ირანმა უარყო გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს (UNHRC) გადაწყვეტილება შეიქმნას ფაქტების დამდგენი კომისია, რომელიც გამოიძიებს ადამიანის უფლებების დარღვევებს ანტისამთავრობო გამოსვლებზე ძალადობრივი ზეწოლის დროს. ირანში დემონსტრაციებს ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა.
გაეროს საბჭოს რეზოლუციის თანახმად, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მისია, რომელიც აღრიცხავს ირანში ადამიანის უფლებების დარღვევას სექტემბრის შუა რიცხვებში დაწყებული დემონსტრაციების კონტექსტში.
თეირანი დასავლეთის რამდენიმე ქვეყანას ადანაშაულებს გამოსვლების მხარდაჭერაში, თუმცა ამ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 ნოემბერს უარყო გამოძიების ინიციატივა და მას უწოდა "დასავლეთის ქვეყნების მცირე ჯგუფის მიერ ირანის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი, რათა ადამიანის უფლებების საბჭომ ირანს სანქციები დაუწესოს".
სამინისტრო აცხადებს, რომ მისიას არ აღიარებს.
უფლებადამცველი ჯგუფების თანახმად, ირანში დემონსტრაციებზე ზეწოლას ქვეყნის მასშტაბით ემსხვერპლა სულ მცირე 416 ადამიანი, მათ შორის 51 ბავშვი.