კორონავირუსის ერთ-ერთი ბოლო ქვევარიანტი, რომელიც მსოფლიოში უსწრაფესად ვრცელდება, "ომიკრონ XBB.1.5."-ა. ზოგი მას „კრაკენით“ (Kraken)- ლეგენდარული გიგანტური ზღვის ურჩხულის სახელით მოიხსენიებს. ბოლო ინფორმაციით, ამ ქვეშტამის ყველაზე მეტი შემთხვევა, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა.
XBB.1.5, კორონავირუსის სხვა ქვეშტამების მსგავსად, მუტაციის შედეგად წარმოქმნილი ქვევარიანტია და მას დღეს უწოდებენ „ომიკრონის ყველაზე გადამდებ ვარიანტს“.
სიფრთხილესაც ეს იწვევს - მისი გავრცელების სისწრაფე.
„რაც უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება ვირუსით, მით მეტია მუტაციის და ახალი ვარიანტის გაჩენის ალბათობა“, - ამბობს SharpCare Medical Group-ის ექიმი, დოქტორი ნიკოლ ტრემეინი.
გავიცნოთ „კრაკენი“
ის პირველად 2022 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს, აშშ-ში.
მისი სიმპტომები ომიკრონის წინა შტამების სიმპტომებს ჰგავს - უფრო გაციებას, ვიდრე გრიპს. ახასიათებს ყელის ტკივილი, სურდო, ცხელება.
ინფექციონისტები აცხადებენ, რომ საპანიკო ჯერ არაფერია: „ზღვის ურჩხული“ კი უწოდეს, მაგრამ ამ „მითოლოგიური მეტსახელის“ მინიჭება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ვარიანტი უფრო საშიშია.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ ცნობით, ჯერ არც იმის მტკიცებულება არსებობს, რომ ამ ვარიანტის მუტაციები უფრო მძიმე ინფექციებს გამოიწვევს. თუმცა „კრაკენის“ გამოჩენამ კიდევ უფრო გაააქტიურა ახალი ვაქცინების შექმნის საკითხი.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ომიკრონ XBB.1.5 შემაშფოთებლად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ის დააკმაყოფილებს ამ სამ ნიშანს:
- იქნება სწრაფად და იოლად გადამდები;
- გამოიწვევს უფრო მძიმე დაავადებას;
- იქნება რეზისტენტული ვაქცინების მიმართ.
ჩხაიძის თქმით, „კრაკენს“ ჯერ მხოლოდ პირველი ახასიათებს და ის კორონავირუსის დღემდე არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე იოლად და სწრაფად გადამდები ვირუსია, მაგრამ არა მძიმედ მიმდინარე დაავადების გამომწვევი. ჯერჯერობით, მუშაობს ვაქცინებიც.
კალიფორნიის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების სპეციალისტი პიტერ ჩინ-ჰონგი, კითხვაზე - უნდა ინერვიულონ თუ არა ადამიანებმა XBB.1.5-ზე, პასუხობს:
„სამყარო დაყოფილია ადამიანების ორ ჯგუფად: ვინც გამოცადა კოვიდი, გაიკეთა ვაქცინა და „ბუსტერი“ და ადამიანებად, ვინც კარგად არ იცნობს კორონავირუსს - აი, ამ მეორე ჯგუფს აქვს შფოთვის საფუძველი“.
უკვე რამდენ ქვეყანაში გავრცელდა XBB.1.5?
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ ინფორმაციით, XBB.1.5 გავრცელდა მინიმუმ 38 ქვეყანაში, მათ შორისაა აშშ, კანადა, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ევროპის ქვეყნები. ჩინეთი, სამწლიანი მკაცრი შემზღუდველი ზომების შემდეგ, კორონავირუსის პირველ მასიურ აფეთქებას ებრძვის.
საქართველომდეც მოვიდა „კრაკენი“?
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯერჯერობით ამ ქვევარიანტის ქვეყანაში არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
თუმცა ინფექციონისტები მოელიან, რომ „კრაკენი“ საქართველოშიც მალე გამოჩნდება.
„ჯანმო“ რას ამბობს?
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ ამბობს, რომ მსოფლიო ვერ დახუჭავს თვალებს და მას არ უნდა ჰქონდეს იმედია, რომ ვირუსი უცებ გაქრება - ეს ასე არ მოხდება.
სწორედ ამიტომ მიიჩნევს ის მაინც საყურადღებოდ XBB.1.5-ს გამოჩენას.
WHO-ს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის თებერვლიდან მსოფლიოში ყოველკვირეულად დაღუპულთა რიცხვი თითქმის 90%-ით შემცირდა, მაგრამ სექტემბრის შუა რიცხვებიდან, ყოველკვირა, ვირუსით მაინც კვდებოდა 10-დან 14 ათასამდე ადამიანი. გასულ კვირას, მაგალითად, ვირუსმა 11 500 ადამიანი იმსხვერპლა (მათ შორის, 40% ამერიკაში, 30% ევროპაში, 30% დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში).
ჩინეთის მთავრობის ბოლო განცხადებით, გასულ თვეში ქვეყანაში კორონავირუსს სულ ცოტა, 60 000 ადამიანი ემსხვერპლა.
გარდაცვლილთა უმეტესობა რომელიმე რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფის წევრია, მათ შორიც, მოხუცები.
ვაქცინა იმუშავებს?
მეცნიერების განცხადებით, ე.წ. ბივალენტური ვაქცინა იმუშავებს. ის დაიცავს ამ ქვეშტამით დაინფიცირებულ ადამიანებს დაავადების გამწვავებისგან. და ისევ და ისევ, დაცვის მთავარი ატრიბუტი ნიღაბია.
ახალი შეზღუდვები ხომ არ დაწესდება?
„კრაკენის“ მზარდი რიცხვის გამო "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" განაახლა "Covid 19"-თან დაკავშირებული რეკომენდაციები, მაგალითად, ნიღბის ტარება ხალხმრავალ, დახურულ ან ცუდად განიავებულ სივრცეში. მათ შორის, თვითმფრინავში, ხანგრძლივი მგზავრობისას. თუმცა, ჯერჯერობით ეს რეკომენდაცია სავალდებულო არ გამხდარა.
ასევე ნახეთ ექნება თუ არა საქართველოს „ომიკრონზე“ მორგებული ბუსტერ-ვაქცინა? ასევე ნახეთ „სამი წელი ვემალე და ახლა შემხვდა“ - საქართველოში "ომიკრონის" ახალი ვარიანტი გამოჩნდა ასევე ნახეთ რუსეთში პირველად აღმოჩნდა კორონავირუსის ქვევარიანტი "კრაკენი"