მამუკა მამულაშვილი: აქ ყველა კონცენტრირებულია ბრძოლაზე და არა საბუთების კეთებაზე

მამუკა მამულაშვილი, "ქართული ლეგიონის" მეთაური

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კანონის იმ ნორმაზე მიუთითებენ, რომელთა მიხედვითაც შესაძლოა უკრაინაში მებრძოლმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგონ. ამის შესახებ განცხადება ჯერ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, მოგვიანებით მედიასთან საუბარში დაახლოებით იგივე გაიმეორა დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.

შესაძლოა თუ არა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი განცხადებები უკრაინის ომში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებისთვის დემოტივატორი იყოს? ამ კითხვით მიმართა რადიო თავისუფლებამ უკრაინის შეაირაღებულ ძალებში შემავალი „ქართული ლეგიონის“ მეთაურს მამუკა მამულაშვილს:

მამუკა მამულაშვილი: აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ვინმეს მოქალაქეობა დაეკარგა, იმის გამო, რომ იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრაქტორი. ზუსტი იურიდიული დეტალები არ ვიცი, მაგრამ ძალიან მეეჭვება ასეთი კანონმდებლობა არსებობდეს და გავიმეორებ, რომ შემთხვევა არ ყოფილა. თვითონ პროცესი დაკავშირებულია იმასთან, რომ „ქართულმა ლეგიონმა“ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ მიიღო მითითება და გაფრთხილება, რომ რეკრუტირების პროცესი შეაფერხონ. ახლა დავიწყეთ ზუსტად რეკრუტირების კიდევ ერთი ტალღა და სწორედ ამასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, წამოიწყეს ეს. უბრალოდ ხელის შემშლელი ფაქტორების შექმნა უნდათ რუსეთის დაკვეთით.

ისევე, როგორც ხელფასი არ არის მოტივატორი, ასევე ვერ იქნება პასპორტის და მოქალაქეობის დაკარგვა დემოტივატორი. ადამიანი, რომელიც აქ მოდის იდეოლოგიურად განწყობილია იმისთვის, რომ შეიძლება რაღაც შეემთხვეს ან დაკარგოს სიცოცხლე. მე ძალიან ეჭვი მეპარება, ეშინოდეს პასპორტის დაკარგვის, ჩვენს რეკრუტირებაზე ეგ არ იმოქმედებს - ეს უნდა გაიგონ პირველ რიგში, იმიტომ, რომ აზროვნებენ რუსული პროტოტიპით - ადამიანს წავართმევთ პასპორტს, აღარ წავა და „ქართულ ლეგიონში“ აღარ იბრძოლებს. არ არის ეს ასე. ადამიანი, რომელსაც განზრახული აქვს, დაიცვას თავისი სამშობლო, ნებისმიერ შემთხვევაში ამას გააკეთებს, ექნება თუ არა პასპორტი. ჩვენს ბიჭებს ამაზე არ აქვთ რეაქცია, რომ პასპორტს ჩამოგვართმევენ და რაღა ვქნათ?! სისულელეა ეს.

ვინმეს უნდა უკრაინის მოქალაქეობის მიღება ან არ უნდა, ეს საკითხები აქ საერთოდ არ განიხილება, აქ ბრძოლაა და ყველა კონცენტრირებულია ბრძოლაზე და არა იმაზე. რომ საბუთების გაკეთება დაიწყოს. კი არის აქ ხალხი, „ქართულ ლეგიონში“ არა, მაგრამ არიან, ვისაც უკრაინის მოქალაქეობის მიღება უნდა და ზუსტად ეგ აქვს მიზნად. მაგრამ, „ქართულ ლეგიონში“ ასეთი ადამიანები არ ხვდებიან, ჩვენ ვართ პროფესიონალური დანაყოფი, ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფი უკრაინის ჯარში და მგონი ყველა ქართველს უნდა ეამაყებოდეს, რომ ყველაზე დიდი ლეგიონი, რომელიც დღეს იცავს დამოუკიდებლობას და დემოკრატიას, არის ქართული.

ასევე ნახეთ "ქართული ოცნება" უკრაინაში მებრძოლების მოქალაქეობის შესაძლო დაკარგვაზე ალაპარაკდა - რას ამბობს კანონი?

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება ფინანსურ დაინტერესებას, რაზეც ასევე მიუთითებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რა როლი აქვს ფინანსურ მხარეს და ასევე გკითხავთ, რა გზა უნდა გაიაროს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის სურვილის მქონე საქართველოს მოქალაქემ, სანამ ანაზღაურებამდე მივა საქმე?

