საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი ხუთი ადამიანი "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში შეიყვანეს. რადიო თავისუფლებას კლინიკის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ერთის მდგომარეობა მძიმეა.
"ერთი ქალი, რომლის მდგომარეობაც არ იყო მძიმე, გადაყვანილია თბილისში, სჭირდებოდა სპეციფიკური დახმარება თვალზე მიღებული დაზიანების გამო. ერთ მძიმე პაციენტს უტარდება ოპერაცია, დანარჩენების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ, ქვედა კიდურებზე აქვთ დაზიანება, მათ კვლევები უტარდებათ", - აცხადებენ კლინიკაში.
საგარეჯოში, კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი კორპუსიდან სროლის ხმა დაახლოებით ორი საათის წინ ისმოდა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მოკლულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელია.
"პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.
ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა", - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეჯოში, "ჯეო ჰოსპიტალსთან" სროლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად კლინიკის თანამშრომელმა გაავრცელა. ის აღნიშნავდა, რომ იყო მსხვერპლი და ექიმები სროლის გამო ვერ ახერხებდნენ დაჭრილების დახმარებას.