ვერ გეტყვით, რა ჩვენება მისცა შვილმა - კახეთის პოლიციის უფროსი საგარეჯოში მომხდარ დანაშაულზე

საგარეჯო, შემთხვევის ადგილი

საგარეჯოში მომხდარ დანაშაულზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება. კახეთში პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კალანდაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოძიებას ჩვენება მისცა დამნაშავის შვილმა.

კახეთის პოლიციის უფროსმა თქვა, რომ „ყველაფერს გაეცემა პასუხი“, თუმცა აღნიშნა, რომ ვერ იტყვის, „როგორ ითანამშრომლა და რა ჩვენება მისცა გამოძიებას“ ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, ნოდარ ათუაშვილის შვილმა.

"ოჯახის წევრების ჩვენებების შესახებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეუბნებით", - უთხრა კახეთში პოლიციის უფროსმა ჟურნალისტებს.

ასევე ნახეთ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება საგარეჯოში, 5 ადამიანის მკვლელობის ადგილზე

წუხელ, დაახლოებით 00:00 საათზე, საგარეჯოში, "ჯეო ჰოსპიტალსთან", სროლის ხმა ისმოდა. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით გაირკვა, საცხოვრებელი სახლის აივნიდან ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილი ისროდა. სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის შემთხვევის ადგილზე მისული ერთი პოლიციელი და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 პირი. ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ასევე ნახეთ ისმოდა შემაძრწუნებელი კივილი - თვითმხილველი იხსენებს, რა მოხდა საგარეჯოში წუხელ