ნონა მამულაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატობას აპირებს 

ნონა მამულაშვილი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი

პარლამენტის ყოფილი წევრი ნონა მამულაშვილი, რომელმაც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და „ნაციონალური მოძრაობა" ნოემბერში დატოვა, ამავე პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატობას აპირებს. როგორც მამულაშვილის „ფეისბუკის" გვერდზე ვკითხულობთ, გენერალური მდივნობის კანდიდატი გიორგი ხვედელიანი იქნება (მან პარტია 2021 წლის შემოდგომაზე დატოვა).

მამულაშვილი და ხვედელიანი ერთობლივ განცხადებაში წერენ: „ორი წლის წინ, 2021 წლის 31 იანვარს, „ნაციონალურმა მოძრაობამ" განახლება გამოაცხადა და საზოგადოებას თორმეტი ახალი წევრი წარუდგინა.

მაშინ ჩვენც ამ განახლების ნაწილი გავხდით ერთადერთი მიზეზით - გვემოქმედა პარტიის გაჯანსაღებისთვის, შემდეგ კი ქვეყნის პროდასავლური განვითარებისთვის, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დაცული საქართველოსთვის. ცვლილებების სურვილისა და უკომპრომისო ბრძოლის მიუხედავად, დავინახეთ, რომ მძიმე სისტემური პრობლემების გამო, პარტიის გაჯანსაღება შეუძლებელი ხდებოდა. ამიტომ, სხვადასხვა დროს, თუმცა ერთი და იმავე მიზეზით, დავტოვეთ პარტია.

ქვეყანაში არსებულ უმძიმეს კრიზისს, ოლიგარქიულ მმართველობას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და დასავლური კურსიდან გადახვევას „ნაციონალური მოძრაობა" სუსტი და პოლიტიკისგან დაცლილი ებრძვის.

თუმცა, საბედნიეროდ, ჩნდება ცვლილების შესაძლებლობა და ეს შიდაპარტიული არჩევნებია!

სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერთვებით ამ არჩევნებში, რათა დავაბრუნოთ პოლიტიკა პარტიაში, გადავდგათ ყველა აუცილებელი ნაბიჯი ოლიგარქიული რეჟიმის შესაცვლელად, პარტიის დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის" ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობიდან დასახსნელად.

ჩვენ, ნონა მამულაშვილი - პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად და გიორგი ხვედელიანი - პარტიის გენერალური მდივნის კანდიდატად ვერთვებით „ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში, რათა თქვენთან ერთად განვაახლოთ 2021 წელს დაწყებული პარტიის განახლებისა და გაჯანსაღების პროცესი".

ასევე ნახეთ "ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების თარიღსა და ფორმატზე შეთანხმდნენ

"ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ პარტიის თავმჯდომარის შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება.

პარტიის წევრები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ე.წ. ბლოქჩეინ-სისტემით აირჩევენ. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პარტიის 69 წევრმა, 1-ის წინააღმდეგ.

ე.წ. ბლოქჩეინი ახალი პლატფორმაა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით მას უკვე არაერთი ქვეყანა, პოლიტიკური გაერთიანება თუ ორგანიზაცია იყენებს არჩევნებისთვის. სისტემა ისეა შექმნილი, რომ მონაცემების შეცვლა თითქმის შეუძლებელია და პრაქტიკულად გამორიცხულიც.

პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურების წარდგენის ვადა სამშაბათს, 13 დეკემბერს, ამოიწურება.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ამ ეტაპზე უკვე გამოთქვეს ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი მუმლაძემ.

ასევე ნახეთ ნონა მამულაშვილი პრემიერს: ჩემს ძმას არაფერი აკავშირებს „ნაციონალურ მოძრაობასთან"