„ის, რაც ახლა ირანში ხდება, სახალხო რევოლუციაა“, - ასე იწყებს ჩვენთან საუბარს შირინ ებადი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ცნობილი ირანელი უფლებადამცველი და ადვოკატი, ირანში ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის დამფუძნებელი, ასევე ყოფილი მოსამართლე, პოლიტიკური აქტივისტი და მწერალი, რომელიც წლებია სამშობლოდან შორს, დიდ ბრიტანეთშია გადახვეწილი - ირანი მან იძულებით 2009 წელს დატოვა. 75 წლის შირინ ებადი ისევ აგრძელებს ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას.
ამ ინტერვიუში შირინ ებადი ირანში მიმდინარე პროტესტსა და მის სავარაუდო მომავალზე გვესაუბრება, გვიამბობს იმაზე, რა სურს დღეს ირანელ ხალხს, რა მოხდებოდა, თუ „ისლამს ქალები განმარტავდნენ“, რისი ეშინია ირანის ხელისუფლებას. მოგვითხრობს თავის ამბავსაც - მუქარაზე, დევნაზე, იმაზეც, როგორ შეეწირა მის საქმესა და მიზნებს მისი პირადი ცხოვრება.
- დოქტორო ებადი, დასაწყისში მინდა გკითხოთ, როგორ შეაფასებდით და რას დაარქმევდით იმას, რაც ახლა ირანში ხდება?
- ეს სახალხო რევოლუციაა. ირანელმა ხალხმა ამ პროტესტით აჩვენა, რომ ხალხს არ უნდა ისლამური რესპუბლიკა. ამის სანაცვლოდ ირანელ ხალხს სურს დემოკრატიული და სეკულარული მმართველობა. ხოლო დღეს, ირანში გამოყენებული ლოზუნგის, „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლების“ რეალობად ქცევა, შეუძლია მხოლოდ სეკულარულ და არარელიგიურ მმართველობას.
- თქვენი სიტყვებია, რომ „ადამიანებს შეუძლიათ შეცვალონ სამყარო თუ ისინი ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციას დაიკავებენ ისეთ საკითხებში, როგორიც ქალთა უფლებები და დემოკრატიაა“ - დღეს ამ ბრძოლას ირანში მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ეს პროტესტი?
- სამწუხაროდ, ირანის ხელისუფლება არასოდეს უსმენს ხალხის ხმას და თვალს არასოდეს ახელს. თუმცა, ეს ხელისუფლება დღეს ძალიან შეშინებულია. ამიტომაც ხდება ის, რომ პროტესტის ჩახშობის ინსტინქტი მასში უფრო და უფრო ძლიერდება და ცდილობს კიდეც ამ პროტესტის ჩახშობას. თუმცა ხედავს, რომ შედეგი ამ მცდელობებს არ მოაქვს. იმასაც ხედავს, რომ სიტუაცია ქვეყანაში სულ უფრო მძიმდება.
- ბოლო საპროტესტო ტალღის აგორებას ირანში მაჰსა ამინის ამბავმაც უბიძგა. საპროტესტო მიტინგებზე ასობით ადამიანი მოკლეს, ასობით დაკავებულია და მათ სიკვდილით დასჯასაც კი ელით - როგორ ფიქრობთ, ეს შეასუსტებს ხალხის პროტესტს?
- ამ ხელისუფლებამ, დღევანდელი მონაცემებით, უკვე მოკლა დაახლოებით 400 ადამიანი, 4000-მდე ადამიანი კი დაპატიმრებულია. ამის მიუხედავად პროტესტანტების რიცხვი, პირიქით, ყოველდღიურად იზრდება.
რამ უბიძგა პროტესტს?
2022 წლის 13 სექტემბერს ირანის „მორალის პოლიციამ“ 22 წლის ირანელი გოგო, მაჰსა ამინი ჰიჯაბის „არასწორად“ ტარების გამო დააკავა. დაკავებიდან სამ საათში ის საავადმყოფოში მოხვდა, სამი დღის მერე კი თქვეს, რომ ის „გულის შეტევით გარდაიცვალა“. სწორედ ამ ამბის მერე გავიდნენ ირანში ქალები (და არა მხოლოდ ისინი) ქუჩაში პროტესტის ნიშნად. მათ ჰიჯაბები მოიხსნეს და დაწვეს.
