საგარეჯოში დაჭრილი 24 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა უცვლელია

საგარეჯო, შემთხვევის ადგილი

წუხელ საგარეჯოში სროლის შედეგად მძიმედ დაჭრილი 24 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ისევ მძიმეა. როგორც საგარეჯოს კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსის" დირექტორმა მამუკა ოთიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ამ ეტაპისთვის დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია.

ასევე ნახეთ საგარეჯოში აივნიდან კაცმა რამდენიმე ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელი

"უმძიმესი ცეცხლნასროლი, გამჭოლი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, სისხლის დანაკარგი ძალიან დიდი იყო - არტერიის და ვენის დაზიანება იყო, რაც აღდგა... ამ ეტაპზე რჩება კრიტიკული მდგომარეობა, რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას", - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა ოთიაშვილმა.

ასევე ნახეთ საგარეჯოში სროლის შედეგად დაშავებულია მინიმუმ 5 ადამიანი

ექიმის ინფორმაციით, კლინიკაში 20 იანვარს, ღამით, სროლის შედეგად დაჭრილი 6 ადამიანი შეიყვანეს. მათგან ერთი, პოლიციელი, გარდაცვლილი იყო, მსუბუქად დაშავებული ერთი პაციენტი სპეციფიკური დაზიანების გამო თბილისში გადაიყვანეს, სამი ადამიანის დაზიანებები კი სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის. მათგან ერთი პაციენტი უკვე გაწერეს.

ასევე ნახეთ საგარეჯოში დაღუპული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია

წუხელ, დაახლოებით 00:00 საათზე, საგარეჯოში, "ჯეო ჰოსპიტალსთან", სროლის ხმა ისმოდა. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით გაირკვა, საცხოვრებელი სახლის აივნიდან ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილი ისროდა. სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის შემთხვევის ადგილზე მისული ერთი პოლიციელი და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 პირი. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ასევე ნახეთ ისმოდა შემაძრწუნებელი კივილი - თვითმხილველი იხსენებს, რა მოხდა საგარეჯოში წუხელ