თითქმის ოთხი წლისა და ორი თვის შემდეგ, დასასრულისკენ მიდის სასამართლო დავა 25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე - ამჯერად სააპელაციო სასამართლოში, სადაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის ყველა მხარემ გაასაჩივრა.
2019 წლის 27 ივნისს, მოსამართლე შორენა გუნცაძემ ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებული ავთანდილ კანდელაკიშვილი და გიორგი სოხაძე დამნაშავედ ცნო განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში, თუმცა მათ მოუხსნა მკვლელობის მოტივი - რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობა და ბრალდებულებს 15-15 წელი პატიმრობა მიუსაჯა.
საფაროვის დაცვის მხარე და მისი ოჯახი დარწმუნებულები არიან, რომ ვიტალი სწორედ ეთნიკურ ნიადაგზე მოკლეს და ბარ „ვარშავასთან“ ოთხი წლის წინ მომხდარი კონფლიქტის მიზეზიც ეს იყო.
2022 წლის რვა დეკემბერს მხარეები განაჩენის გამოცხადებას ელოდნენ, თუმცა მოსამართლე ვეფხია ლომიძემ ბოლო სხდომის თარიღად 18 იანვარი დანიშნა.
პროცესის დაწყებამდე სააპელაციო სასამართლოსთან სიმბოლური სოლიდარობის აქციაც გაიმართა, სადაც ისევ შეიკრიბნენ 2018 წლის 30 სექტემბერს, თბილისში, დიუმას ქუჩაზე მოკლული ვიტალი საფაროვის ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები.
„არა სიძულვილს“, „არა რასიზმს, „ვიტოსთვის“, - ეწერა მათ პლაკატებზე.
სააპელაციო სასამართლოში საფაროვის საქმის პროკურორიც და მისი ოჯახიც მოითხოვენ, რომ შეიცვალოს მოსამართლე შორენა გუნცაძის განაჩენი, მსჯავრდებულებს ბრალი დაუმძიმდეთ და ისინი მოსამართლემ ცნოს სწორედ ეთნიკურ ნიადაგზე ვიტალი საფაროვის მკვლელობაში დამნაშავეებად.
საფაროვის ინტერესებს სასამართლოში ახლა იცავს პროკურორი ლევან ვეფხვაძე, რომელმაც საქმის წინა პროკურორი, მიხეილ ჩხეიძე შეცვალა.
სასამართლო სწორედ მისი რეპლიკით გაიხსნა, სადაც მან უმეტესად მსჯავრდებულ გიორგი სოხაძეზე ისაუბრა და თქვა, რომ წინა სხდომებზე სოხაძის გამოსვლები ეწინააღმდეგება საქმეში გამოკვლეულ იმ მტკიცებულებებს, რაც მის ბრალეულობას ადასტურებს.
პროკურორი ლევან ვეფხვაძე: "ის ფაქტი, რომ გიორგი სოხაძე იყო ვიტალი საფაროვის ჯგუფურად მკვლელობის მონაწილე, დადასტურებულია ოთარ გელაშვილის, ნიკოლოზ შანავას, ირაკლი ბელთაძისა და ზურაბ მორჩილაძის ჩვენებებიდან. სწორედ შანავა ადებდა ხელს ორივე ბრალდებულს, რომ ერთმა დანა გადამალა (კანდელაკიშვილმა) და მეორემ (სოხაძემ) კასტეტი. ბარ „ვარშავის“ კამერების ვიდეოჩანაწერებში კარგად ჩანს გიორგი სოხაძე, სადაც მას ხელზე კასტეტი უკეთია. ვიტალის სხეულზე მინიმუმ შვიდი შემავალი ჭრილობა ჰქონდა, მაგრამ გარდა ამისა, სახის, კისრის, ზურგის არეშიც ჰქონდა უამრავი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება. ექსპერტმა დაადასტურა კიდეც, რომ ამდენი ჭრილობის მიყენება მხოლოდ დანით შეუძლებელი იქნებოდა... სიმართლე ერთია, გიორგი სოხაძე და ავთანდილ კანდელაკიშვილი აქტიურად მონაწილეობდნენ ვიტალი საფაროვის მკვლელობაში“.
ლევან ვეფხვაძემ თავის სიტყვაში ისიც თქვა, რომ ის მოსამართლე შორენა გუნცაძის გადაწყვეტილების ყველა ნაწილს ეთანხმება, გარდა ეთნიკური მოტივის მოხსნისა და მსჯავრდებულებისთვის სწორედ ამ ბრალის დამატებას მოითხოვს.
ერთ-ერთი მსჯავრდებულის, გიორგი სოხაძის ადვოკატები და თავად სოხაძე, რომელიც 8 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა, მოითხოვენ, რომ მას ბრალი პირიქით, შეუმსუბუქდეს და სოხაძემ მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აგოს პასუხი.