ვინ ან რამ მოკლა ქალი, დღემდე გაურკვეველია, მაგრამ დღემდე არ ცხრება მისი სიკვდილის გამო დაწყებული პროტესტი, რომელმაც მთელი ირანი მოიცვა. ისლამური რესპუბლიკა დღემდე სასტიკად უსწორდება საპროტესტო აქციების მონაწილეებს, მოკლულია ასობით და დაპატიმრებულია ათასობით ადამიანი.
ირანის საპროტესტო გამოსვლებს გამოხატვის ორიგინალური ფორმებიც ახლდა - არაერთმა ქალმა პროტესტის ნიშნად, საჯაროდ შეიჭრა თმა. ამავე ჟესტით, ირანის მიმართ სოლიდარობა არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გამოხატა. ირანში და მის ფარგლებს გარეთაც, საჯაროდ წვავდნენ თავსაფარს.
ვრცელდება ვიდეოკადრებიც, სადაც ჩანს, პროტესტის და მოლების მმართველობის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვის მიზნით, ქუჩაში მიმავალ სასულიერო პირებს როგორ მოხდიან ხოლმე ჩალმას ხელის აკვრით - ჩალმის ჩამოგდება მათ მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის მძაფრი ფორმაა.
- ამას წინათ, ირანიდან საქართველოში დევნილი ერთი აქტივისტი გოგო ჩავწერეთ, მარიამ შარიფი, რომელმაც მითხრა, რომ მას იმედს აძლევს ის, რომ ქალები ამ ბრძოლაში აღარ არიან მარტო ქუჩაში და რომ კაცებიც გვერდით უდგანან - თქვენი აზრით, ეს იძლევა იმედის საფუძველს?
- ნამდვილად ასეა. დღეს ირანში ქალები არ არიან მარტო. მათ გვერდით მამაკაცებიც იბრძვიან. და არა მხოლოდ ისინი, სკოლის მოსწავლეებიც კი ქუჩაში არიან გამოსულები ქალების მხარდამხარ. დაახლოებით 300 მოსწავლეა უკვე დაჭერილი.
- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ დაიბადეთ განათლებული მშობლების ოჯახში, რომ მამათქვენს სჯეროდა მამაკაცსა და ქალს შორის უფლებების თანასწორობის და ამას აკეთებდა ყოველდღიურ ცხოვრებაში - დღეს როგორ შეაფასებდით ამ მხრივ ვითარებას ირანში - ასეთი ოჯახების რიცხვი გაზრდილია? და თუ იძლევა სამომავლო იმედს ეს ამბავი? თუნდაც ის, რომ მიმდინარე პროტესტს უამრავი ახალგაზრდა, სკოლის მოსწავლეებიც კი შეუერთდნენ - ეს იმის ნიშანი ხომ არ არის, რომ ოჯახებშიც იცვლება რაღაც?
- რა თქმა უნდა. ტრადიციულ ირანულ ოჯახში უკვე ბევრი რამ არის შეცვლილი. როცა ბავშვი გამოთქვამს პროტესტს არსებული რეალობის გამო, ეს დედის და მამის სულისკვეთებაზეც ახდენს გავლენას.
- თქვენ გაქვთ დაწერილი ერთი სტატია, სათაურით „მოვიდა დრო, რომ ისლამი ქალებმა განმარტონ“ - როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამან პოზიტიურად იმოქმედოს რელიგიურ სინამდვილეზე? და თუ ქალებს მიეცემოდათ ეს შესაძლებლობა - როგორ განმარტავდნენ ისინი ისლამს?
