Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სამი წელი ვემალე და ახლა შემხვდა“ - საქართველოში "ომიკრონის" ახალი ვარიანტი გამოჩნდა


საქართველოში კოვიდით ინფიცირებულთა რიცხვი იმატებს. გასულ სამშაბათს გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით, დღევანდელი, 28 ივნისის კოვიდ-სტატისტიკა აჩვენებს, რომ უკანასკნელ ერთ კვირაში, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია. გასულის კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1058 შემთხვევა აღირიცხა. გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელიც.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში მითითებულია, რომ ქვეყანაში ძირითადად COVID19-ის ბოლო შტამის, "ომიკრონის" BA.2 ქვე-ვარიანტი ტრიალებს, ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დადასტურებული შემთხვევების ნახევარი "ომიკრონის" ახალი ქვე-ვარიანტი BA.5-ია:

პაატა იმნაძე
პაატა იმნაძე

„BA.5 საკმაო ხანია ტრიალებს. ახლა, [შემთხვევების] სადღაც ნახევარი BA.5-ია უკვე BA.2-თან ერთად. სეკვენირება ყოველ კვირას კეთდება“, - მისწერა რადიო თავისუფლებას პაატა იმნაძემ.

ერთ-ერთი ინდიკატორი კოვიდის რიცხვის მატებისა, საქართველოში სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებიცაა:

„თითქმის სამი წელი ვემალე და ახლა შემხვდა“.

„ხუთი წუთია, რაც შემოვედი და უკვე ოთხი ფრენდის სტატუსი შემხვდა, კოვიდი მაქვსო. ისევ მოგვიბრუნდა?“

არ არის გამორიცხული, რომ უკანასკნელ კვირაში, საქართველოში COVID19-ის შემთხვევების მატება სწორედ "ომიკრონის" ბოლო ქვე-ვარიანტის, BA.5-ის გავრცელებას უკავშირდება. თან იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველომ კოვიდ-პანდემია, ფაქტობრივად, დასრულებულად გამოაცხადა და გააუქმა აბსოლუტურად ყველა შეზღუდვა თუ რეგულაცია, რომელიც კოვიდ-უსაფრთხოებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის იყო შემოღებული. უკანასკნელი გადაწყვეტილება კოვიდ-რეგულაციების საბოლოოდ გაუქმების შესახებ, 20 ივნისს გამოცხადდა - გაუქმდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენების აუცილებლობა.

რა შეუძლია BA.5-ს?

საერთაშორისო კვლევების თანახმად, რომელიც ივნისის მიწურულს გამოქვეყნდა, BA.5 გავრცელების კიდევ უფრო მარტივი უნარითა და ანტისხეულებისგან თავის დაღწევის კარგი შესაძლებლობით გამოირჩევა. კორონავირუსის ამ ქვე-ვარიანტისთვის არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ვაქცინირებული და „დაბუსტულია“ თუ მას უკვე გადატანილი აქვს COVID19, "ომიკრონის" ეს ქვე-ვარიანტი ორივე გზით გამომუშავებულ ანტისხეულებს წარმატებით არიდებს თავს.

მიუხედავად ამისა, მეცნიერები აცხადებენ, რომ ვაქცინაცია კვლავ მყარი გარანტიაა იმისთვის, რომ ინფიცირების შემთხვევაში, დაავადება მსუბუქად წარიმართება და დაბალი იქნება როგორც ჰოსპიტალიზაციის, ისე გარდაცვალების რისკი.

ამჯერად, კოვიდ-ვაქცინების მწარმოებლები მუშაობენ ისეთი ვაქცინის შექმნაზე, რომელიც გაცილებით მყარ იმუნიტეტს გამოიმუშავებს "ომიკრონის" ქვე-ვარიანტების წინააღმდეგ:

„გამოკვლევამ აჩვენა, რომ კოვიდ-ვაქცინებთან მიმართებით, BA.2-ისგან განსხვავებით, BA.5-ის შემთხვევაში, სამჯერ არის შემცირებული მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების ტიტრი და ეს იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდ-ვაქცინების ეფექტი "ომიკრონის" წინა ვარიანტების BA.1/BA.2-ის შემთხვევაშიც კი უკვე შემცირებული იყო“, - თქვა CNN-ისათვის მიცემულ კომენტარში, ბოსტონში, ვირუსოლოგიისა და ვაქცინის კვლევის ცენტრის დირექტორმა, დენ ბარუჩიმ.

