„ჩემი მეგზური ღმერთისკენ გზაზე, ეს პატრიარქი ვერ იქნება, სინდისი ვერ გამიშვებს ამაზე, 3 დღის წინ გადამეწურა ბოლო გრამი მოთმინება... ჰოდა, რა უნდა ვქნა, ეკლესია რომ შევიცვალო?“ - საჯაროდ, ფეისბუკზე იკითხა 23 ნოემბერს სამხედრო ჟურნალისტმა უჩა აბაშიძემ და ეკლესიის შეცვლის სურვილს არგუმენტებიც მოაყოლა.
უჩა წერდა, ქრისტიანობა ჩემთვის სამართლიანობის და ჩაგრულების გვერდში დგომას ნიშნავს, ამ გზას კი ეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჯერ კიდევ 1989 წლის 9 აპრილს ასცდა და ახლა რა ვქნა, რომ ეკლესია შევიცვალო და არა რელიგიაო.
მისი პოსტის ქვეშ გაჩაღებულ დისკუსიაში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე გაბრაზებული ბევრი ისეთი ადამიანიც ჩაერთო, ვინც პირველად დაფიქრდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირის გაწყვეტაზე.
„არც მე არ მაქვს არაფერი საერთო ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. უკრაინული ეკლესიის მრევლი უნდა გავხდე“, - წერდა ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებელი თამუნა კაკულია.
უჩა აბაშიძის კითხვას ზოგმა უპასუხა: „საბოლოო ჯამში ყველა ერთი კირილეაო“. იდეაც მიაწოდეს: „პირდაპირ კათოლიკურში გადასვლა ხომ არ ჯობსო?“, „ესენი რომ შევცვალოთ, უკეთესი იქნებაო“ - სხვამ დაუწერა. ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც ურჩიეს, რომ „კარგი მამაო“ შეერჩია“.
უჩას ვკითხეთ, რა მოხდა ამ სტატუსის დაწერამდე ისეთი, რამაც მას აფიქრებინა უკრაინული ეკლესიის ნაწილი გამხდარიყო: „ჩემთვის ბოლო წერტილი, საქართველოს პატრიარქის უკვე მერამდენე, დემონსტრაციული მხარდაჭერა იყო რუსული ეკლესიის მიმართ“.
უჩა აბაშიძეს ეკლესიის მიმართ პროტესტი არაერთხელ გასჩენია, მაგრამ აქამდე არასოდეს უფიქრია მის შეცვლაზე. მაგრამ ერთ დღეს, როცა საბოლოოდ მიხვდა, რომ სისტემას არ გააჩნია „თვითგანწმენდის მექანიზმი“, სწორედ მაშინ ჰკითხა თავის თავს - იქნებ თავად უნდა გაეწყვიტა ეს კავშირი?
„ეკლესიით იმედგაცრუების გამო ბევრმა ადამიანმა რელიგიაზეც უარი თქვა. ვერც წარმოუდგენიათ, რომ სხვა გზაც არსებობს - შეიძლება აღარ იყო ამ ეკლესიის მრევლი, მაგრამ მაინც გწამდეს შენი ღმერთის. ეკლესიას, რომელსაც თავს მიაკუთვნებ და იქ რაღაც რიტუალებს აღასრულებ, უნდა ენდობოდე. მგონია, რაღაცას თავი რომ მოალპება, ის თავის ქვემოთაც აფუჭებს ყველაფერს. მესმის, ცალკეული სასულიერო პირები სადღაც ქვემოთ იმალებიან და ცდილობენ არ დალპნენ, მაგრამ ეს ეკლესიას ვერ უშველის“.
- უკრაინის ეკლესიაში რატომ ხედავ ალტერნატივას?
- მესმის, რომ დღეს უკრაინის ეკლესიასაც აქვს ბევრი პრობლემა, მაგრამ იქ განწმენდის მცდელობა მაინც არსებობს. თუ საქართველოს ეკლესიაც განიწმინდება ამ ნაგვისგან, მეორე დღესვე შეგიძლია დაუბრუნდე მას. არა მგონია, ეს ვინმემ აგიკრძალოს.