- ბევრი რამ, რასაც ისლამის სახელით ქალებს თავს ახვევენ, სწორედ ისლამის არასწორი განმარტებიდან მოდის. ხოლო თუ ქალებს მიეცემოდათ ეს საშუალება - განემარტათ ისლამი, ძალიან ბევრი დისკრიმინაციული კანონი, რაც ქალების წინააღმდეგ მოქმედებს დღეს ირანში, უბრალოდ აღარ იარსებებდა. თუმცა ისევ ვამბობ, დღეს ირანელ ხალხს აღარ უნდა რელიგიური მმართველობა, მათ სურთ სეკულარული სახელმწიფო. დღევანდელი ირანის მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ყველა რელიგია კარგია, რომ ყველას უნდა ჰქონდეს აღმსარებლობის თავისუფლება და არა ის, რომ ხელისუფლებამ მოახვიოს მათ ეს თავზე.
- როგორც კი ირანში პროტესტის მორიგი ტალღა იწყება, საზოგადოება მაშინვე იხსენებს ხოლმე ისლამურ რევოლუციამდელ ირანს - ვრცელდება ფოტოები - ქალები თავსაბურავის გარეშე, ფერად ტანსაცმელში, ამ ფოტოებს თავისუფალი ირანის სურნელი მოსდევს - როგორ გგონიათ, როდის დაიბრუნებს ირანი ამ ფერებს?
- იცით, როდესაც მე ვამბობ, რომ ადამიანებს უნდათ სეკულარული სახელმწიფო, ეგ ყველაფერი სწორედ ასეთ სახელმწიფოშია შესაძლებელი, სადაც თავად გადაწყვეტენ, ვის როგორი ტანსაცმელი ეცმევა. და არც ჰიჯაბის ტარების წესებს განსაზღვრავს სახელმწიფო კონტროლის ორგანო.
- ერთ-ერთი გამოსვლისას და ირანზე საუბრისას თქვენ ასეთი რამ თქვით: კარგი ამბავი ის არის, რომ ირანში „ფემინისტური მოძრაობა ძალას იძენს და გააგრძელებს ამას სწორი საერთაშორისო დახმარებისა და ზეწოლის პირობებშიო“ - თქვენი შეფასებით, დღეს იქ რამდენად ძლიერია ეს მოძრაობა და, მეორე მხრივ, საერთაშორისო დახმარებას და ზეწოლას რომ ახსენებთ - არის თუ არა დღეს ეს დახმარება და ზეწოლა საკმარისი, ირანში ცვლილებების მოსახდენად?
- ცვლილებები, პირველ რიგში, ირანელმა ხალხმა უნდა მოახდინოს. სხვა ქვეყნების მთავრობების იმედი მეორე ადგილზე უნდა გადავიდეს. პირველი, ვინც ამ ცვლილებებს ხელი უნდა შეუწყოს და როგორც უნდათ, ისე მართონ თავისი ქვეყანა, სწორედ ირანელი ხალხია.
- დღეს რის ფასად უჯდებათ ირანში მცხოვრებ უფლებადამცველებს ბრძოლა? როგორ ახერხებენ იმას თუნდაც, რომ ხმამაღლა ილაპარაკონ და მსოფლიოს მიაწოდონ ინფორმაცია, რაც იქ ხდება? - ეს ყოველწამიერი რისკია თუ ხელისუფლება რაღაცებზე მაინც ხუჭავს თვალს?
- არავითარ შემთხვევაში ირანის ხელისუფლება თვალს არაფერზე ხუჭავს. ყველა ის ადამიანი, ვინც ირანში იბრძოდა, დღეს ციხეშია.
2003 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიენიჭა შირინ ებადის "დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის გაწეული ძალისხმევისა და განსაკუთრებით, ქალთა და ბავშვთა უფლებებისთვის ბრძოლისთვის".
მან იმ წელს ამ პრემიის კანდიდატთა შორის ისეთ მნიშვნელოვან ფიგურებსაც გადაუსწრო, როგორიც იყო პაპი იოანე პავლე მეორე ან ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი.
- 2003 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში თქვენ მიიღეთ სწორედ ქალებისა და ბავშვების თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლისთვის, იმისთვის, რასაც მართლაც სიცოცხლის ფასად აკეთებდით - და თქვენ ხართ პირველი მუსლიმი ქალი და პირველი ირანელი ქალიც, ვინც ეს ჯილდო მიიღო - მაინტერესებს, რა შეცვალა ამ ჯილდომ თქვენს ცხოვრებაში?
