Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექნება თუ არა საქართველოს „ომიკრონზე“ მორგებული ბუსტერ-ვაქცინა?


COVID19-ის ბოლო შტამის, „ომიკრონისა“ და მისი უკანასკნელი ქვე-ვარიანტების, BA.4/5-ის ელვისებურმა გავრცელებამ, დღის წესრიგში დააყენა კოვიდ-ვაქცინის განახლების აუცილებლობა, რადგან დღეს არსებული კოვიდ-ვაქცინები „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვეღარ აჩვენებენ ისეთ ეფექტს, როგორც ეს კოვიდის წინა შტამების შემთხვევაში იყო.

სწორედ ამიტომ, 28 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელმა, საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA), კოვიდ-ვაქცინების განახლებას დაუჭირა მხარი. მოდიფიცირებულმა ვაქცინამ ადამიანები სწრაფად გადამდები „ომიკრონის“ ქვე-ვარიანტებისგან უნდა დაიცვას. ვაქცინის მწარმოებლები აცხადებენ, რომ „განახლებული ბუსტერი“ შემოდგომისთვის იქნება მზად.

როგორც FDA-ის მიერ გამოქვეყნებულ 28 ივნისის განცხადებაში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედი კოვიდ-ვაქცინების ბუსტერ დოზებმა კოვიდ-პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკები შეამცირა, უკანასკნელი კვლევები ცხადყოფს, რომ დროთა განმავლობაში, ბუსტერ-დოზების ეფექტიანობა სულ უფრო იკლებს:

„იქიდან გამომდინარე, რომ შემოდგომა და ზამთარი ახლოვდება, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს უსაფრთხო და ეფექტიანი ბუსტერ-ვაქცინები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანების დაცვას დღეს ცირკულირებული COVID19-ის ვარიანტების გართულებებისგან. 28 ივნისს გამართული განხილვის შემდეგ, საკონსულტაციო კომიტეტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა SARS-COV-2-ის ვაქცინებში ომიკრონის კომპონენტის ჩართვას“.

FDA-ის განცხადების თანახმად, მოდიფიცირებული ბუსტერ-ვაქცინები აშშ-ში უკვე შემოდგომის შუიდან იქნება ხელმისაწვდომი.

ამერიკის მარეგულირებელმა კოვიდ-ვაქცინების მწარმოებლებს მოუწოდა გაააქტიურონ მუშაობა „ომიკრონის“ ქვე-ვარიანტებზე, BA.4/5-ზე მორგებული ვაქცინების მოდიფიცირებაზე.

საერთაშორისო კვლევების თანახმად, რომელიც ივნისის მიწურულს გამოქვეყნდა, BA.5 გავრცელების კიდევ უფრო მარტივი უნარითა და ანტისხეულებისგან თავის დაღწევის კარგი შესაძლებლობით გამოირჩევა. კორონავირუსის ამ ქვე-ვარიანტისთვის არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ვაქცინირებული და „დაბუსტულია“ თუ მას უკვე გადატანილი აქვს COVID19, "ომიკრონის" ეს ქვე-ვარიანტი ორივე გზით გამომუშავებულ ანტისხეულებს წარმატებით არიდებს თავს.

როგორც „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს, ვირუსოლოგებს მიაჩნიათ, რომ მოდიფიცირებული ვაქცინები, რომლებიც შემოდგომისთვის უნდა გახდეს ხელმისაწვდომი, უზრუნველყოფენ არა მხოლოდ ძლიერ იმუნურ დაცვას „ომიკრონის“ წინააღმდეგ, არამედ გამოიწვევენ სხვადასხვა ანტისხეულის აქტიურ პასუხსაც, რომლებიც ვაქცინირებულ ადამიანებს მომდევნო თვეებში აღმოცენებული სხვა ვირუსებისგანაც დაიცავენ.

„მოდერნას“ „ბივალენტური ბუსტერი“

22 ივნისს, ამერიკული წარმოების ვაქცინის, „მოდერნას“ ავტორებმა, გამოაქვეყნეს ცნობა, სადაც იტყობინებიან, რომ მათ მიერ შექმნილი „ბივალენტური ბუსტერის“ სამიზნე სწორედ „ომიკრონი“ იქნება:

„SARS-CoV-2-ის ევოლუციის კვალდაკვალ, ძალიან გახარებულები ვართ, რომ ჩვენს მიერ შექმნილმა ბუსტერ კანდიდატმა BA.5-ის წინააღმდეგ მანეიტრალიზირებელი ტიტრის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გამოავლინა. ამ მონაცემებს დაუყოვნებლივ მივაწვდით მარეგულირებელ ორგანოებს და უკვე აგვისტოსთვის დავიწყებთ „ბივალენტური ბუსტერის“ წარმოებას, რადგან შემოდგომისთვის მოსალოდნელი ინფიცირების შემთხვევების მატებისთვის მზად ვიყოთ“, - განაცხადა სტეფან ბანსელმა, „მოდერნას“ აღმასრულებელმა ოფიცერმა.

„ფაიზერის“ ომიკრონზე ადაპტირებული ბუსტერი

25 ივნისს გამოქვეყნებული ოფიციალური წერილის თანახმად, კოვიდ-ვაქცინების მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერი“ აცხადებს, რომ მათ მიერ ადაპტირებული მონოვალენტური და ბივალენტური ბუსტერ-დოზები, რომლებიც სწორედ „ომიკრონის“ ქვე-ვარიანტებზეა მორგებული, მაღალ იმუნურ პასუხს იძლევიან.

მათი განცხადებით, კვლევებმა, რომელშიც 56 წელს ზემოთ, 1234 ადამიანი იყო ჩართული, დადებითი შედეგი აჩვენა. „ფაიზერი“ იტყობინება, რომ ადრეულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოდიფიცირებული ვაქცინები ეფექტიანად ანეიტრალებს „ომიკრონის“ ქვე-ვარიანტებს BA.4/5-ს:

„ჩვენ პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან ვთქვით, რომ აუცილებლად ავუწყობდით ფეხს მეცნიერებას და საჭიროების შემთხვევაში, COVID19-ის ევოლუციასთან ერთად, ჩვენს მიდგომებსაც განვავითარებდით“, - აცხადებს ალბერტ ბურლა, კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელი:

„ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით, გვჯერა, რომ გვაქვს „ომიკრონისთვის“ მოდიფიცირებული ორი ძლიერი კანდიდატი-ვაქცინა, რომელიც აჩვენებს ყველაზე მაღალ იმუნურ პასუხს „ომიკრონის“ წინააღმდეგ, რაც აქამდე გვინახავს. ველით, რომ ამ მონაცემებს განვიხილავთ სამეცნიერო საზოგადოებასა და ჯანდაცვის სფეროს პირველ პირებს შორის, რათა მოგვეცეს საშუალება, რომ იმ შემთვევაში, თუკი ვაქცინები მარეგულირებლის მიერ იქნება დამტკიცებული, მისი წარმოება დროულად დავიწყოთ“.

„ფაიზერი“ ვარაუდობს, რომ ისინი ვაქცინის წარმოებას ოქტომბრისთვის უკვე შეძლებენ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, აშშ-ში, კოვიდ-შემთხვევების უმეტესობა უკვე "ომიკრონის" ახალ ქვე-შტამზე მოდის. ამერიკა აცხადებს, რომ იქ, სავარაუდოდ, უკვე დაწყებულია პანდემიის რიგით მეორე ყველაზე დიდი კოვიდ-ტალღა.

ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ მომდევნო კვირებში, BA.4/5 ვარიანტები დომინანტი გახდება როგორც ამერიკაში, ისე დიდ ბრიტანეთსა და დანარჩენი ევროპის ქვეყნებში.

"ომიკრონის" ახალი ქვე-შტამი გაცილებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, ვიდრე COVID19-ის წინა, დელტა შტამი. თუმცა, ექიმები და მეცნიერები შიშობენ, რომ „ომიკრონის“ ახალი ტალღა და ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, შესაძლოა, ჯანდაცვის სექტორს კვლავ ტვირთად დააწვეს.

