Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა 25 კილოგრამი სექტემბრიდან დაიკლო, დინამიკა კატასტროფულია - ომბუდსმენის კონსილიუმი


გრიგოლ ხურციძე, ექიმი
გრიგოლ ხურციძე, ექიმი

სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმმა, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შეიქმნა მაშინ, როცა ის შიმშილობდა, 4 და 5 დეკემბერს კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის გასინჯვისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, საზოგადოებას წარუდგინა ამ დროისთვის არსებული მოსაზრება.

ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, სააკაშვილს შეიძლება დაესვას კახექსიის მეოთხე სტადიის კლინიკური დიაგნოზი, რაც იმას ნიშნავს, რომ წონის ამ ტემპით კლების შემთხვევაში, მას მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩა.

თენგიზ წულაძე ჟურნალისტების კითხვის პასუხად გამოეხმაურა "ვივამედის" სამედიცინო დირექტორის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებს არათუ ვერ იღებს, არ იღებს და თქვა, რომ სამედიცინო ისტორიაში არ არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ სააკაშვილი შიმშილობს.

"თუ პაციენტი წინასწარ განზრახვით არ იღებს საკვებს, ამას ქვია ორი რამ: ან შიმშილობა, ან სუიციდალური ქცევა, თვითმკვლელის ქცევა. შიმშილობა პაციენტის პასუხისმგებლობაა, სუიციდალური ქცევა კლინიკის პასუხისმგებლობაა, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკური განცხადებაა და ისტორიაში უნდა იყოს ამის შესახებ შესაბამისი ჩანაწერი. ისტორიაში არ არის მსგავსი ჩანაწერი", - თქვა თენგიზ წულაძემ. ექიმების განმარტებით, სააკაშვილს პრობლემა აქვს საკვების მონელებისას და შესაძლოა, ჭამაზე უარის თქმა ამითაც იყოს განპირობებული.

კიდევ ერთი ნევროლოგი, გრიგოლ ხურციძე ამბობს, რომ სააკაშვილს წონის კატასტროფულად კლება სექტემბრის თვეში დაეწყო და თუკი ეს დინამიკა შენარჩუნდება, 2-3 თვეში ის 50 კილომდე ჩამოვა.

"სხეულის მასის ინდექსი ნორმაა 19-დან 27-მდე, მისი არის 20. ძალიან სწრაფად იკლებს წონაში, 25 კილოგრამი დაიკლო სექტემბრიდან. იგივე დინამიკით რო გაგრძელდეს, 50-51 კილოგრამზე ჩამოვა 2-3 თვეში და ეს უკვე იქნება ის კრიტიკული ზღვარი, როცა იწყება ორგანოების დაზიანება და შეუქცევადი პროცესები ორგანიზმში. ჩვენ რაც გვაშინებს, არის ის, რომ წონის კლება თავიდან მოდიოდა დუნედ, ახლა კატასტროფულად დაიწყო ვარდნა, მძიმედ და სწრაფად ეშვება თავქვედ, რაც ძალიან შემაშფოთებელია. ამას ემატება ნეიროპათიის გაღრმავება, ნერვების დაზიანება, სიცხე... ანუ რაღაც ისეთ სინდრომთან გვაქვს საქმე, რაზეც აქ ვერ დავსვით დიაგნოზი", - თქვა მან დღეს სახალხო დამცველის ოფისში კოლეგებთან და ნინო ლომჯარიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. გრიგოლ ხურციძემ აღნიშნა ისიც, რომ გამოსავალი ამ ვითარებაში მიხეილ სააკაშვილისთვის გარემოს შეცვლაა, ვინაიდან კლინიკაში, სადაც იმყოფება, უკეთებენ ყველაფერს, რაც შესაძლებელია და ეს ძალისხმევა კონტრპროდუქტიულია.

"ჩვენი ცოდნით და ექსპერტიზით აქ რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა, ამაზე მეტი უბრალოდ ვერ წარმოგვიდგენია, რა შეიძლება გაკეთდეს და ამასობაში პაციენტს ორი-სამი თვე აქვს დარჩენილი შეუქცევად ცვლილებებამდე, როცა მისი სხეული დაიწყებს მისი ორგანოების მონელებას და მერე უკვე ვეღარაფერი ვეღარ მოატრიალებს მას", - თქვა გრიგოლ ხურციძემ.

სააკაშვილის "ვივამედში" მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა ომბუდსმენის კონსილიუმის კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი გრიგოლიამ. მან თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტს მკურნალობენ სიმპტომებზე და არა ამ სიმპტომების გამომწვევ მიზეზებზე და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება.

მან თქვა ისიც, რომ "ვივამედში" მიღებული განმარტებების მიხედვით, სააკაშვილმა საკვების მიღება მკვეთრად 5 ოქტომბრის შემდეგ შეამცირა.

"წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაა, მარტივად მინდა ავხსნა - იმყოფებით ოთახში, სადაც მოწამლული ჰაერია და ყოველდღე სუნთქავთ. ნელ-ნელა თქვენი მდგომარეობა გაუარესდება: ჯერ თავბრუსხვევები დაგეწყებათ, მერე თავის ტკივილი, ძილიანობა, მერე, ალბათ, წნევის ვარდნა ან წნევის მომატება და შემდგომში, თუ ეს ტოქსინი არ მოაშორეთ ამ ოთახს, გახდებით სარეანიმაციო. რაში მდგომარეობს ახლა სიმპტომური მკურნალობა - ჰაერს არავინ არ წმინდავს, გარემოს არავინ ასუფთავებს. წნევა დაეწევა, წნევას აუწევენ, ვერ შეჭამს რაღაცას, გადაუსხამენ, ცილა დააკლდება, რაღაცას უზამენ... ორგანიზმს აქვს თავის რესურსები და იმიტომ რომ ძირითად გამომწვევ მიზეზს ვერ მკურნალობთ და არ წმენდთ ჰაერს იმ ტოქსიკურ გარემოში, სიმპტომური მკურნალობა არასოდეს არ მიიყვანს ადამიანს გამოჯანმრთელებამდე", - თქვა გიორგი გრიგოლიამ. მისი დიაგნოზით, სააკაშვილის ანორექსია, კახექსია და სხვა გართულებები პოსტტრავმული სინდრომით არის განპირობებული.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი "სასამართლო მეგობრის" სტატუსით მიმართავს სასამართლოს 9 დეკემბერს ჩანიშნული სხდომისთვის, რომელზეც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება ან მისგან სრულად გათავისუფლება უნდა განიხილონ.

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, ამ პოსტზე ბოლო სამუშაო დღეს 8 დეკემბერს აქვს.

XS
SM
MD
LG