25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულებს 27 ივნისს სასამართლომ 15-15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მეთხუთმეტე სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე შორენა გუნცაძემ გამოაცხადა. მან დაადგინა, რომ ავთანდილ კანდელაკიშვილმა და გიორგი სოხაძემ ჩაიდინეს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად (სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის მეორე ნაწილის ე. ქვეპუნქტით)
თუმცა სასამართლომ ბრალდებიდან ამორიცხა 109 მუხლის მეორე ნაწილის დ. ქვეპუნქტი - ყველაზე სადაო - ბრალდებულთა დაცვისთვის და ყველაზე პრინციპული ვიტალის ოჯახის და სახელმწიფო ბრალდებისათვის - მკვლელობა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.
მოსამართლე შორენა გუნცაძემ, ბრალიდან ეროვნული შეუწყნარებლობის მოტივის გამორიცხვა ასე ახსნა:
„ეს უნდა იყოს ერთადერთი მოტივი. უნდა გამოირიცხოს, რომ ვიტალის ადგილას რომ ქართველი ყოფილიყო, სოხაძე და კანდელაკიშვილი იგივეს არ იზამდნენ“.
ეს მკვლელობის ის მოტივი იყო, რაშიც დარწმუნებულები იყვნენ როგორც ვიტალის ოჯახის წევრები, ისე მისი მეგობრები და თანამოაზრეები.
სასამართლომ განაცხადა, რომ ბარ „ვარშავასთან“კონფლიქტი დაიწყო ირაკლი ბელთაძემ, შემდეგ მასში ჩაერთო ოთარ გელაშვილი, რაც საბოლოოდ ნიკოლოზ შანავამ საქართველოს გინებად აღიქვა და სიტუაციაც დაიძაბა. და რომ სოხაძისთვის და კანდელაკიშვილისთვის ვიტალის ებრაელობა ცნობილი გახდა მხოლოდ შემდეგ. მოსამართლემ მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნია ისიც, რომ პირველი ფიზიკური დაპირისპირება შანავამ დაიწყო და არა სოხაძემ ან კანდელაკიშვილმა.
2018 წლის 30 სექტემბერს, დიუმას ქუჩაზე მოკლული 25 წლის ვიტალი საფაროვის საქმე უპრეცედენტო სწორედ 109 მუხლის მეორე ნაწილის დ. ქვეპუნქტის გამო იყო.
ბრალდება აცხადებდა, რომ საქართველოს, ქართველობის თემაზე, არა ვიტალის, არამედ მის ნაცნობ ირაკლი ბელთაძეს და გიორგი სოხაძის მეგობარ ნიკოლოზ შანავას შორის დაწყებული შელაპარაკება მას შემდეგ გადაიზარდა გარჩევაში და დასრულდა ვიტალის მკვლელობით, რაც საფაროვმა თქვა, რომ საქართველოს გამო ჩხუბი არ ღირდა, რომ საქართველო იყო ყველასი, რომ ის თავად, მართალია, ებრაელი იყო, მაგრამ საქართველო ძალიან უყვარდა.
მოწმეები (ბელთაძე, მორჩილაძე, გელაშვილი და შანავაც კი) აცხადებდნენ, რომ მათ სოხაძისგან გაიგონეს ფრაზა, რომელიც მან ავთანდილ კანდელაკიშვილს უთხრა ვიტალიზე - მოკალი, მაგის ებრაელი დედაო.
განაჩენის გამოცხადებამდე ავთანდილ კანდელაკიშვილმა ბოლო სიტყვის უფლება აღარ გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ წინადღით მან სასამართლოზე თქვა, რომ სურდა თავისი სიტყვა საფაროვის ოჯახის წევრების თანდასწრებით ეთქვა.
გიორგი სოხაძემ კი იგივე გაიმეორა, რაც წინა სხდომაზე: ის ბრალს არ აღიარებს და ფიქრობს, რომ ეს „ბინძურად შეკერილი საქმეა“.
განაჩენს გაასაჩივრებს ორივე მხარე - დაცვაც და ბრალდებაც.
დაცვა - ჯგუფურის ნაწილში, იმიტომ, რომ ისინი ბრალდების ამ მოსაზრებას არ იზიარებენ.
ბრალდება კი ეროვნული შეუწყნარებლობის მუხლისთვის იბრძოლებს.
პროკურორი მიხეილ ჩხეიძე: დღეს მოსამართლის მოკლე განმარტება მოვისმინეთ, მე, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი, დაველოდები განაჩენს, სამოტივაციო ნაწილს. ბრალდება ისევ იმავე პოზიციაზე რჩება, რომ აღნიშნულ განაჩენს გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით“.
„საქმეში საქართველოს წინააღმდეგ - საქართველომ გაიმარჯვა“
ეს ავთანდილ კანდელაკიშვილის ადვოკატის, ზურაბ ბეგიაშვილის შეფასებაა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მან თქვა, რომ საქართველოში შეუწყნარებლობა არ არსებობს და რასობრივ ნიადაგზე ადამიანებს არ კლავენ.