“ომიკრონის” BA.4/5 ვარიანტი დომინირებს საქართველოშიც, რამაც შესაძლოა, ქვეყანა ახალი კოვიდ-ტალღის საფრთხის წინაშე დააყენოს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში აღარ მოქმედებს არანაირი კოვიდ-რეგულაცია, ვაქცინაციის პროცესი თითქმის შეწყდა და ქვეყანამ მართალია ირიბად, მაგრამ გაზაფხულის მიწურულს კოვიდ-პანდემია დასრულებულად გამოაცხადა.

ქვეყანაში ახალი კოვიდ-ტალღის ნიშნები უკვე არსებობს, რადგან ბოლო კვირების განმავლობაში, მნიშვნელოვნადაა მომატებული ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა. გასული სამშაბათის მონაცემებით დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს აღემატებოდა. მნიშვნელოვნადაა გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც. როგორც სხვადასხვა კლინიკის ექიმები რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მიუთითებენ, კოვიდ-განყოფილებები პაციენტებით გაივსო.

"ომიკრონის" ახალი ქვე-შტამი გაცილებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, ვიდრე COVID19-ის წინა, დელტა შტამი. თუმცა, ექიმები და მეცნიერები შიშობენ, რომ „ომიკრონის“ ახალი ტალღა და ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, შესაძლოა, ჯანდაცვის სექტორს კვლავ ტვირთად დააწვეს.

როდის ექნება საქართველოს „ომიკრონზე“ ადაპტირებული ვაქცინა?

დღეს საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ უხვადაა კოვიდ-ვაქცინები, რომლებსაც თითქმის აღარავინ იკეთებს.

ვაქცინაციის კამპანიაც, ისევე, როგორც კოვიდ-პანდემია, ქვეყანამ რამდენიმე თვის წინ დაასრულა. ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე, 11 ივლისის მონაცემებით, გამოტანილია ნახევარ მილიონ დოზაზე მეტი „ფაიზერი“, 200 ათას დოზაზე მეტი „სინოფარმი“ და 100 ათას დოზაზე მეტი „სინოვაკი“. აცრა შესაძლებელი როგორც წინასწარი რეგისტრაციით, ისე რეგისტრაციის გარეშე.

დღევანდელი პროტოკოლით, გარდა პირველი ბუსტერისა (ვაქცინის მესამე დოზა), 50 წელს ზემოთ და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ქვეყანაში დაშვებულია ბუსტერის მეორე დოზის გაკეთებაც.

მსოფლიო სტატისტიკის პორტალის, Ourworldindata-ს ივნისის მიწურულის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ ვაქცინით სრულად აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 32%.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 5 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 255 928 ადამიანს. 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საქართველოში მასშტაბით სულ ჩატარდა 1874 აცრა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებული კოვიდ-ვაქცინები „ომიკრონის“ წინააღმდეგ ნაკლებ ეფექტს ავლენენ, ექიმები აცხადებენ, რომ ვაქცინაცია და მასთან ერთად ბუსტერ-დოზები, კვლავ მყარი გარანტიაა იმისთვის, რომ ინფიცირების შემთხვევაში, დაავადება მსუბუქად წარიმართება და დაბალი იქნება როგორც ჰოსპიტალიზაციის, ისე გარდაცვალების რისკი.

გეგმავს თუ არა ხელისუფლება მოდიფიცირებული, „ომიკრონზე“ მორგებული ბუსტერ-დოზების შემოტანას ქვეყანაში მას შემდეგ, რაც ვაქცინები მკაცრი მარეგულირებლების მიერ ავტორიზაციას გაივლიან? დაწყებულია თუ არა ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებები? რადიო თავისუფლებამ ამ კითხვებით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე, მოდიფიცირებული ბუსტერ-დოზების საქართველოში შემოტანის საკითხზე, კომენტარი არ კეთდება.

კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების განახლებულ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 12 ივლისს გამოაქვეყნებს.

XS
SM
MD
LG