- ნობელის პრემიამ შესაძლებლობა მომცა, უფრო მაღალი ტრიბუნებიდან მელაპარაკა და ჩემი ხმა უკეთესად მიმეწვდინა მთელი მსოფლიოსათვის. მაგრამ ეს პრემია იმის საფუძველიც გახდა, რომ ირანის ხელისუფლებას უფრო მეტად შეჰპარვოდა ჩემში ეჭვი და ჩემი დევნაც დაწყებულიყო.
- ირანის ხელისუფლებამ არა მხოლოდ კონფისკაცია გაუკეთა ნობელის ფულად ჯილდოს, არამედ, მემკვიდრეობით მიღებული მამისეული სახლიც კი ჩამომართვა. ჩემს გასაჩუმებლად ჩემი და და ჩემი მეუღლეც კი დააპატიმრეს.
2016 წლის 11 მარტის „ვაშინგტონ პოსტი“ წერდა:
„2009 წლის იანვარში ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი შირინ ებადი თეირანში, საკუთარ ოფისში იყო, შეძახილები გაიგონა: „სიკვდილი მოღალატე ებადის" - გარეთ გაბრაზებული კაცები ყვიროდნენ. მან მაშინვე ჩაკეტა შენობის კარები და თავისი ბინისკენ გაიქვა, სადაც მისი მეუღლე, ჯავად თავასოლიანი, ფანჯარასთან იდგა და ქუჩაში ჯოხებითა და ბანერებით გადატანილ ბრბოს უყურებდა. შირინმა აკანკალებული ხელებით ადგილობრივი პოლიციის ნომერი აკრიფა და თქვა: „მგონი, ისინი აქ ჩემს მოსაკლავად არიან“ - შირინმა იცოდა მისი ლანძღვის მიზეზი - ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის აკრიტიკებდა ქვეყნის დისკრიმინაციულ კანონებს და იცავდა ყველაზე საკამათო პოლიტპატიმრებს“ - 2009 წელს შირინ ებადიმ სამშობლო დატოვა და მას შემდეგ ლონდონში ცხოვრობს.
- დიახ, თქვენს წიგნში „სანამ ჩვენ თავისუფლები არ ვართ: ჩემი ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის ირანში“ წერდით, როგორ განსაზღვრა თქვენმა საქმიანობამ თქვენი პირადი ცხოვრებაც. რომ გაყრით დასრულდა თქვენი ქორწინებაც მეუღლესთან, რომელიც ირანის ხელისუფლების ხაფანგში აღმოჩნდა. თუ როგორ მივიდა დაზვერვის აგენტი ბატონ ჯავადთან საკანში და უთხრა: „ახლა ებადი ხედავს თავისი საქმიანობის შედეგს. მე ბევრჯერ გავაფრთხილე იგი. ბევრჯერ ვუთხარი მას: "შენ უნდა გაჩუმდე, მაგრამ ის არასოდეს გვისმენდაო“.
- ირანის ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ჩემს ქმართან მიაგზავნეს ქალი და უკანონოდ გადაიღეს ეს ყველაფერი. მას ჩაქოლვის განაჩენი გამოუტანეს და პირობაც წაუყენეს, რომ განაჩენს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ აღვასრულებთ, თუ ტელევიზიით გამოხვალ და შირინის წინააღმდეგ საჯაროდ ილაპარაკებო. მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა. ყოველი ჩემი საჯარო გამოსვლის და ინტერვიუს შემდეგ მას ხელახლა აწუხებდნენ. ბოლოს და ბოლოს, მან თავისი უსაფრთხოებისთვის განქორწინება შემომთავაზა და მე ამ შემოთავაზებას დავთანხმდი.
- ამ გადაწყვეტილების მიღება არ იქნებოდა ადვილი, როგორ იპოვეთ თქვენს თავში ძალა, ამისთვის გაგეძლოთ?
- ეს ბედისწერა მხოლოდ მე არ მრგებია. ირანში ჩემს დღეში ძალიან ბევრი ქალი იყო ჩავარდნილი.