სოხაძის ადვოკატი მალხაზ სალაყაია: „კაცი, რომელიც თავად ეუბნებოდა კანდელაკიშვილს, წავალ პოლიციაში და ვიტყვი თქვენს ნამოქმედარს, მე არ ვარ ამ მკვლელობის მონაწილეო, ეს კაცი როგორ არის მონაწილე? ამდენი წელია მიდის ეს საქმე და თუ გინახავთ მის ჩვენებებში სადმე ფრაზა შეცვლილი? ეთნიკურ ნიადაგს საერთოდ გამოვრიცხავთ. მას არც სხვა უცხოელების მიმართ ჰქონია ოდესმე მსგავსი დამოკიდებულება და ვერც ვიტალის მიმართ ექნებოდა. უნდა გაუქმდეს მის მიმართ ეს განაჩენი და მიეცეს სხვა კვალიფიკაცია“.
გიორგი სოხაძე, წინა სასამართლო პროცესების მსგავსად, ამჯერადაც აქტიურობდა და მოსამართლის საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებას ცდილობდა.
ის, გარდა იმისა, რომ 8 დეკემბრის სასამართლო სხდომაზეც ამტკიცებდა, რომ ვიტალი საფაროვი არ შეუბოჭავს და არც მისი მკვლელობის თანამონაწილეა, ასევე დაინტერესდა, საქმის „ოქროს მოწმის“, ნიკოლოზ შანავას საქმითაც.
გიორგი სოხაძე: შანავას საქმე ხომ ცალკე იყო გამოყოფილი, ძიება მიდიოდა და როგორ მოხდა, რომ დატოვა საზღვარი? როგორ წავიდა უკრაინაში? შეეძლო საზღვრის დატოვება?
ადვოკატი მალხაზ სალაყაია: გარდაიცვალა, ცხონებული, უკრაინაში.
გიორგი სოხაძე: მესმის, მაგრამ მე მაქვს განცდა, რომ შანავას მამის დახმარებით, მე შემეწმინდა ხელი შანავას დანაშაულზე. როგორც ჩანს, ის აღარც ძიებაში იყო და აღარც სასამართლო მიდიოდა, კარგად ჩაფარცხეს ეგ საქმეც. მე კი პასუხი მაინტერესებს.
განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაპროტესტებული აქვს ავთანდილ კანდელაკიშვილის ადვოკატსაც, რომელიც ასევე აცხადებს, რომ კანდელაკიშვილი უდანაშაულოა.
ასევე ნახეთ საფაროვის საქმე სააპელაციო სასამართლოში: მხარეებს განაჩენის შეცვლა სურთთავად ავთანდილ კანდელაკიშვილი, რომელიც სასამართლოს დისტანციურად ესწრებოდა, ტრადიციულად დუმდა ან თავის ადვოკატს, ზურაბ ბეგიაშვილს ეთანხმებოდა.
ადვოკატი ზურაბ ბეგიაშვილი: „კიდევ ერთხელ ვიტყვი სამძიმარს. ვიტალის პიროვნებიდან გამომდინარე, ამ საქმეზე არც დამსახურებული გამოძიება ჩატარებულა და არც დამსახურებული განაჩენი გამოსულა პირველი ინსტანციის სასამართლოში. როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ვიტალი იყო უფლებადამცველი. მგონია, რომ მისთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა მისი სახელით სპეკულირება იმისთვის, რომ ცალკეული ადამიანებისთვის უსამართლოდ მოეცხოთ ჩირქი და გაემეტებინათ ისეთი უმძიმესი განაჩენისთვის, რომლისთვისაც დღეს კანდელაკიშვილი სასჯელს იხდის. პროკურორმა არაფერი თქვა ავთანდილ კანდელაკიშვილზე და ვერც იტყოდა, რადგან მის მიმართ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია და ეს არის თანამედროვე ქართული სამართლის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სუსტი საქმე“.
18 იანვრის სხდომაზე სააპელაციო სასამართლოში გიორგი სოხაძე ბოლო სიტყვას იტყვის. ავთანდილ კანდელაკიშვილმა თქვა, რომ ის ნათქვამს აღარაფერს დაამატებს. იმის მიხედვით კი, რას გადაწყვეტს მოსამართლე, დავა, შესაძლოა, უზენაეს სასამართლოშიც გაგრძელდეს.
ასევე ნახეთ იცი რატომ მომკლეს? - ვიტალი საფაროვი ასევე ნახეთ საფაროვის მკვლელობა: რას ამბობს მსჯავრდებულ სოხაძის დედა ერთწლიანი დუმილის შემდეგ? ასევე ნახეთ განაჩენი - 15 წელი #ვიტოსთვის