Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მოიმატა კოვიდით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა


საქართველოში კოვიდ-ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე მატულობს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კლინიკებში, კოვიდ-პაციენტთათვის განკუთვნილი საწოლები ბოლო რამდენიმე დღეა დაიტვირთა. აპირებს თუ არა ხელისუფლება ინფიცირების შესამცირებლად რაიმე ტიპის რეგულაციების კვლავ შემოღებას, ამ კითხვაზე პასუხი, ჯერჯერობით, არ არის. ყველა რეგულაცია, რომელიც ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების პრევენციის მიზნით არსებობდა, მათ შორის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის მოხმარების ვალდებულება, 20 ივნისიდან გაუქმდა.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ კლინიკაში 30 ივნისს გადაიყვანა. ანამ კოვიდ-პანდემიის 5-6 ტალღა ისე გადააგორა, რომ ინფიცირებას გადაურჩა, თუმცა, ბოლო ერთ კვირაში, „ომიკრონის“ ახალი ქვე-ვარიანტით გამოწვეულ, ჯერჯერობით, მცირე ტალღას, ვეღარ დაუსხლტა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების საფრთხიდან გამომდინარე, ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ანას მკურნალობა კლინიკაში უნდა გაეგრძელებინა.

პირველ ივლისს ანამ საავადმყოფოს პალატიდან ფოტო გამოაქვეყნა. პალატიდან, სადაც ის მარტო იწვა. ფოტოს კი მიაწერა:

„ეს ცარიელი პალატაა. გვერდითა პალატები ნელ -ნელა ივსება... იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი“.

კოვიდ-პალატა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, პირველი ივლისი
კოვიდ-პალატა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, პირველი ივლისი

მომდევნო დღეს ანამ კლინიკის პალატიდან კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა. ცარიელი საწოლები პაციენტებით გაივსო:

„ის 20-ადგილიანი, 40 მეტრიანი პალატა, სადაც მე და ერთი გოგო ვიყავით მარტო, გაივსო დღენახევარში. ექთნები დარბიან წინ და უკან“...

კოვიდ-პალატა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 2 ივლისი
კოვიდ-პალატა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 2 ივლისი

ანა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მის პალატაში ძირითადად შუა ასაკს გადაცილებული პაციენტები წვანან და მათ მდგომარეობას „მსუბუქს“ ვერ დაარქმევს.

რა ხდება სხვა კლინიკებში?

პაციენტების რაოდენობამ მოიმატა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც. ლევან რატიანი, კლინიკის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბოლო სამ დღეში კლინიკამ იმაზე მეტი კოვიდ-პაციენტი მიიღო, ვიდრე საწოლ-ფონდით იყო გათვალისწინებული. როგორც ის ამბობს, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ექვსი პაციენტის მდგომარეობა კი კრიტიკულია:

ლევან რატიანი
ლევან რატიანი

„ძალიან გაზრდილია მომართვიანობა. განსაკუთრებით ბოლო სამი დღეა. ძირითადად ორსულები და 60 წელს ზევით პაციენტები გვყავს. მცდარია მსჯელობა, რომ კოვიდის ახალი შტამი მსუბუქად მიმდინარეობს. უნდა გავიაზროთ, რომ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ნებისმიერმა ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება, რომ პაციენტის მდგომარეობა მიიყვანოს დამძიმებამდე. რეალობა ასეთია. ბოლო პერიოდში, შემიძლია გითხრათ, რომ კოვიდ-პაციენტების რაოდენობა, ფაქტობრივად, მინიმუმამდე იყო დასული, მაგრამ უკანასკნელი სამი დღეა, შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტების მომართვიანობამ ძალიან იმატა. ორჯერ იმაზე მეტი პაციენტი გვყავს, ვიდრე საწოლები გვქონდა გამოყოფილი. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში იკლო კოვიდ-პაციენტების რაოდენობამ და კლინიკა მუშაობის კვლავ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, კლინიკაში კოვიდ-განყოფილებისთვის დავიტოვეთ 15 საწოლი. დღეს უკვე გვყავს 30 პაციენტი. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ექვსი პაციენტი კი კრიტიკულია“.