- გქონიათ მომენტი ამ ამბების შემდეგ, როცა იფიქრეთ, რომ იქნებ არ ღირდა ეს ბრძოლა?
- არა. იმიტომ, რომ ჩემი უმთავრესი მიზანი დემოკრატიული და თავისუფალი ირანი იყო და ეს მიზანი იმდენად ძვირფასი იყო ჩემთვის, რომ მე თავად წავედი ამაზე, აღმოვჩენილიყავი ციხეშიც და ამ მიზანს შევწირე ოჯახიც.
- როგორ ირანზე ოცნებობთ? გეფიქრებათ იქ დაბრუნებაზე? როგორ გგონიათ, დაბრუნდებით?
- ჩემი საოცნებო ირანი არის დემოკრატიული და სეკულარული ირანი. თუ ეს მოხდება, მე იქ პირველსავე დღეს დავბრუნდები.
- გაქვთ ამის იმედი?
- აუცილებლად.
მოკლედ შირინ ებადის შესახებ
შირინ ებადი 1947 წელს დაიბადა ქალაქ ჰამადანში, მოსამართლის ოჯახში. ერთი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები ჰამადანიდან თეირანში გადავიდნენ საცხოვრებლად და ამიტომ მისმა ბავშვობამ ირანის დედაქალაქში გაიარა. სწავლობდა ანუშირვან სამართლიანისა და რეზა შაჰის სახელობის საკმაოდ პრესტიჟულ სკოლა-ლიცეუმებში, სადაც თავის დროზე ირანული ელიტის, კერძოდ კი, იურისტების შვილებს ასწავლიდნენ. სკოლის დასრულების შემდეგ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის შემდგომ კი, კონკურსის წესით, 1969 წელს ოფიციალურად დაიწყო სამსახური როგორც არჩეულმა მოსამართლემ და ამით ერთ-ერთი პირველი ქალი მოსამართლე გახდა ირანის მთელ ისტორიაში.
შირინ ებადი მოსამართლედ მუშაობის პარალელურად სწავლას განაგრძობდა თეირანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში და ის 1971 წელს წარმატებით დაასრულა კერძო საკუთრების უფლებათა სპეციალობით. 1975 წელს, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის შემდგომ, შირინ ებადი თეირანის საქალაქო სასამართლოს 24-ე განყოფილების ხელმძღვანელად აირჩიეს და, ამრიგად, ის არის პირველი ქალი, ვინც საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელი გახდა არა მხოლოდ შაჰისდროინდელ, არამედ, საერთოდ, მთელ ირანში.
ამ თანამდებობაზე მან 1975 წლიდან 1979 წლამდე, ანუ ირანის ისლამურ რევოლუციამდე, დაჰყო, შაჰის რეჟიმის დამხობის შემდეგ კი ებადიც, სხვა ირანელი მოსამართლე ქალების მსგავსად, მოსამართლის თანამდებობას ჩამოაშორეს და ეს ქალები სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე გადაანაწილეს.
ებადიმ ვადამდელი პენსია მოითხოვა, მერე კი ადვოკატობა დაიწყო.
შირინ ებადი იყო კიდევ ბევრი რეზონანსული საქმის ადვოკატი, კერძოდ კი, იცავდა თითქმის ყველა ხელოვანსა თუ საზოგადო მოღვაწეს, ვისაც ირანის ხელისუფლებასთან პრობლემები შეექმნა.
1999 წელს შირინ ებადიმ, სტუდენტური არეულობისას, ამ არეულობის ერთ-ერთი მონაწილის, ამირ ფარშად ებრაჰიმის განცხადებათა საფუძველზე, წარმოადგინა სტუდენტთა ხოცვაში ირანის მაღალი ხელმძღვანელი პირების უშუალო მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რაც რეფორმების პერიოდის ირანის სასამართლო სისტემის ყველაზე რეზონანსული საქმის აღძვრის საფუძველი გახდა.
საქმის მსვლელობისას ამირ ფარშად ებრაჰიმი და შირინ ებადი დააპატიმრეს და 2000 წელს მან სამი კვირა პატიმრობაში გაატარა.