ღარიბაშვილი: სააკაშვილს მინდა გულწრფელად ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. „მე, როგორც ადამიანმა ადამიანს, სააკაშვილს მინდა გულწრფელად ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს?!" - თქვა მთავრობის მეთაურმა.

მანამდე კი პრემიერმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჩამოყვანა იყო „ბოლო კარტი", რომელიც გამოიყენეს.

„ომის პარტია, დეგრადირებული, მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. არ არის საინტერესო, ისინი რას იტყვიან. საქართველოში ვერავინ ვერაფერს არევს და ვერავინ ვერაფერს მოაწყობს, იმიტომ რომ ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი. ბოლო გათამაშება, ბოლო კარტი გამოიყენეს სააკაშვილის ჩამოყვანით, ეს სისულელე ჩაადენინეს და ვნახეთ, როგორ დასრულდა - ფიასკოთი, სრული ფიასკოთი დასრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება. ვინმეს რაიმე ილუზია არ ჰქონდეს, ჩვენს ქვეყანაში ამ ომის პარტიას, ამრევებსა და “ლუზერებს” არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას. პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა, როგორიც არის დღეს ჩვენთან, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მეტი სამუშაო ადგილები, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

1 დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.

ასევე ნახეთ „სააკაშვილის თმასა და ფრჩხილში ვერცხლისწყლის და დარიშხანის ნიმუშებია აღმოჩენილი“ - „მთავარი არხი“ დასკვნას აქვეყნებს
ასევე ნახეთ რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ ემორჩილება მკურნალობის კურსს

სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა 6 დეკემბერს გამოაქვეყნა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიად, რასაც, ექიმთა შეფასებით, სიცოცხლისთვის მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს. სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს უცხოეთში მკურნალობის გაგრძელებას.

ასევე ნახეთ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, სააკაშვილს აღენიშნება კახექსიის მეოთხე დონე
ასევე ნახეთ სააკაშვილმა 25 კილოგრამი სექტემბრიდან დაიკლო, დინამიკა კატასტროფულია - ომბუდსმენის კონსილიუმი

სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ილია ლომიამ, ამ დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.

ასევე ნახეთ სახალხო დამცველი სააკაშვილის საქმეზე „სასამართლოს მეგობრის მოსაზრების" წარდგენას გეგმავს