კოვიდ-პაციენტების რაოდენობამ მოიმატა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრშიც. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აწვდის კლინიკის ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინე ენდელაძე:

მარინე ენდელაძე
მარინე ენდელაძე

„მომართვიანობამ ნამდვილად მოიმატა. დაახლოებით 7-10 დღეა, რაც პაციენტების მატება დაიწყო. მართალია, მძიმე პაციენტები არ გვყავს, მაგრამ ფაქტია, რომ მომართვიანობამ იმატა. ჯერჯერობით, საწოლების საკმარისი რაოდენობა გვაქვს, ძალიან გადავსებულები არ ვართ“.

ქვეყანაში რომ დღითიდღე იმატებს კოვიდ-ინფიცირების მაჩვენებელი, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძეც. მისი თქმით, შემთხვევების მატების კვალდაკვალ, შესაძლოა, კვლავ საჭირო გახდეს კოვიდ-ინფიცირების პრევენციისათვის აუცილებელი რეკომენდაციების შემოღება, თუნდაც, პირბადის მოხმარების ვალდებულება დახურულ სივრცეებში.

ივანე ჩხაიძის თქმით, ამ ეტაპზე, კოვიდ-ინფიცირების მაჩვენებელს ჯერ არ მიუღწევია იმ რიცხვებისთვის, რომ დღეს უკვე საჭირო გახდეს გარკვეული რეგულაციების ამოქმედება, თუმცა, თუკი მატების ეს ტემპი შენარჩუნდა, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს მოუწევს, გადახედოს კოვიდ-რეკომენდაციებს:

ივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე

„კორონავირუსის დროს გადაწყვეტილებების მიღება ეფუძნება ერთ მარტივ მაჩვენებელს - რამდენად აქტიურია ინფიცირების პროცესი. თუ ინფიცირების პროცესი იქნება აქტიური და შემთხვევების მატება გაგრძელდება, ვფიქრობ, ქვეყანას მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიღება და მაგალითად, პირბადეების ტარების ვალდებულების შემოღება. რაც შეეხება პირად გადაწყვეტილებას, უნდა ვატაროთ თუ არა პირბადე, ეს თავად მოქალაქის პასუხისმგებლობაა. ამას შეიძლება სოციალური პასუხისმგებლობაც დავარქვათ. განსაკუთრებით 50 წელს გადაცილებული მოსახლეობისათვის, ორსულებისათვის, მათთვის პირბადის ტარება ახლაც შეიძლება იყოს სარეკომენდაციო ხასიათის. მათ უნდა გაითვალისწინონ ის რისკები, რომლებიც ამ ასაკობრივ ჯგუფსა და ამ ჯანმრთელობის მდგომარეობის მოსახლეობას აქვს“.

რაც შეეხება თავად ვირუსის მიმდინარეობის სიმძიმეს, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ „ომიკრონის“ ახალი ქვე-შტამი BA.5, რომელიც საქართველოში ნელ-ნელა ანაცვლებს „ომიკრონის“ წინამორბედ ქვე-შტამებს, BA.1-სა და BA.2-ს, მართალია უფრო სწრაფი გავრცელებით ხასიათდება, თუმცა, მისი მიმდინარეობა არ არის მძიმე:

„არ არის გაზრდილი ლეტალობის მაჩვენებელი და ის კვირის განმავლობაში, სტაბილურად 0-2-ია. შესაბამისად, კორონავირუსის ამ მუტაციის მიმდინარეობა, რომელიც უფრო მეტი გადამდებლობით ხასიათდება, საბედნიეროდ არ ხასიათდება უფრო მეტი ლეტალობით“.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ რაკი კორონავირუსის ბოლო შტამი, „ომიკრონი“, ძირითადად, კლინიკურად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება და ის ფაქტობრივად, სხვა რესპირაციულ ინფექციებს ემსგავსება, პირბადე ნელ-ნელა აქტუალობას კარგავს. თუმცა, მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად, მძიმედ მიმდინარე შემთხვევებმაც მოიმატოს, რასაც რეგულაციების გამკაცრების თვალსაზრისით მყისიერი რეაგირება უნდა მოჰყვეს:

მაია ბუწაშვილი
მაია ბუწაშვილი

„ზაფხულის სეზონზე ძალიან ჭირს პირბადის მოხმარების აღსრულებაზე კონტროლი, ანუ ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებს ხოლმე, როგორც წესი და ჰიგიენის მძიმე დარღვევებით მიმდინარეობს. ამიტომ თუ აღსრულებაზე მონიტორინგი არ დაწესდა, აზრი არა აქვს იგივე სახით ამ რეგულაციის აღდგენას“.

