რა სჭირდება უკრაინას და რას (არ) პასუხობენ თბილისიდან

უკრაინის მოქალაქეები ზაპოროჟიეში. 7 ნოემბერი, 2022 წელი.

უკრაინის საელჩო და საქართველოს ხელისუფლება ერთმანეთს მედიის საშუალებით ელაპარაკებიან. სტრატეგიული პარტნიორის დიპლომატიური წარმომადგენლობა უპასუხო თხოვნებსა და ინიციატივებზე ლაპარაკობს; ხოლო ხელისუფლება კვლავ ომში ჩართვის მცდელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ უკრაინას მაქსიმალურად ეხმარება.

უკრაინის საელჩოში რადიო თავისუფლებას 7 დეკემბერს უთხრეს, რომ, გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ, საელჩოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და მთავრობის ადმინისტრაციიდან არავინ დაკავშირებია. საელჩო აცხადებს, რომ გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით, საქართველოს მთავრობას ერთი თვის წინ მიმართა და პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

იმ პირობებში, როცა რუსეთმა ინტენსიური სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგოსისტემას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, უკრაინას ცივ ზამთარში, ყველაზე მეტად ახლა სწორედ გენერატორები და ტრანსფორმატორები ესაჭიროება.

უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობები გართულებული იყო ომის დაწყებამდეც, მაგრამ ახლა მას უკვე „ცივზე ცივსაც უწოდებენ“.

  • რა დახმარებას მოელის უკრაინა და რის გაკეთება შეუძლია საქართველოს?
  • როგორ ხსნიან ექსპერტები საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას?

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 7 დეკემბერს მედიას უთხრა, რომ საქართველო თავიდანვე მაქსიმალურად ეხმარებოდა უკრაინას და დახმარების საშუალება კვლავ გამოინახება:

„მას შემდეგ რაც დაიწყო უკრაინაში ომი, მთელი საზოგადოება, მთელი ხალხი გავერთიანდით, მთავრობასთან ერთად და 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ. უკრაინის ფოსტის მონაცემების მიხედვით, 190 ქვეყანას შორის ვიყავით პირველ ადგილზე. მანამდე ჩვენ აქ დავეხმარეთ უკრაინელ დევნილებს, ჩვენ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინეთ მათ და ახლაც გრძელდება ეს დახმარება... უკრაინელი ბავშვები აქ იღებენ განათლებას უკრაინულ სკოლებში, რომლებიც ჩვენ გავხსენით. რაც შეეხება დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ, დახმარების საშუალებებს გამოვნახავთ და, რა თქმა უნდა, ამ დახმარებას გავაგრძელებთ“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე ნახეთ რუსეთ-უკრაინის ომში ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მხარესაა
საქართველოდან უკრაინაში 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი რომ გაიგზავნა, ეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ სამი თვის წინ, სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მსჯელობის საგნად იქცა აპრილში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო 191 ქვეყანას შორის, პირველ ადგილზე იყო უკრაინისთვის მოწოდებული ჰუმანიტარული ტვირთით.

პრემიერ-მინისტრს ახლა არაფერი უთქვამს, შეეხება თუ არა დახმარების განხილვა გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს, რომელთა თხოვნითაც, როგორც საელჩოში აცხადებენ, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიმართეს. 7 დეკემბერს, საღამოს, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრი კასიანოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პასუხები ვერც მთავრობის ადმინისტრაციიდან მიიღეს და ვერც საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

"ამ ეტაპზე, საქართველოს მთავრობისგან არ არის არანაირი ახალი ცნობა გენერატორების თხოვნასთან დაკავშირებით. ასევე არ გვაქვს სიახლე საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, შეხვედრის გაუქმების მიზეზებთან დაკავშირებით", - გვითხრა კასიანოვმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ანდრი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შემდეგ, რადიო თავისუფლებას საელჩოში უთხრეს, რომ შეხვედრის გაუქმების შესახებ მათ საგარეო უწყებიდან ტელეფონით შეატყობინეს.
რადიო თავისუფლებამ საგარეო უწყებაში ორი დღის განმავლობაში ვერ მიიღო პასუხი შეკითხვაზე - იყო თუ არა დანიშნული შეხვედრა და თუკი იყო, რა მიზეზით გაუქმდა ის? ასევე უცნობია, როდის აპირებენ უკრაინელ დიპლომატთან შეხვედრას.

