან ბუხაიძესთან მოუხდათ შელაპარაკება. შურისძიების მიზნით, დავით ახალაიას დავალებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე და ასევე, დავით ახალაიას დავალებით, უმოწყალოდ სცემეს და აწამეს. ამ საქმეზე, 2006 წელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები გასამართლდნენ. ისინი სასჯელაღსრულების N10 დაწესებულებაში, კომფორტულ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ სასჯელის მოხდის პერიოდში, საპატიმრო დაწესებულებას ტოვებდნენ ყოველგვარი დოკუმენტაციის და ნებართვის გარეშე. 2008 წელს ისინი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წინასწარი შეთანხმებით შეიწყალა.
ამ საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა. ის დღეს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების საქმეს განიხილავს.
ასევე ნახეთ მომჩივანი, ბრალდებული, მსჯავრდებული - სააკაშვილის ყველა საქმე ერთადმიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს. მას დაუსწრებლად მისჯილი ჰქონდა პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო. ექსპრეზიდენტს სხვა საქმეებზეც აქვს ბრალდება წარდგენილი, მათ შორის არის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა.
დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.
თითქმის ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.
პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ ამერიკელ იურისტებთან ერთად მუშაობენ სიაზე, რომელსაც შემდეგ "მაგნიტსკის აქტის" ავტორს, ბილ ბრაუდერს, გადაუგზავნიან. ამ სიაში შევლენ ისინი, ვინც პატიმრობის დროს აფერხებდა ექსპრეზიდენტის მკურნალობას და შეიძლება ჩართული იყოს მის სავარაუდო მოწამვლასა და წამებაში.