Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი ჩამოსვლის დამგეგმავები რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ


საქართველოს ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. 22 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. 22 დეკემბერი, 2022 წელი

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მისმა წინამორბედმა დმიტრი მედვედევმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა მხოლოდ მისი ფიზიკურად განადგურების, არამედ საქართველოში დაკავებისა და გასამართლების ბრძანება გასცეს.

სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნება სურდა, მაგრამ ამისთვის ცუდი დრო იყო. მისი თქმით, ადამიანები, რომლებმაც მისი ჩამოსვლა დაგეგმეს, შესაძლოა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

„რუსეთის გარდა მსოფლიოში სხვა არც ერთმა ქვეყანამ არ აღიარა ჩემ წინააღმდეგ ბრალდებები ან განაჩენები. საქართველოში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ დრო იყო ცუდი - ასე ახლოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებამდე. გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ...

სიმართლე გითხრათ, ჩემი დაბადების ქვეყანა დიდი ხანია, რაც პუტინის ფარული მოკავშირე გახდა”, - თქვა ექსპრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ ცოცხალი გადარჩება, ის საკუთარ მომავალს მხოლოდ უკრაინაში ხედავს.

„ამ ქვეყნის ისტორიაში როლი უკვე ვითამაშე და წარმოუდგენლად გამიმართლა, რომ ზელენსკისთან მუშაობის საშუალება მქონდა, რომელსაც თავისუფალი სამყაროს ლიდერად ვხედავ. საპირისპიროდ, ძალიან საცოდაობაა იმის ყურება, როგორ იქცევა საქართველო კრემლის საიდუმლო მოკავშირედ ამ ომში”, - თქვა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს. მას დაუსწრებლად მისჯილი ჰქონდა პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო. ექსპრეზიდენტს სხვა საქმეებზეც აქვს ბრალდება წარდგენილი, მათ შორის არის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

გამოძიების ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.

ამ საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გია ლორთქიფანიძეს.

პროკურატურის ვერსიით, ლორთქიფანიძისთვის ცნობილი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გეგმავდა და მისი დახმარების მიზნით შეიმუშავა გეგმა - თუ რა დროს, რა საშუალებით, რა მარშრუტით და რა ხერხით უნდა მომხდარიყო მსჯავრდებულ მიხელ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

თითქმის ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ ამერიკელ იურისტებთან ერთად მუშაობენ სიაზე, რომელსაც შემდეგ "მაგნიტსკის აქტის" ავტორს, ბილ ბრაუდერს, გადაუგზავნიან. ამ სიაში შევლენ ისინი, ვინც პატიმრობის დროს აფერხებდა ექსპრეზიდენტის მკურნალობას და შეიძლება ჩართული იყოს მის სავარაუდო მოწამვლასა და წამებაში.

XS
SM
MD
LG