ასევე ნახეთ კასიანოვი: ერთი თვის წინ ვთხოვეთ საქართველოს გენერატორები, პასუხი ხელისუფლებისგან არ მიგვიღია

მანამდე, 6 დეკემბერს, ბრიფინგზე უკრაინელმა დიპლომატმა ასევე თქვა, რომ "უკრაინას სჭირდება მორალური მხარდაჭერაც", მაგრამ საელჩოს არც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა "განმეორებით ოფიციალურ მოწოდებაზე", რაც უკრაინისა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობის დასაფასებელ ინიციატივას უკავშირდებოდა.

მოგვიანებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გააკეთა განცხადება, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაფერისი ნებისმიერი საკითხის განსახილველად არის მზად, მაგრამ საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ.

უკრაინის საელჩოსა და შესაბამისად - კიევის პოზიციების გახმოვანება საქართველოში ამჟამად უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, ანდრი კასიანოვს უწევს. უკრაინას ამ დრომდე საქართველოში ელჩი არ გამოუგზავნია. ძველი ელჩი პრეზიდენტმა ზელენკიმ 1 მარტს, ჯერ კონსულტაციებისთვის გაიწვია, ხოლო შემდეგ ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრეზიდენტმა მიზეზად საქართველოს ხელისუფლების პოზიცია დაასახელა და აპრილში უცხოელ ჟურნალისტებს უთხრა: „ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ელჩს მეგობრულ საქართველოში, როგორც კი ვიგრძნობთ თქვენი ხელისუფლების ლიდერების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას“.

2020 წლის მაისიდან, ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს უკრაინაში ელჩი არ ჰყავდა და თბილისს და კიევს თითქმის აღარ ჰქონდათ კომუნიკაცია. ელჩის გამოხმობის გადაწყვეტილება თბილისში 2020 წლის 8 მაისს მიიღეს, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის პერიოდში.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი ვარაუდობს, რომ უკრაინის საკითხის მიმართ ხელისუფლების ზედმეტად ფრთხილი და ინერტული დამოკიდებულება შესაძლოა უკავშირდებოდეს რწმენას, რომ "რუსეთი ამ ომში გაიმარჯვებს და ამაზე აგებენ თავიანთ პოლიტიკას".

"ეს არის მცდარი შეფასება; ამ მცდარი შეფასებიდან გამომდინარეობს მცდარი ხედვა, შემდეგ - მცდარი გადაწყვეტილება და საბოლოოდ - მცდარი საერთაშორისო პოლიტიკური ხაზი. დარწმუნებული ვარ, "ქართულ ოცნებაში" ყველა ასე არ ფიქრობს, მაგრამ, ალბათ, ასეთები არიან უმცირესობაში... დროა, რომ შეცვალონ ეს, გადაალაგონ ხედვები. უნდა დავიწყოთ უკრაინისთვის ქმედითი დახმარების პროგრამები. ჩვენ გვყავს საერთო მტერი, საერთო ოკუპანტი", - ამბობს ჩეჩელაშვილი.

საქართველოს ხელისუფლების "არგაღიზიანების" პოლიტიკიდან გამომდინარე, ექსპერტი თავიდანვე უსაფრთხოდ მიიჩნევდა, თუკი საქართველო უკრაინელებს მაგალითად, ჩაფხუტებს, ჯავშანჟილეტებსა და საველე ჰოსპიტლებს გაუგზავნიდა; მაგრამ ახლა გადაუდებელ საჭიროებად - გენერატორების მოწოდებას თვლის და ფიქრობს, რომ პირველი სწორი ნაბიჯი იქნება, თუკი "გენერატორებით დატვირთულ თვითმფრინავს კიევში ოფიციალური პირი, ვთქვათ - საგარეო საქმეთა მინისტრი გაჰყვება".

ასევე ნახეთ მდინარაძე: კასიანოვმა გაახმოვანა მთავარი მესიჯი, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს ომში მხარედ

ანდრი კასიანოვის ბრიფინგს "ქართული ოცნებიდან" ისევ საქართველოს ომში ჩათრევის ბრალდებები მოჰყვა. მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „მათ უნდათ და ეს თქვა პირდაპირ კასიანოვმა, რომ საქართველო გამოდიოდეს როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში ანუ ომში".

ხელისუფლება ყურადღებას ამახვილებს უკრაინის მხრიდან საქართველოს მისამართით შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდების თხოვნაზე; თუმცა, რაც ომი დაიწყო, კიევი პარტნიორ ქვეყნებს გამუდმებით სთხოვდა იარაღს, რაც მას რეალურად ესაჭიროება, რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში ჩართულს. ამ მხრივ გამონაკლისი არ არის საქართველო.

კასიანოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისგან ომის დაწყების შემდეგ, "მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად", საელჩოს პასუხი არ მიუღია უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით. საელჩოს პოზიციით, გამართლებული და აუცილებელი იყო უკრაინაში თავდადებული ქართველი ვაჟკაცების გაშვების ორგანიზებული მცდელობა.
28 თებერვალს საქართველოდან ვერ გაფრინდა მოხალისეთა ის ჯგუფი, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინაში ჩასვლა და მეგობარი ქვეყნისთვის დახმარება სურდა.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე: ჩვენ ამას არ გავაკეთებთ

შეიარაღების გადაცემაზე უარი გასაგებია პოლიტოლოგ ალექსანდრე კუხიანიძისთვის, რადგან თავად ოკუპირებული საქართველო დაცული არ არის და შესაძლოა, "რუსეთმა ასეთ დროს, ვთქვათ, ქარხანა ან რკინიგზა დაბომბოს", მაგრამ მისთვის გაუგებარია, რატომ შეუშალა ხელი ხელისუფლებამ მოხალისე მებრძოლების ორგანიზებულად წასვლას უკრაინაში, რაც მისი შეფასებით, ომში ჩართვად არ ჩაითვლებოდა. ასევე, მისი აზრით, უპრობლემოდ შეიძლებოდა ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების მიწოდება, რადგან ეს ახლა "უკრაინაში მხოლოდ სამხედროებს არ სჭირდებათ და ექიმები და აქტივისტებიც იყენებენ".

უკრაინასა და საქართველოს შორის ამჟამად არსებულ ურთიერთობებს "სამწუხაროდ, ცივზე ცივს" უწოდებს პოლიტოლოგი ალექსანდრე კუხიანიძე და ასევე სამწუხაროდ თვლის, რომ თბილისიდან ასე ელაპარაკებიან კიევს, "ახლა, როცა უკრაინაში საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხიც წყდება".

"ყველამ უნდა დაივიწყოს პოლიტიკური წყენები და გაიაზროს, რომ დღეს ომია თავისუფლებასა და დიქტატურას შორის... როცა უკრაინა შენს თავისუფლებასაც იცავს და შენ კი რაღაც გაუგებრად იქცევი, არა აქვს ამას გამართლება. როგორ გამოვჩნდებით მერე?! ისე არ გამოგვივიდეს, გამონათქვამი რომ არის - ბრძოლის დროს სანგარში იცდიდა და მერე დაჯილდოებულთა სიაში ეძებდა თავსო", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ალექსანდრე კუხიანიძე.

ასევე ნახეთ "მადლობელი ვარ ქალბატონი პრეზიდენტის, პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო" - პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა ვარშავაში

რამდენიმე დღის წინ პოლონეთის პრეზიდენტისგან ინდივიდუალური მადლობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ვითარების სწორად შეფასების, უკრაინის მხარდამჭერისა და რუსეთის აგრესიის მიმართ „პოზიციის ღიად დაფიქსირებისთვის“.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი პოზიციის დაფიქსირება იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ასევე არიან რუსული აგრესიის მსხვერპლნი და ჩემი დიდი მოწიწება და პატივისცემა მინდა გამოვხატო ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ... მე ძალიან მადლობელი ვარ ქალბატონი პრეზიდენტის, მისი პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო, რაც მან არაერთხელ გააკეთა“, - თქვა ანჯეი დუდამ, 5 დეკემბერს, ვარშავაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

ეს სწორედ ის დღე იყო, როდესაც თბილისში, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი მებრძოლები მოიხსენია "საწყალ ბიჭებად", რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად "ომის პარტიას" მიჰყავს. ამ ფაქტმა უკრაინაში ქართველ მებრძოლთა შორის აღშფოთება გამოიწვია.

7 დეკემბერს, ღარიბაშვილმა ჟურნლისტებთან განმარტა, რომ სამხედროებს დიდ პატივს სცემს; მისთვის საწყალია ყველა გარდაცვლილი ადამიანი და უკრაინაში ყველა არ წაუყვანია "ნაცმოძრაობას".

ასევე ნახეთ ღარიბაშვილმა განმარტა, რატომ უწოდა „საწყალი ბიჭები" უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომრებს