პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მის საქართველოში შემოყვანის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის, გიორგი ლორთქიფანიძისთვის ბრალის წარდგენა რუსეთის დაკვეთა ჰგონია. ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი მისი ხელისუფლების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის ბრალეულობაზე პროკურატურის განცხადებას.
"გიორგი ლორთქიფანიძე არამხოლოდ საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა, არამედ უკრაინაში, ყველაზე დიდი ოლქის, ოდესის, ჩემი გუბერნატორობის დროს, იყო ოლქის პოლიციის პირველი უფროსი ისტორიაში, რომელიც ქრთამს არ იღებდა...
მას აქვს არაერთი ძალიან წარმატებული ოპერაცია საქართველოშიც და უკრაინაშიც, რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგ და ითვლება რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ... პირდაპირ რუსულ დაკვეთად მიმაჩნია და სრულ ლუსტრაციას ახდენს ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობის..." - აცხადებს სააკაშვილი, რომლის განცხადებაც ფეისბუკზე გამოქვეყნდა.
გიორგი ლორთქიფანიძე საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაირკვა, რომ მას სისხლის სამართლის კოდექსის 25-344-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ამ მუხლებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარებისთვის დგება.
"გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ გიორგი ლორთქიფანიძისთვის ცნობილი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გეგმავდა და მისი დახმარების მიზნით შეიმუშავა და დაგეგმა - თუ რა დროს, რა საშუალებით, რა მარშრუტით და რა ხერხით უნდა მომხდარიყო მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა", - აღნიშნა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ 10 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.
გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.