მიუხედავად იმისა, რომ უჩა აბაშიძე დღეს ეკლესიაში ხშირად არ დადის, ამბობს, რომ თავის თავთან ამ შეთანხმებამ - პროტესტის ნიშნად გაწყვიტოს კავშირი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მაინც დიდი შვება მოუტანა.
თამუნა კაკულიასთვის კი, ეკლესიის შეცვლაზე დასაფიქრებლად ბოლო წვეთი ცხრამუხის მონასტერში, მონაზონზე ძალადობის ამბავი და მასზე საპატრიარქოს რეაქცია გამოდგა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მომხდარში ბრალი მედიას დასდო და თქვა, რომ მომხდარი, მასმედიის ანტიეკლესიური კამპანიის შედეგიცაა.
„პატრიარქისგან, კირილესთვის დაბადების დღის მილოცვას ზუსტადაც რომ ველოდი, რადგან ეკლესიას ჯერ არ მოუხსნია ძველი ჯაჭვები და ისიც ვიცი, რომ ჩვენი პატრიარქი საბჭოთა კავშირის მხარეს დგას, მაგრამ ის, რომ ეკლესიამ არ დაიცვა ქალი მათივე ორგანიზაციის შიგნით, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი რამეა“.
ამ ამბავმა და შემდგომ უჩას კითხვამ, თამუნასაც გაუმძაფრა სურვილი, გაეწყვიტა კავშირი ეკლესიასთან, რომელთანაც მას აღარ აკავშირებს საერთო ღირებულებები.
„დიდი ხანია ვხვდები, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დაცლილია სიყვარულისგან, შეპყრობილია ყველაფერი განსხვავებულის სიძულვილით, დაცლილია სულიერებისგან და სამაგიეროდ, არის საოცრად დოგმატური. და ამის უამრავი მაგალითი არსებობს“.
Your browser doesn’t support HTML5
თამუნა კაკულია იხსენებს 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებსაც, როდესაც თბილისში „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში „ღირსების მარში“ იგეგმებოდა და როცა ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ ღირსების მარში გაუქმდა.
თამუნამ გაიხსენა წლების წინ, 2013 წლის ივნისში, ჰომოფობიის წინააღმდეგ გამოსული ხალხის დევნაც „ტაბურეტებით“, ეკლესიის უსასრულო დუმილი ქალების მკვლელობების და ძალადობის ფაქტებზეც.
2012 წელს ფილარმონიასთან დაწყებული მშვიდობიანი მსვლელობა რუსთაველის გამზირზე შეტაკებითა და აქციის სამი მონაწილის დაკავებით დასრულდა. 2013 წელს, ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია დაგეგმილ ადგილზე, რუსთაველის მოედანზე ჩაიშალა მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელი სასულიერო პირების ორგანიზებით მოწყობილი დემონსტრაციის მონაწილეებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი და ლგბტ ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მაშინ აქციის მონაწილეები პოლიციამ ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა თავისუფლების მოედნიდან, სადაც მათ მართლმადიდებლობის სახელით გამოსული დემონსტრანტები დარბევას უპირებდნენ. 2014 წელს კი, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, 17 მაისი, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოში ტრადიციული ქართული ოჯახის დაცვის დღედ გამოაცხადა.
„და შენ ხედავ, როგორც სძულს ადამიანები იმ ინსტიტუტს, რომლის ნაწილიც ხარ ტექნიკურად, სოციალურად, ეკონომიკურად, ისტორიულადაც, რადგან შენი ოჯახის წევრებიც ამ ეკლესიის ნაწილები იყვნენ. როცა შენ, შენთვის, ჩუმად ხარ მიყუჟული შენს მოძღვართან ერთად კუთხეში და არ აპროტესტებ რაც იქ ხდება, ამითაც ამართლებ ეკლესიის საქციელს. ამიტომ მგონია, რომ კავშირი უნდა გაწყდეს. მისი საქმეების ჩუმი თანამონაწილე არ ვიქნები“, - ამბობს იგი.
Your browser doesn’t support HTML5
ეკლესიაზე გულისწყვეტის, გაბრაზების სხვა ბევრი მიზეზიც დაგროვდა. დღემდე უპასუხოა კითხვები, რომლებიც ე.წ. სუს-ის ფაილების გავრცელებას მოჰყვა - ამ დოკუმენტებში ასობით სასულიერო პირის შესახებ ინფორმაცია იყო თავმოყრილი მათი პოლიტიკური განწყობების, სექსუალური კავშირების, მოგზაურობის ისტორიების შესახებ.
ასევე ნახეთ ყველაფერი სასულიერო პირების ცხოვრებაზე - რა ირკვევა ათასობით პირატული ჩანაწერიდანთამუნა კაკულია გვეუბნება, რომ მას სურს, ეკლესიაც გახდეს პროგრესული დისკუსიის ნაწილი. წყნარად, არგუმენტებით, ცოდნით, თავისი, თუნდაც კონსერვატიული შეხედულებებით ჩაერთოს ამ პროცესში და არა განსხვავებულების სიძულვილით და ჩაქოლვისკენ მოწოდებით.
- უჩას ვკითხე და თქვენც გკითხავთ, უკრაინის ეკლესია რატომ?
- უკრაინულ ეკლესიასთან შეერთება ეს უკვე მორალის საკითხია - დღეს ის თავისუფლების იდეისთვის ერთ-ერთი მებრძოლია წინა ხაზზე და მგონია, რომ ამ უთანასწორო ბრძოლაში სწორედ მის მხარეს უნდა დადგე.
„ბოლო დღეებია ვფიქრობ, საპატრიარქოს წინ ტრანსპარანტით მივიდე და მათ რაღაც ვუთხრა, როგორც ერთ-ერთმა პირველმა, ვინც 31 წლის წინ ამ ეკლესიის წიაღში მივიდა“, - გვითხრა მონაზონმა სიდონიამ (ყაჭიაშვილი).
საპატრიარქომ ჯერ კიდევ 2018 წელს თქვა, რომ საზოგადოება მონაზონ სიდონიას შეცდომით მიიჩნევდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად და რომ ის წლების განმავლობაში იყო საბერძნეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში.
ასევე ნახეთ მონაზონი სიდონია პანსიონატსა და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე წერილს აქვეყნებს„16 წელია, რაც ბერძნულ ეკლესიაში დავმკვიდრდი - არა ჩემი ნებით, არამედ პატრიარქის კურთხევით. აქამდე არასოდეს ჩამითვლია, რომ ქართული ეკლესიიდან უნდა მოვწყდე. მაგრამ ბოლო დროს იმდენი არგუმენტი დაგროვდა, იმდენი წყენა, რომ დღეს მშვიდად ვარ იმის გამო, რომ მათ არ მივაკუთვნებ თავს. თუმცა, მეორე მხრივ, მართლა მგონია, რომ შინაგანად მე მაინც ჩემი ეკლესიის წიაღში ვარ და პირიქით, ეგენი არიან გასულები. იერარქიულად, ცხადია, ისინი განაგებენ ყველაფერს, შენ კი იძულებული ხარ, უარი თქვა სამშობლოზე, რომ არ დაშორდე ქრისტეს სიხარულს“
- ქრისტეს სიხარულში რას გულისხმობთ?
- ქრისტიანობა არ გვიკრძალავს სიხარულს და სადღესასწაულო განწყობას. ხოლო როცა წლები გადის და ამას ვეღარ გრძნობ შენს ეკლესიაში, იქით იყურები, სადაც იღიმებიან, სადაც კაცთმოყვარენი არიან, სადაც შენ, როგორც ადამიანი, ხარ ღირებული მათთვის. მე მართლა ვერ ვხედავ დღეს ქრისტეს სიხარულს იმ ეკლესიაში, სადაც 17 წლისა მივედი.
მონაზონი სიდონია დღეს ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი პროტესტისა, რომელიც მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ გასჩენია და გამოუხატავს კიდეც, დროდადრო მაინც უჩნდებოდა ცვლილების იმედი და იმის ხმამაღლა თქმის სურვილიც, „რატომ ვართ ნაწყენები, ჩვენ, ვინც ჯერ ბოლომდე ვერ ვიმეტებთ დედა ეკლესიას“.
„უბრალოდ რომ გადავწყვიტო, სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი ვიყო, ეს საკმარისია?“
უჩა აბაშიძე ამ კითხვაზეც ეძებდა პასუხს.
მრავალფეროვნების ინსტიტუტის დამფუძნებელმა, თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა აგვიხსნა, რომ ქართული, უკრაინული, რუსული, რუმინული, ბერძნული ეკლესიები - ყველა ერთი ეკლესიის ნაწილია, დაყოფილი ტერიტორიული პრინციპით და ამავე პრინციპით აქვთ მათ ავტოკეფალიური იერარქია ანუ თვითმმართველობა. რუსეთი ამ ერთობიდან გავიდა, რადგან დაუპირისპირდა უკრაინას, არ აღიარა ის და ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთანაც. ასევე ყველასთან, ვინც აღიარა უკრაინის ეკლესია.
საქართველოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ოფიციალურად არ უღიარებია, მაგრამ არც მის აღიარებაზე უთქვამს უარი, რაც ნიშნავს, გვიხსნის ბექა მინდიაშვილი, რომ მსოფლიო პატრიარქსაც ვცნობთ და ვაღიარებთ.
„და რადგან მსოფლიო პატრიარქი ევქარისტიულ კავშირშია უკრაინასთან, გამოდის, რომ ჩვენც ვართ უკრაინასთან ევქარისტიულ კავშირში. რუსეთის მსგავსად ჩვენც რომ გამოვსულიყავით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირიდან, მაშინ საკითხი სხვაგვარად დადგებოდა, მაგრამ ახლა, მიუხედავად დეკლარირებული არაღიარებისა, ფაქტობრივად, ჩვენ მაინც ვაღიარებთ უკრაინის ეკლესიას. თუმცკი იმ ფონზე, რომ ჩვენი ეკლესია ხან კირილეს ულოცავს დაბადების დღეს, ხან უკრაინის ტერიტორიას აღიარებს რუსეთის ეკლესიის ტერიტორიად, რაც ძალიან ცუდია“.
ასევე ნახეთ რატომ დუმს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიაზე - ღია და დაფარული არგუმენტებირაც შეეხება ერთი ეკლესიიდან მეორეში გადასვლას, ამას, როგორც თეოლოგი გვიხსნის, რაიმე ოფიციალური დოკუმენტი ან პროცედურა არ სჭირდება, რადგან ეს, არსებითად, ერთი ეკლესიაა. როგორც წესი, სხვა ეკლესიის მრევლად გახდომა ხდება მოძღვართან შეთანხმებით. ცხადია, სხვანაირი ვითარება იქნებოდა, თუ ადამიანი გადაწყვეტდა კათოლიკედ მონათლულიყო.
„მე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი ვარ, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს, რომ ჩემი კრიტიკული პოზიცია ღიად გამოვხატო. მაგრამ გამართლებულად არ მიმაჩნია იმის თქმა, რომ გადავდივარ უკრაინის ეკლესიაში - ვიმეორებ, ეს ისედაც ერთი ეკლესიაა და ასე იქნება მანამ, სანამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მსოფლიო ეკლესიის მიერ არ იქნება შეფასებული როგორც მწვალებლური და ანტიქრისტიანული. მოკლედ, ფაქტობრივად, მაინც ამ ეკლესიის წევრად რჩები“, - გვითხრა ბექა მინდიაშვილმა.
ჩვენ საეკლესიო სამართლის რამდენიმე ექსპერტს, თეოლოგს, ასევე, მაღალი სასულიერო წოდების პირსაც ვკითხეთ, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მაინც მოინდომებს გახდეს უკრაინის ეკლესიის მრევლი. მათაც მოგვიგეს, რომ ამისთვის რაიმე სავალდებულო პროცედურის გავლა საჭირო არ არის, თუმცა ადამიანმა უნდა ახსნას, რით არის მოტივირებული მისი გადაწყვეტილება.