Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აღარ უშვებს უკრაინელი თანამშრომლების ნაწილს


ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

რუსეთმა დაადასტურა უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელი თანამშრომლების ნაწილს აუკრძალეს სადგურის ტერიტორიაზე შესვლა.

რუსული კონცერნის „როსენერგოატომ“-ის გენერალური დირექტორის მრჩეველმა რენატ კარჩაამ სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ საშვები დაუბლოკეს მათ, ვინც უარს ამბობს ახალ დამსაქმებელთან, რუსეთის მიერ შექმნილ სააქციო საზოგადოებასთან მუშაობასა და შესაბამისი კონტრაქტების ხელმოწერაზე.

კარჩაას თანახმად, ახალ ხელშეკრულებას არ დათანხმდნენ „ერთეულები“, თუმცა, კონკრეტულად რამდენი, არ უთქვამს. „როსენერგოატომ“-ის წარმომადგენლის განცხადებით, მათ შორის არიან ისინი, ვინც „ახდენდა საბოტაჟს, ღიად მტრული გამონათქვამები ჰქონდა რუსეთის და მისი შეიარაღებული ძალების მისამართით და კოლექტივში ავრცელებდა დესტრუქციულ განწყობებს“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 28 ნოემბერს, საღამოს განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს იმ თანამშრომლებს, რომლებმაც რუსულ კომპანიასთან კონტრაქტებს ხელი არ მოაწერეს.

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულია 2022 წლის მარტიდან. სადგურზე დატოვეს უკრაინული პერსონალი, თუმცა, გენერალური დირექტორი და რამდენიმე სხვა ხელმძღვანელი კიევის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გააძევეს.

მას შემდეგ, რაც ოქტომბრის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ე.წ. საკონსტიტუციო კანონებს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ოთხი რეგიონის - ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის მიღების შესახებ, პუტინმა გამოსცა "ბრძანებაც" და რუსეთის მთავრობას დაავალა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ფედერალურ საკუთრებაში მიიღოს.

XS
SM
MD
LG