საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მოწმე თამარ ოთარაშვილი იმავე კორპუსში ცხოვრობს, საიდანაც დამნაშავე იარაღიდან ისროდა. ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს, როგორ ვითარდებოდა წუხელ მოვლენები მისი კორპუსის ეზოში.
"პირველი სროლა გავიგე 12-ს რომ 20 აკლდა. ყურადღება არ მიმიქცევია - მეგონა, რომ საახალწლო რაღაც იყო. სადღაც 5 წუთში ავტომატის ჯერის ხმა ისევ გამეორდა... მიმართულება სწორად ვერ დავაფიქსირე, მაგრამ მგონია, რომ იყო მაღაზიის მხრიდან. ხმაური ხშირად არის ხოლმე, "კალონკაა" აქ, ბიჭები ხშირად კამათობენ ხოლმე.
გადავიხედე და მივხვდი, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა, ისმოდა ქალის შემაძრწუნებელი კივილი, იყო ბიჭების ყვირილიც. ვიფიქრე, რომ მაღაზიაზე იყო თავდასხმა და გამოიძახეს პოლიცია...
[მაღაზიის] მფლობელმა პოლიცია გამოიძახა, მანქანიდან გადმოსვლის მომენტში [დამნაშავემ] ამ ბიჭს ესროლა... [ამ დროს] ისმოდა სხვა ბიჭის ყვირილი: "ჩქარა, სწრაფად, თანამშრომელი მოგვიკლეს", - ამბობს თამარ ოთარაშვილი.
თვითმხილველის თქმით, მეზობლები ერთმანეთთან ტელეფონით არკვევდნენ, რა ხდებოდა ეზოში.
"00:16 საათზე მეზობლებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ ეზოში გადამეხედა, მაგრამ თავი არ გადამეწია - კორპუსის აქეთა მხარემ ეს საშინელება, რაც ხდებოდა, უკვე შეიტყო. გადმოვიხედე და დავინახე სამი გვამი...
მეგონა, რომ პოლიციამ დახოცა, მეგონა სპეცოპერაცია იყო და ბავშვები შეეწინააღმდეგნენ. როგორ ვიფიქრებდი, რომ ვიღაცა მოკვდავმა აიღო ავტომატი და ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვები დახოცა... გავიგე, ვინ იყვნენ ესენი, ყველას ვუკავშირდებოდით ღამით", - ამბობს თვითმხილველი.
თამარ ოთარაშვილი ამ ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სადარბაზოს ბოლო სართულზე ცხოვრობს. მისი თქმით, სპეცრაზმელებმა სახურავზე ასასვლელად დახმარება სწორედ მას სთხოვეს.
"სპეცრაზმი მოვიდა, ყველა სადარბაზოებთან და ავტოსადგომების სახურავზე დადგნენ. კარზე დამიკაკუნეს, მეშინოდა და არ ვუღებდი - მითხრეს, რომ სპეცრაზმელი იყო... ყველანაირად ხელი შევუწყვე, რომ თავიანთი დავალება შეესრულებინათ - სინათლე ავუნთე და სახურავზე ავუშვი. კორპუსის სახურავზე ასასვლელი მხოლოდ ჩემი სადარბაზოდან არის, კიბე უნდა მიიდგას... ამ დროს ისმოდა განსხვავებული იარაღის ხმა, კორპუსს სხვანაირი რყევა ჰქონდა და [სპეცრაზმელმა] რაციაში თქვა: "თავი აიფეთქა", - იხსენებს ის.
წუხელ, დაახლოებით 00:00 საათზე, საგარეჯოში, "ჯეო ჰოსპიტალსთან", სროლის ხმა ისმოდა. სროლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად კლინიკის თანამშრომელმა გაავრცელა. ის აღნიშნავდა, რომ იყო მსხვერპლი და ექიმები სროლის გამო ვერ ახერხებდნენ დაჭრილების დახმარებას.
გამოძიების ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ თავდაპირველად საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაიღუპა 4 ადამიანი, ასევე დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ პოლიციის თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი დაიღუპა.
მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიას უთხრა, რომ თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.