ატომური ენერგეტიკის სააგენტო უკრაინის ყველა ბირთვულ სადგურზე განათავსებს თავის მისიებს

ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის პირველი ენერგობლოკი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან მძიმე შეიარაღების გატანის შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია, მაგრამ მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინის ყველა ბირთვულ ელექტროსადგურზე ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მისიების განთავსების შესახებ.

ჯერჯერობით კონკრეტულად არაფერია გადაწყვეტილი, თქვა შმიგალმა მას მერე, რაც 13 დეკემბერს შეხვედრები გაიმართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორ რაფაელ გროსისთან, ზაპოროჟიეს ატომური სადგურის საკითხზე.

“რუსეთს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან ჯერ კიდევ რთული დამოკიდებულება აქვს“, - თქვა შმიგალმა უკრაინის ტელევიზიით და დასძინა, რომ „მოლაპარაკება მიმდინარეობს როგორც ფრანგულ მხარესთან, ასევე ატომურ სააგენტოსთან.“

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ჯგუფების მივლინება ბირთვულ სადგურებზე იმ მცდელობის ნაწილია, რომ თავიდან იქნეს აცილებული კატასტროფა საომარი მოქმედებების ზონებში.

ასევე ნახეთ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აღარ უშვებს უკრაინელი თანამშრომლების ნაწილს