მამუკა მამულაშვილი: საკმაოდ რთული პროცესია. იმიტომ, რომ ადამიანი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრაქტორი ხდება. თუ აქ ჩამოსული რომელიმე ადამიანის მოტივაციაა მიიღოს ხელფასი, პირდაპირ, თავიდანვე ვეუბნებით უარს. ასეთი ადამიანები თავიდანვე ცდილობენ თანხაზე საუბარს - რამდენია ხელფასი, რა ანაზღაურება ექნებათ? ჩვენთვის ეს მიუღებელია და ათასობით ასეთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც უარი გვითქვამს, ასე რომ მოხვედრა "ქართულ ლეგიონში" იმიტომ, რომ კარგი ხელფასი ექნება ადამიანს, ეს გამორიცხულია. თუმცა, შეიძლება ისეთებიც იყვნენ, ვინც პატრიოტული გრძნობებითაა შეპყრობილი, მაგრამ უნდა, რომ ხელფასიც ჰქონდეს. მაგრამ ჩვენთვის ეს მიუღებელია.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილმა განმარტა, რატომ უწოდა „საწყალი ბიჭები" უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომრებს

როდესაც რეკრუტირება იწყება, ადამიანი გადის გასაუბრებას უკრაინაში ჩამოსვლის შემდეგ და თუ ეს ადამიანი იდეოლოგიურად არ არის მზად, დაიცვას საქართველო, დაიცვას უკრაინის მოქალაქეები და ჩამოდის უბრალოდ იმიტომ, რომ იარაღიდან ისროლოს, ჩვენთვის ეს მიუღებელია. და ძალიან ბევრისთვის, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, გვითქვამს უარი, აშშ-ის და ბრიტანეთის მოქალაქეებს ვეუბნებით უარს. მაგრამ რაც შეეხება კონტრაქტს, როდესაც ადამიანი აწერს ხელს კონტრაქტს, რა თქმა უნდა, აქვს ხელფასი, როგორც ნებისმიერ სხვა სამსახურში.

ჩვენ პირველი დანაყოფი ვიყავით, რომელმაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს მოაწერა ხელი 2016 წელს და დღემდე ეს კონტრაქტი არსებობს და ბუნებრივია, რომ აქვთ ადამიანებს ხელფასები.

რადიო თავისუფლება: რეკრუტირება ახსენეთ და რა შეგიძლიათ გვითხრათ მასშტაბზე, რამდენად დიდია სურვილი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან და რამდენად შეიძლება საუბარი იყოს, თუ მმართველი გუნდის ნარატივს გავყვებით, ე.წ. იძულებით ომში წაყვანაზე, ან თვალის ახვევით ან ანაზღაურების შეთავაზებით წაყვანაზე?

მამუკა მამულაშვილი: მე შემიძლია გითხრათ, რომ რეკრუტირების პროცესში, დაახლოებით 70%-ს უარს ვეუბნებით სხვადასხვა მიზეზების გამო - ეს არის არაპროფესიონალიზმი ან კონცენტრირება იმაზე, რომ ჰქონდეს ანაზღაურება, ან რადიკალური შეხედულებები, "ქართული ლეგიონისთვის" ესეც მიუღებელია. ჩვენ ვართ პროფესიონალური სამხედრო სტრუქტურა, სადაც ვიღებთ მხოლოდ პროფესიონალ სამხედრო სპეციალისტებს, ბრძოლაგამოვლილ სამხედრო სპეციალისტებს, ვინც ძალიან კარგად იცის თავისი საქმე. ვისაც ესმის იდეოლოგია, რაზე მიდის დღეს უკრაინაში ბრძოლა და ვინც ეთანხმება ამ ბრძოლას. შესაბამისად, აქ მოქალაქეობასაც არ აქვს მნიშვნელობა - იქნება ეს საქართველოს მოქალაქე თუ ამერიკის. ვინც აქ მოდის, ყველას ერთნაირი ხელფასი აქვს და ათასი და თუნდაც 2 ათასი დოლარის გულისთვის აქ, ეჭვი მეპარება, ვინმე ჩამოდიოდეს იმისთვის, რომ თავი მოაკვლევინოს რუსს.

ასევე ნახეთ ნონა მამულაშვილი პრემიერს: ჩემს ძმას არაფერი აკავშირებს „ნაციონალურ მოძრაობასთან"

აქ ხელფასი არის ბოლოხარისხოვანი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთ შტატებს არ ვიღებთ, მე არ ვიცი სხვა ქართველები სად ჩადიან, სად აწერენ ხელს ან აწერენ თუ არ აწერენ. მე ვლაპარაკობ კონკრეტულად „ქართულ ლეგიონზე", რომელიც არის ყველაზე დიდი დანაყოფი უკრაინულ არმიაში. დღეს "ქართულ რეგიონში" შედის 1300 კაცი, როცა რეკრუტირების პროცესი დასრულება, მერე გვეცოდინება, რამდენ ადამიანს მივიღებთ და ადამიანებს, ვისთვისაც პრიორიტეტი ხელფასია, სჯობს, ამ რეკრუტირებაში არ მიიღონ მონაწილეობა, იმიტომ, რომ მათ არ მივიღებთ.

[საქართველოს] ხელისუფლებას კი მინდა ვუთხრა, რომ მე მესმის, დაკვეთაა ასეთი. სამწუხაროდ ამ დაკვეთაში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება საერთოდ არ უნდათ ამ დაკვეთაში მონაწილეობა, უშიშროების რიგითი თანამშრომლები, რომლებსაც მართლაც შესტკივათ გული „ქართულ ლეგიონზე“ და ჩვენს ბიჭებზე. მაგრამ, სამწუხროდ, ასეთი პოლიტიკაა დღეს საქართველოში და ქვეყანას მართავს "გაზპრომის" ერთი ინვესტორი - ბიძინა ივანიშვილი და ამიტომაა ეს გაურკვეველი პროცესი გამოწვეული.