მისივე თქმით, "ომიკრონის" BA.5 ვარიანტი მისი სწრაფად გავრცელების უნარით, დიდი ალბათობით კოვიდის ახალ ტალღებს გამოიწვევს იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელია და მოსახლეობის უმეტეს ნაწილს გადატანილი აქვს "ომიკრონის" BA.1 და BA.2 ქვე-ვარიანტები.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, აშშ-ში, კოვიდ-შემთხვევების 35% უკვე "ომიკრონის" ახალ ქვე-შტამზე მოდის. ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ მომდევნო კვირებში, BA.5 ვარიანტი დომინანტი გახდება როგორც ამერიკაში, ისე დიდ ბრიტანეთსა და დანარჩენი ევროპის ქვეყნებში.

სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგის გადამდებ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერების თანახმად, სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ BA.5 ჰოსპიტალიზაციის დაახლოებით ისეთივე მაჩვენებლით ხასიათდება, როგორც BA.2, თუმცა, ამ ქვე-შტამის შემთხვევაში, შემცირებულია სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

"ომიკრონის" ახალი ქვე-შტამი გაცილებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, ვიდრე COVID19-ის წინა, დელტა შტამი. თუმცა, ექიმები და მეცნიერები შიშობენ, რომ „ომიკრონის“ ახალი ტალღა და ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, შესაძლოა, ჯანდაცვის სექტორს კვლავ ტვირთად დააწვეს.

ვაქცინა - "ბივალენტური ბუსტერი" ომიკრონისთვის

იმის გამო, რომ დღეს არსებული კოვიდ-ვაქცინების ეფექტურობა „ომიკრონის“ და განსაკუთრებით „ომიკრონის“ უკანასკნელი ქვე-ვარიანტის წინააღმდეგ საკმაოდ შესუსტებულია, ვაქცინების მწარმოებლებმა უკვე დაიწყეს მუშაობა "ომიკრონზე" მორგებული ბუსტერ-ვაქცინის შექმნაზე.

22 ივნისს, ამერიკული წარმოების ვაქცინის, „მოდერნას“ ავტორებმა, გამოაქვეყნეს ცნობა, სადაც იტყობინებიან, რომ მათ მიერ შექმნილი „ბივალენტური ბუსტერის“ სამიზნე სწორედ „ომიკრონი“ იქნება. კომპანიის ინფორმაციით, მომდევნო კვირებში დასრულდება მუშაობა იმ აუცილებელ დოკუმენტაციაზე, რაც მათ უკვე შესაძლებლობას მისცემს განაახლონ "მოდერნას" ვაქცინა:

„SARS-CoV-2-ის ევოლუციის კვალდაკვალ, ძალიან გახარებულები ვართ, რომ ჩვენს მიერ შექმნილმა ბუსტერ კანდიდატმა BA.5-ის წინააღმდეგ მანეიტრალიზირებელი ტიტრის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გამოავლინა. ამ მონაცემებს დაუყოვნებლივ მივაწვდით მარეგულირებელ ორგანოებს და უკვე აგვისტოსთვის დავიწყებთ „ბივალენტური ბუსტერის“ წარმოებას, რადგან შემოდგომისთვის მოსალოდნელი ინფიცირების შემთხვევების მატებისთვის მზად ვიყოთ“, - განაცხადა სტეფან ბანსელმა, „მოდერნას“ აღმასრულებელმა ოფიცერმა.

ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) უახლოეს დღეებში განიხილავს COVID19-ის ვაქცინის ახალი ვარიანტის, „ბივალენტური ბუსტერის“ დამტკიცებისა და წარმოების საკითხს, რომლითაც უკვე შემოდგომიდან იქნება შესაძლებელი მოსახლეობის აცრა.

რას ვაკეთებთ საქართველოში იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ "ომიკრონის" მორიგი ტალღა?

შეიძლება ითქვას, რომ არაფერს.

ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

„გიდასტურებთ, რომ [შემთხვევების] ზრდის დინამიკა არის ბოლო ორი კვირაა, მაგრამ მძიმე შემთხვევები ნაკლებადაა“, - ასე გვიპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კითხვაზე, ხომ არ ველით საქართველოში კორონავირუსის მორიგ ტალღას?

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, ამ ეტაპზე, ვირუსისგან დაცვის ერთადერთ რეკომენდაციად ვაქცინაცია განიხილება: „რეკომენდაცია იგივეა, აცრა“, - ასე გვპასუხობს ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კითხვაზე, - ხომ არ ფიქრობთ, რომ მომატებული შემთხვევების ფონზე, კვლავ უნდა ამოქმედდეს კოვიდ-უსაფრთხოების რეკომენდაციები?

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში კოვიდ-უსაფრთხოების არცერთი რეგულაცია, მათ შორის, პირბადის გამოყენების აუცილებლობა დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში აღარ მოქმედებს.

უკიდურესად დაბალია ვაქცინაციის რიცხვიც. კვირის განმავლობაში ქვეყანაში მხოლოდ 2 ათასამდე დოზა ვაქცინა კეთდება.

უკანასკნელ ერთ კვირაში, საქართველოში კოვიდით გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან საქართველოში კორონავირუსს 16 839 ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG