Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა მოინახულეს კლინიკა "ვივამედში"


არქივის ფოტო: მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე. 20 აპრილი, 2022 წელი
არქივის ფოტო: მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე. 20 აპრილი, 2022 წელი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს კლინიკა "ვივამედში" ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. მასთან ერთად სააკაშვილი მოინახულეს ომბუდსმენის აპარატის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა ექიმებმაც, რომლებიც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას პერიოდულად სწავლობენ და აკვირდებიან. როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ თქვეს ექიმებმა, სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ, რაც ბოლოს მოინახულეს, მკვეთრად არის დამძიმებული, აღინიშნება კახექსია და წონის მკვეთრი ვარდნა, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა, ასევე გართულებულია ნევროლოგიური მდგომარეობა და ფეხზე წამოდგომისას პაციენტი განიცდის წნევის მკვეთრ ვარდნას.

"რამდენიმეწუთიანი კომუნიკაცია მქონდა, ვუთხარი რომ მოსულები არიან ჩემი კონსილიუმის ექიმები და გასინჯავენ მას, ასევე მივიღეთ მისგან წერილობითი თანხმობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროების შესახებ და დანარჩენი დრო ექიმებმა გაატარეს მასთან და ვფიქრობ, სათანადოდ შეისწავლეს მისი მდგომარეობა, რისი შესწავლაც შეიძლებოდა დღეს.

თუ არ ვცდები, მომდევნო კვირაში ჩაინიშნა სასამართლო პროცესი, ამიტომ სავარაუდოდ მანამდე მოგვიწევს მომზადება და ამიტომ გახდა საჭირო ექიმების მოსვლა, რომ მდგომარეობა თავის თვალით ენახათ და შეეფასებინათ, ეს იყო დღევანდელი მოსვლის მიზეზი. "სასამართლო მეგობრის მოსაზრებას" წარვადგენთ თუ სხვა ფორმას ავირჩევთ, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, როცა კონსილიუმი შეიკრიბება და თავის დასკვნას დადებს. დასკვნის სიმძიმიდან გამომდინარე [ვიმოქმედებთ]", - უთხრა მედიას კლინიკა "ვივამედის" დატოვებისას ნინო ლომჯარიამ.

"შემოვიდა 116 კილოგრამით, 73.6 ავწონეთ ამ წუთში ჩვენ. კლება ძალიან სერიოზულია. პაციენტის მდგომარეობა, ჩვენი აზრით, ცალსახად მძიმეა, მნიშვნელოვანი წონის კლება აქვს, გაცილებით მეტი, ვიდრე დასაშვებია. კახექსია და წონაში მნიშვნელოვანი კლება სიცოცხლისთვის საშიშია, ძალიან საშიშია. ჩემი ბოლო ვიზიტიდან დღემდეც ძალიან შეცვლილია. მე რომ ვაფასებდი მას ადრე, ერთ-ერთი შკალით, მაშინ 25 ქულაზე მეტი ქონდა, ახლა ძალიან დაბალი ქულით შეფასდა. კოგნიტიური გაუარესება, აზროვნების მნიშვნელოვანი გაუარესებაა... პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში ძალიან გაუარესებულია", - თქვა სააკაშვილის მონახულების შემდეგ კონსილიუმის წევრმა თენგიზ წულაძემ.

"ძალიან მნიშვნელოვნად გამოხატული სისუსტე, შენელებული მეხსიერება, შენელებული მეტყველება, მნიშვნელოვანი თავბრუსხვევა, ფეხზე ადგომისას წნევა უვარდება, კოორდინაციის მოშლა...ჩვენ მხოლოდ ის რეკომენდაცია შეგვიძლია მივცეთ, რომ წავიდეს ისეთ ადგილას, სადაც წონის ვარდნა შეჩერდება", - უთხრა ჟურნალისტებს ომბუდსმენის კონსილიუმის კიდევ ერთმა წევრმა ექიმმა სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

1 დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძეს დაეწერა.

გიორგი არევაძე ის მოსამართლეა, რომელმაც სანდრო გირგვლიანის (ე.წ. შეწყალების) საქმეზე მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა 2018 წელს დაუსწრებლად მიუსაჯა. არევაძის გვარი ფიგურირებს სხვა გახმაურებულ საქმეებშიც. სწორედ გიორგი არევაძე განიხილავდა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესაც.

3 დეკემბერს ცნობილი გახდა ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის შინაარსი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 2022 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული ამ დოკუმენტის თანახმად, სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, მის ორგანიზმში ვერცხლისწყლის და დარიშხანის კვალია აღმოჩენილი. დასკვნაში წერია, რომ ამ ნივთიერებების ეს დოზები ორგანიზმში სამედიცინო მკურნალობის შედეგად ვერ მოხვდებოდა.

XS
SM
MD
LG