აფხაზეთიდან დევნილი ავთო რურუა უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, მარტში წავიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, თუმცა, როგორც მისი ცოლი, ელმირა ინალიშვილი უყვება რადიო თავისუფლებას, ნოემბრის დასაწყისში კვლავ უკრაინაში დაბრუნდება გადაწყვიტა:
„აღარ მეგონა, რომ წავიდოდა. თავიდან მითხრა, პოლონეთში მივდივარ სამუშაოდო. დედამაც ასე იცოდა. მაგრამ წასვლის წინა დღეს, როცა უკვე ბილეთი ეჭირა ხელში, დამიძახა და მითხრა, არ მინდა მოგატყუო და იცოდე, ისევ უკრაინაში მივდივარო. ორი ბიჭი გვყავს. არც ბავშვებისთვის დაუმალავს. უფროს ბიჭს, საკუთარი ხელით მოქსოვილი ხატი დაუტოვა და სთხოვა, ჩემს ჩამოსვლამდე არ მოიხსნაო“.
ავთო რურუა პროფესიონალი სამხედრო იყო. იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომშიც.
„მწარედ მახსოვს ის დღეები. ერთი კვირის განმავლობაში დაკარგული იყო. არ ვიცოდით, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ერთი კვირის თავზე მოვიდა სახლში საშინელ დღეში. 20 დღის ბავშვი მყავდა. ნერვიულობისგან რძე გამიშრა. აგვისტოს ომის დროს ვაშლიჯვრის სპეც-რაზმში ირიცხებოდა. ჩემი ქმარი პროფესიით სამხედრო იყო. სნაიპერი, წლების განმავლობაში ზუგდიდი-სენაკის ბაზაზე მუშაობდა. შემდეგ თბილისში შესთავაზეს გადასვლა, მაგრამ უარი თქვა ოჯახის გამო. უკრაინის ომში ყუმბარმტყორცნელი იყო. ძალიან კარგი, გამორჩეული მხედველობა და მიზანი ჰქონდა. ამიტომ ძალიან ძვირფას და გამოცდილ ჯარისკაცად ითვლებოდა“.
უკრაინაში წასვლამდე ავთო რურუა ჯერ ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა დაცვის სამსახურში, შემდეგ კი თბილისში, სამშენებლო ობიექტზე იყო დასაქმებული.
„მარტში რომ გვითხრა, უკრაინაში მივდივარო, მეგონა, მეხუმრებოდა, რადგან სხვა მიზანი ჰქონდა. სულ ამბობდა, ბავშვებს ახლა ვჭირდებით და გვერდში უნდა ვყავდეთ ორივეო. ამიტომ ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ომში წასვლას გადაწყვეტდა, მაგრამ ისიც კარგად მესმოდა, რომ მის გადარწმუნებას აზრი არ ჰქონდა. სულით მებრძოლი ადამიანი იყო. ჩვენ ჯვარი არ გვქონდა დაწერილი. მითხრა, ახალ წლებზე დავბრუნდები და მარხვის შემდეგ, ჯვარიც დავიწეროთო“.
ელმირა ქმარს სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ელაპარაკა. მისი დაღუპვის შესახებ კი სოციალური ქსელიდან შეიტყო:
„3 დეკემბერს, მთელი დღე უცნაურად ვიყავი. ვიცოდი, რომ იმ დღეს დავალებაზე იყო წასული. წინა ღამეს ვილაპარაკეთ ტელეფონით. ლაპარაკი რომ გაგვიგრძელდა და არაფრით აღარ მემშვიდობებოდა, ვუთხარი, დაისვენე, დაიძინე, დილით ადრე ხარ წასასვლელი და რომ დაბრუნდები, მერე დავილაპარაკოთ-მეთქი. გვიან ღამით ისევ მომწერა, გღვიძავს? დაგირეკავო. ისევ ვთხოვე, დაიძინე-მეთქი. დილით ხმოვანი შეტყობინება დამხვდა. მივდივარ და აბა თქვენ იცით, მალე დავბრუნდებიო. იმ დღეს ჩვენს ბიჭს კონცერტი ჰქონდა, მოცეკვავეა. ავთოს ყველაფერი აინტერესებდა ხოლმე და კონცერტის ფოტოები რომ ჩავუყარე მესენჯერში და დიდხანს არ ნახა, შემეშინდა. არადა, ვიცოდი, კილომეტრებს გადიოდა ხოლმე ფეხით, რომ ჩვენთვის დაერეკა და ხმა მოეწვდინა. მაინც თავს ვინუგეშებდი - აი, ახლა დარეკავს, ახლა დარეკავს - მეთქი. მაგრამ მთელი დღე არ გამოჩნდა. სანამ მე შევიტყობდი მის ამბავს, ჩემს მეგობრებს გაუგიათ. უკვე გვიან, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო ჩამიგდეს მესენჯერში, ეს ხომ ავთოაო? ასე გავიგე მისი დაღუპვის ამბავი“.
ელმირა თვლის, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველ მებრძოლების წვლილს უკრაინისა და საქართველოს საერთო მტერთან, რუსეთთან ბრძოლაში, საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ არ აფასებს:
„თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრ მშობელს და ოჯახს ჰგონია, რომ მათი შვილები პოლონეთში არიან სამუშაოდ და რეალურად უკრაინაში იბრძვიან მათი შვილები? ძალიან ბევრი ვიცი ასეთი ადამიანი. მართალია, საქართველოს არ უთქვამს ამ ბიჭებისთვის, წადით, იომეთ, იძულებით არ გაუშვია ისინი ომში, მაგრამ ამ ბიჭებმა ყველაფერი დათმეს, ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლეები დათმეს და ხელისუფლებამ გლოვის დღეც კი არ გამოაცხადა“.
ავთოს უკრაინელმა თანამებრძოლმა ელმირას უთხრა:
„უკანასკნელ ტყვიამდე იბრძოლაო. მითხრა, პირისპირ, კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. რომელი ობიექტიც უნდა გაემაგრებინა, იმ ადგილას, მინდორშია ისევ მისი სხეულიო“.
3 დეკემბერს, ავთო რურუასთან ერთად ბახმუტთან ბრძოლაში დაიღუპნენ რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი, როლანდ კვარაცხელია და ბადრი მარკელია.
ასევე ნახეთ „რა ვიტიროთ, ის, რომ ბადრი მოგვიკლეს თუ ის, რომ მისი ცხედარი ვერ გამოჰყავთ“ - ბადრი მარკელიას დარუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მებრძოლი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ, უკრაინაში 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მათ შორის არიან წარმოშობით ქართველი უკრაინის მოქალაქეებიც.