უსამართლობის გრძნობა - აი, რა შეგრძნება გაუჩნდა ვიტალის მეგობარსა და კოლეგას, „ჩართულობისა და განვითარების“ ცენტრის ხელმძღვანელს, აგიტ მირზოებს განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
აგიტ მირზოევი: დღესაც ამ აზრზე ვარ - ვიტალი სიძულვილის გამო მოკლეს.
ვიტალის მკვლელობაზე და სასამართლო პროცესზე არასოდეს უსაუბრია ვიტალის მამას, ლერი საფაროვს, რომელიც ყველა სხდომას ესწრებოდა. განაჩენის შემდეგ, რადიო თავისუფლებამ მარინა ალანაკიანთან ერთად, მასაც სთხოვა პროცესის შეფასება. ეს მისი პირველი ინტერვიუა. და მარინა ალანაკიანის პირველი შეფასებებიც განაჩენის შემდეგ.
რატომ ვაშუქებდით ამ ამბავს ასე დეტალურად?
თან იმ ფონზე, როცა როგორც დაცვის მხარე, ისე თავად ბრალდებულები, გამუდმებით სდებდნენ მედიას ბრალს იმაში, რომ პროკურატურასთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად, ისიც იღებდა მონაწილეობას 108 მუხლის 109 მუხლზე გადაკვალიფიცირების პროცესში. რომ ტყუილად აცხადებდა ბრალდებულებს ნეონაცისტური ჯგუფის წევრებად, რომ „მედია მათ მხარეს არ იყო“.
იმიტომ, რომ ეს უპრეცედენტო საქმე იყო. ამ მუხლით - ეროვნული შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანის მკვლელობის საქმეზე საქართველოში სასამართლო პროცესები არ წარმართულა. სასამართლოზე მისული ყველა მოწმე, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე მათ „ცრუ მოწმეებს“ უწოდებდა, სოხაძესა და კანდელაკიშვილს ახასიათებდნენ როგორც უცხოელების მოძულეებს. ადამიანებს, ვინც ფიქრობდა, რომ „საქართველო მხოლოდ ქართველებისთვისაა“ და ა.შ. ეს მოწმეები ამბობდნენ, რომ მათ სოხაძისა და კანდელაკიშვილისგან მოუსმენიათ სწორედ ის ფრაზები, რაც არაერთხელ ამოგვიკითხავს პლაკატებზე „ქართული მარშის“, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ და სხვა მსგავსი იდეოლოგიის მქონე ჯგუფების აქციებზე.
ვიტალის მკვლელობიდან ერთი თვის თავზე მისმა დედამ, მარინა ალანაკიანმა თქვა, რომ ეს იქნებოდა მისი ბრძოლა იმისთვის, რომ არავინ საქართველოში მისი ეთნიკური რელიგიური თუ სხვა მიკუთვნებულობის გამო აღარ მოეკლათ.
დანარჩენი - შეგიძლიათ აქ ნახოთ და დასკვნები თავად გამოიტანოთ.
ვინ იყო ვიტალი?
ვიტალი იყო „ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ თანამშრომელი - იცავდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უფლებებს. მუშაობდა ახალგაზრდებთან - ბანაკებში.
ვიტალი თავის თავს ებრაელად მიიჩნევდა. მისი დედა, მარინა ალანაკიანი, მამით სომეხი - დედით კი ებრაელია და ებრაელთა წესის თანახმად, ეროვნების ხაზი სწორედ დედით განისაზღვრება. ვიტალისაც ქართულ-ებრაული სკოლა ჰქონდა დამთავრებული. მის ეროვნებაში ბრალდებულთა ადვოკატებმა არაერთხელ შეიტანეს ეჭვი და პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ის არა ებრაელი, არამედ იეზიდი იყო.
რა იქნება შემდეგ?
საფაროვის მკვლელობაში უკვე მსჯავრდებულ კანდელაკიშვილსა და სოხაძეს უფლება აქვთ გამოიყენონ როგორც ვადაზე ადრე გათავისუფლების, ისე შეწყალების უფლება. მათთვის მისჯილი 15 წლიანი საპატიმრო ვადიდან მათ ჩამოეჭრებათ ციხეში გატარებული 9 თვე. ადვოკატები საქმეს ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებენ, რომ მათ ბრალდებას ჩამოსცილდეს ჯგუფური საფუძველი.
ჯერ უცნობია რა ელის ნიკოლოზ შანავას, რომლის მიმართ ცალკე საქმეა გამოყოფილი შეუტყობუინებლობის გამო.
სახელმწიფო ბრალდებაც გეგმავს სააპელაციო საჩივრის დაწერას.
და როგორც ერთი, ისე მეორე მხარე ამბობს, ეს საქმე ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა.
27 ივნისს, ვიტალის ახლობლებმა სასამართლოსთან თეთრი ვარდები მიიტანეს - როგორც სამართლიანობის სიმბოლო. განაჩენის გამოცხადების შემდეგ კი ეს ყვავილები მათ ვიტალის წაუღეს, კუკიის სასაფლაოზე.