მელია ამბობს, რომ მასთან დაკავშირებული აუდიოჩანაწერის გავრცელება მერაბიშვილის დაგეგმილია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ მასთან დაკავშირებული აუდიოჩანაწერის გავრცელება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა.

„დიახაც, მე მაქვს არათუ გონივრული ეჭვი, ვარაუდიც არა, ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი. მან ჩათვალა, რომ ამ აუდიოჩანაწერების გავრცელებას შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე. მეტიც, მეტიც, ახლა ვფიქრობ, რასაც ვერ ვფიქრობდი არჩევნების დასაწყისში, - განაცხადა მელიამ „TV პირველის" ეთერში და დაამატა, - ალბათ ამ ბატონს [მერაბიშვილს] ეგულებოდა ჩანაწერი და ჰქონდა იმედი: „რა კანდიდატითაც მე მელიას არ უნდა დავუპირისპირდე, თუნდაც მართალი იყოს, თუნდაც არა, მე იქ რაღაც ჯოკერი მაქვს, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ამას გავავრცელებინებ ვიღაცას..." ვფიქრობ, რომ ამ ჩანაწერის ეიმედებოდათ, სინამდვილეში პირიქით მოხდა, ფეხში პოლიტიკური გასროლა განახორციელეს და ძალიან დიდი სხვაობით წააგებენ ამ არჩევნებს".

9 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერის ფრაგმენტი, რომელშიც, დიდი ალბათობით, ისმის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, ხმა - ის, სავარაუდოდ, საუბრობს პარტიის დამფუძნებელზე, მიხეილ სააკაშვილზე. ამის შთაბეჭდილებას ქმნის აუდიოჩანაწერის შინაარსი.

ასევე ნახეთ რა ვიცით "ნიკა მელიას ჩანაწერზე", რომელიც 9 იანვარს გავრცელდა

"ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ პარტიის თავმჯდომარის შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება.

პარტიის წევრები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით აირჩევენ.

ენმ-ის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე გიორგი ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

ასევე ნახეთ მელიას თქმით, მერაბიშვილი და კეზერაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობენ
ასევე ნახეთ ენმ-ის არჩევნები ბლოკჩეინით - როგორ ხდება რეგისტრაცია, შემოწმება, კენჭისყრა