რატი ბრეგაძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: უმჯობესია, ექიმებმა ისაუბრონ, სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მან თქვა, რომ არ იცნობს ცენტრ "ემპათიის" დასკვნას, თუმცა იცის დიაგნოზები, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი შეიყვანეს კლინიკაში და მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მსჯავრდადებულისთვის.

"უმჯობესია, ექიმებმა ისაუბრონ. ჩემი მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის უფლება სრულად იყოს რეალიზებული - ის სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იღებდა შესაბამის და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას როგორც უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე ნომერ მე-18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

როგორც მოგეხსენებათ, ის იმყოფებოდა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მას დანიშნული ჰქონდა მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა, საკუთარი გადაწყვეტილებით, ის ამ მკურნალობას სრულფასოვნად არ იტარებდა. იმისთვის, რომ შემდეგი გართულებების რისკი გამორიცხულიყო, ის გადაყვანილი იყო კლინიკა „ვივამედში“ და ის იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ",
- თქვა ბრეგაძემ და დაამატა, რომ "სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს როგორც ამ კონკრეტული მსჯავრდებულისთვის, ასევე ყველა სხვა იმ პირისთვის, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფება."

ასევე ნახეთ მოსალოდნელია კომა და სიკვდილი - ცენტრი "ემპათია" სააკაშვილის ექსპერტიზის შედეგს აქვეყნებს


მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას მინისტრს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, ხომ არ ცდილობს ოპოზიცია ამ თემით სპეკულირებას, რაზეც ბრეგაძემ უპასუხა, რომ რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ეს საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენოს. რატი ბრეგაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ადვოკატის პირობაზე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასკვნა სასამართლოში წარდგენამდე კონფიდენციალური იქნებოდა.

ასევე ნახეთ „სააკაშვილის თმასა და ფრჩხილში ვერცხლისწყლის და დარიშხანის ნიმუშებია აღმოჩენილი“ - „მთავარი არხი“ დასკვნას აქვეყნებს


"ჩვენ ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც „ყოვლისმცოდნეები“ არიან და საუბრობენ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საკუთარ შეფასებებს აკეთებენ, რაც, რა თქმა უნდა, მართებული არ არის და არც ბოლომდე მორალური და ეთიკური, როცა ეს ადამიანები ცდილობენ, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

აქვე, რადგანაც კითხვა დასვით სპეკულაციებთან დაკავშირებით,
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად იყო აქამდე გამოხატული ინტერესი რაც შეეხება უშალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცულობას. ამის კონკრეტული მაგალითია, როცა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, იმის ნაცვლად, მოეწოდებინათ შიმშილობის შეწყვეტისკენ, გარკვეულ ტელეარხებზე პირდაპირ მოუწოდებდნენ იმას, რომ შიმშილობის შეწყვეტა პოლიტიკური თვითმკვლელობის ფასი იქნებოდა და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა და ცდილობდნენ, რომ ეს გმირულ საქციელთან გაეიგივებინათ, რაც ყოვლად მიუღებელი იყო. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოშიმშილე ადამიანს არ მოუწოდებს შიმშილობის შეწყვეტისაკენ, მორალთან ძალიან მწყრალად არის და ნამდვილად მეპარება ეჭვი იმაში, ადამიანი, რომელიც მოშიმშილეს პირიქით ეუბნება, რომ შიმშილობა გააგრძელოს, ის გულწრფელად იყოს დაინტერესებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არ სურდეს. რა თქმა უნდა, პოლიტიკაშიც არსებობს მორალი, არსებობს "წითელი ხაზები" და ეს ყველამ უნდა დაიცვას, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, მსგავსი ნაბიჯები მაინც იდგმება და ირღვევა ეს "წითელი ხაზები", ადამიანური და მორალური“,
- განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრს "მთავარი არხის" ჟურნალისტმა ჰკითხა, ხდება თუ არა მისი მხრიდან "წითელი ხაზების" დარღვევა? რატომ უარესდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ სახელმწიფო მისთვის ყველაფერს აკეთებს და აღიარებს თუ არა, რომ ექსპრეზიდენტი არის უკიდურესად მძიმედ? ამ შეკითხვებს რატი ბრეგაძემ საპასუხო, "დამაზუსტებელი კითხვებით" უპასუხა და ჟურნალისტს უთხრა, რომ კითხვების დასმის ნაცვლად, ის მის ოპონირებას ცდილობდა ისე, რომ შეკითხვის ფორმულირებას ვერ ახერხებდა. საბოლოოდ რატი ბრეგაძემ "მთავარი არხის" კითხვაზე პასუხად თქვა, რომ კანონის წინაშე ყველა პატიმარი თანასწორია, შეუძლებელია მსჯავრდადებული ადამიანის საზღვარგარეთ გადაყვანა მისი გათავისუფლების გარეშე და რომ კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

1 დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.

ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა მოინახულეს კლინიკა "ვივამედში"

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძეს დაეწერა. სასამართლო პროცესი ამ საქმეზე ჯერ არ დანიშნულა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ილია ლომიამ, სასამართლო პროცესის ჩასანიშნად პენიტენციური სამსახურიდან სააკაშვილის პირად საქმეს ელის.

3 დეკემბერს ცნობილი გახდა ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის შინაარსი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 2022 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული ამ დოკუმენტის თანახმად, სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, მის ორგანიზმში ვერცხლისწყლის და დარიშხანის კვალია აღმოჩენილი. დასკვნაში წერია, რომ ამ ნივთიერებების ეს დოზები ორგანიზმში სამედიცინო მკურნალობის შედეგად ვერ მოხვდებოდა.

ასევე ნახეთ მოლდოვის პრეზიდენტი შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებით“