Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონაზონი სიდონია პანსიონატსა და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე წერილს აქვეყნებს


სქემმონაზონი სიდონია წერილს აქვეყნებს, სადაც ეხმაურება როგორც ნინოწმინდის პანსიონატის გარშემო შექმნილ ვითარებას, ისე ეკლესიის მიდგომებს სხვადასხვა უმცირესობის, მათ შორის, ლგბტქი თემის მიმართ. ის კითხვებით მიმართავს ეკლესიას და წერს, რომ იქ „შეცდომების აღიარების ეშინიათ“, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც ეკლესიას „დისკომფორტს უქმნია“, სჯიან:

„როგორ მივედით იქამდე რომ, ასე გულგრილად შეგვიძლია მოვიკვეთოთ, გავიუცხოვოთ ადამიანები, რომლებიც ჩვენეულ წარმოდგენებს არ ექვემდებარებიან... ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო ადამიანებთან, სწორედ ესაა მწყემსის სიბრძნე!!! ის “ლჭბტიებიც“ და “ლიბერალებიც“ განა ჩვენივე შვილები არ არიან?... ეკლესიის ამოცანა არ არის ტრადიციის დაცვა, მისი ამოცანაა ადამიანებთან მიიტანოს ღვთის სიტყვა, რადგან "შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის." (მარკ. 2,27) ადამიანია მთავარი, ადამიანი რომელსაც დღეს ასეთ გაურკვევლობასა და ნიჰილიზმში ვამყოფებთ!..

რატომ ვართ სულ თავის მართლებაში, რატომ არის გულწრფელობის ასეთი დეფიციტი დღეს ეკლესიაში?! ქრისტემ ხომ გვასწავლა - სამოცდაათ შვიდგზის მიუტევეთო. მაშ, რატომ გვეშინია შეცდომების აღიარების, სინანული ხომ ქვაკუთხედია ჩვენი სარწმუნოების სიწმინდისა?.. ჩვენ ხომ, ადამიანები იმისთვის გვენდობიან და მოგვყვებიან რომ, ყველაფერზე ამაღლებულნი და ყველაზე ადეკვატურნი უნდა ვიყოთ მიწიერ მოვლენებში.

როცა თქვენ გეხებიან, ბრძოლაა და, როცა ჩვენ, ვინც დისკომფორტს გიქმნით გვსჯით და გვეხებით - უფლის ნებაა? იქნებ თქვენც უფალი მიგანიშნებთ და მაინც გონს ვერ მოდიხართ. რატომ გეხებიან ვერ ხვდებით? ეს არაა თეოკრატიული სახელმწიფო...

რაც შეეხება ნინოწმინდის პანსიონს, სანამ პრობლემატიკაში გავერკვეოდი, თვალში მომხვდა ორი რამ: ბავშვების მიმართ ცივი დამოკიდებულება და მეორე, მოუვლელი ეზო… რომელიც, ძალიან ბევრს მეტყველებს გარემოს მიმართ დამოკიდებულებაზე...მე ვინც მიყვარს ასეთ ეზოში არ ვაცხოვრებ.

გაორებული ვწერ, ამდენი ბრძოლის მერეც კი, მაინც კომპლექსი მაქვს რომ, ქალი ჩუმად უნდა იყოს, მაშინ როცა "არცა მამაკაცება, არცა დედაკაცება, არამედ თქვენ ყოველნი ერთ ხართ“(გალ. 3,28). ნუ აჯერებთ მრევლს რომ, მონაზვნობა "ხმის ჩაკმენდას ნიშნავს"! ეს ცხოვრების წესია, რომელიც ჩემი არჩევანი და ნებაყოფლობითი აქტია, და არა გარიგება - პიროვნული თავისუფლების დათრგუნვის ხარჯზე სტატუსის მიღებისა! მონაზვნობა არ არის - განაჩენი! და ეს სად, იმ ეკლესიაში, სადაც ქალმა, წმინდა ნინომ იქადაგა, აჩრდილივით მომყვება ეს კომპლექსი, მიუხედავად რომ, გავიაზრე - ეს ასე არ არის...

P.S. ის, რაც ხდება ეკლესის ირგვლივ, არ უნდა გახდეს პანიკისა და აღშფოთების საფუძველი, მით უმეტეს, მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ყოფნისა. უნდა გადავხედოთ, რამდენად მართალნი ვართ ჩვენს მოწოდებაში და საქმით ჩავასწოროთ შეცდომები.

ოდესღაც ხომ უნდა გავიზარდოთ, გავიაზროთ, სად და რატომ ვდგავართ, რას და როგორ ვემსახურებით!“, - წერს სქემმონაზონი სიდონია.

2018 წელს სქემმონაზონი სიდონია საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის ქომაგად დაასახელა. ის საბერძნეთის ეკლესიას დაქვემდებარებული მონაზონია.

მისი საქმიანობა და განცხადებები არაერთხელ იქცა საქართველოს საპატრიარქოს მიერ კრიტიკის საფუძვლად. მას შემდეგ, რაც მონაზონი სიდონია ტოლერანტობის ქომაგის წოდებით დაჯილდოვდა, საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ „დედა სიდონია კარგა ხანია საბერძნეთის ეკლესიის დაქვემდებარებაშია და დიდი სქემაც იქ მიიღო. დიდსქემოსნობა, ფაქტიურად, განდეგილური ცხოვრების წესს ნიშნავს, რაც ამ პიროვნებისთვის, სამწუხაროდ, საერთოდ უცხო აღმოჩნდა. იგი არ მოქმედებს არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით და ამდენად, მის საჯარო ქმედებებთან არცერთ ეკლესიას კავშირი არა აქვს“.

შეგახსენებთ, ნინოწმინდის პანსიონატიდან მოზარდების გაყვანის პროცესი 4 ივნისიდან მიმდინარეობს. 14 ივნისის მონაცემებით, პანსიონატიდან გაყვანილია 30 მოზარდი. პანსიონატში 23 ბავშვი რჩება.

ნინოწმინდის პანსიონატი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონატში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონატის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა.

გარდა 2016-2021 წლებში აღძრული ოთხი სისხლის სამართლის საქმისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედია საშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

რა ფორმას მიიღებს პანსიონატი, გარდაიქმნება თუ არა ის საოჯახო ტიპის სახლად, სადაც მცირე რაოდენობის, მაქსიმუმ 8-10 ბავშვი იცხოვრებს, ამ კითხვაზე, ჯერჯერობით, ზუსტი პასუხი არ არსებობს. ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, საპატრიარქო, გაეროს ბავშვთა ფონდი და World vision-ი პანსიონატის გარდაქმნის სტრატეგიაზე ერთობლივად მუშაობენ.

XS
SM
MD
LG