საქართველოში უკვე დაშვებულია კოვიდ-ვაქცინის მეორე ბუსტერ-დოზა

კოვიდ-ინფიცირების პრევენციისათვის, რეკომენდაციებს შორის, უმთავრეს რეკომენდაციად კვლავ ვაქცინაცია და განსაკუთრებით კი ბუსტერ დოზა რჩება.

ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, გასულ კვირაში, მთავრობამ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველოში უკვე დაშვებულია ბუსტერის მეორე დოზის გაკეთებაც.

ბუსტერის მეორე დოზა შეუძლიათ გაიკეთონ მოქალაქეებმა 50 წელს ზევით და ასევე იმ პირებმა, რომელთაც აწუხებთ ქრონიკული დაავადებები. პროტოკოლის თანახმად, ბუსტერის მეორე დოზის გაკეთება შესაძლებელია ბუსტერის პირველი დოზის მიღებიდან ოთხი თვის შემდეგ:

„მე თავად ვარ ამის მაგალითი. დღეს გავიკეთე ბუსტერის მეორე დოზა. 50 წელს ზემოთ ადამიანებში, ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, მიუხედავად „ომიკრონის“ მსუბუქად მიმდინარეობისა, მაინც არსებობს რისკი, რომ მათი მდგომარეობა შესაძლოა, დამძიმდეს, ამიტომ, სახელმწიფომ მათთვის რამდენიმე დღის წინ უკვე დაუშვა მეორე ბუსტერ-დოზა“, - უთხრა ივანე ჩხაიძემ რადიო თავისუფლებას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეს საქართველოში უმეტესად „ომიკრონის“ BA.4 და BA.5 ქვე-ვარიანტი ცირკულირებს.

საერთაშორისო კვლევების თანახმად, რომელიც ივნისის მიწურულს გამოქვეყნდა, BA.5 გავრცელების კიდევ უფრო მარტივი უნარითა და ანტისხეულებისგან თავის დაღწევის კარგი შესაძლებლობით გამოირჩევა. კორონავირუსის ამ ქვე-ვარიანტისთვის არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ვაქცინირებული და „დაბუსტულია“ თუ მას უკვე გადატანილი აქვს COVID19, "ომიკრონის" ეს ქვე-ვარიანტი ორივე გზით გამომუშავებულ ანტისხეულებს წარმატებით არიდებს თავს.

მიუხედავად ამისა, მეცნიერები აცხადებენ, რომ ვაქცინაცია კვლავ მყარი გარანტიაა იმისთვის, რომ ინფიცირების შემთხვევაში, დაავადება მსუბუქად წარიმართება და დაბალი იქნება როგორც ჰოსპიტალიზაციის, ისე გარდაცვალების რისკი.

ამჯერად, კოვიდ-ვაქცინების მწარმოებლები მუშაობენ ისეთი ვაქცინის შექმნაზე, რომელიც გაცილებით მყარ იმუნიტეტს გამოიმუშავებს "ომიკრონის" ქვე-ვარიანტების წინააღმდეგ.

22 ივნისს, ამერიკული წარმოების ვაქცინის, „მოდერნას“ ავტორებმა, გამოაქვეყნეს ცნობა, სადაც იტყობინებიან, რომ მათ მიერ შექმნილი „ბივალენტური ბუსტერის“ სამიზნე სწორედ „ომიკრონი“ იქნება. ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) უახლოეს დღეებში განიხილავს COVID19-ის ვაქცინის ახალი ვარიანტის, „ბივალენტური ბუსტერის“ დამტკიცებისა და წარმოების საკითხს, რომლითაც უკვე შემოდგომიდან იქნება შესაძლებელი მოსახლეობის აცრა.

დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ "ომიკრონის" BA.5 ვარიანტი მისი სწრაფად გავრცელების უნარით, დიდი ალბათობით კოვიდის ახალ ტალღებს გამოიწვევს იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელია და მოსახლეობის უმეტეს ნაწილს გადატანილი აქვს "ომიკრონის" BA.1 და BA.2 ქვე-ვარიანტები.

ბოლო ორ კვირაში, საქართველოში გაორმაგებულია კოვიდით ინფიცირებულთა მაჩვენებელი. განახლებულ მონაცემებს უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 5 ივლისს გამოაქვეყნებს.

XS
SM
MD
LG