„ასეთ ენას არცერთი ქართველი გამოიყენებდა“ - დეგნანი დეპუტატ ზარქუას გამონათქვამზე

კელი დეგნანი აშშ-ის ელჩი საქართველოში

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად, შეაფასა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლის, დეპუტატ ირაკლი ზარქუას გამონათქვამი. დეპუტატმა სენატორი ჯინ შაჰინი „ჩათლახად“ მოიხსენია.

როგორც მესმის, ასეთ ენას არცერთი ქართველი გამოიყენებდა არავის წინააღმდეგ. ეს ნამდვილად არასათანადო [გამოხატვა] იყო და ვფიქრობ, ყველა ქართველი ასე ჩათვლიდა“, - თქვა კელი დეგნანმა დღეს, 18 ნოემბერს, ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის ღონისძიების დასრულების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, დემოკრატ ჯინ შაჰინს ჟურნალისტებთან "ჩათლახი" უწოდა.

ასევე ნახეთ დეპუტატმა ზარქუამ სენატორი შაჰინი "ჩათლახად" მოიხსენია

მოგვიანებით დეპუტატმა თავის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განმარტა, რომ სენატორისთვის შეურაცხყოფის მიყენების მიზანი არ ჰქონია და ჟურნალისტებმა "შავი მასალა" გამოაქვეყნეს, რომელშიც კონტექსტი შეცვლილი იყო.

"აბსოლუტურად სხვა კონტექსტში ვხუმრობდი ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარის გაკეთებამდე, ვიდრე კამერებს ჩართავდნენ", - დაწერა ზარქუამ.

ასევე ნახეთ "ვხუმრობდი ჟურნალისტებთან" - ზარქუა ხსნის, რატომ მოიხსენია სენატორი "ჩათლახად"

16 ნოემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინმა თქვა, რომ საქართველოს დახმარება შეიძლება, ქვეყნის ქმედებებს დაუკავშირონ: "საჭიროა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებით... მათ აშკარად გადაუხვიეს საკუთარ ვალდებულებას... მათ უნდა იცოდნენ, რომ ამას შედეგი მოჰყვება და შესაძლოა, ზოგიერთი შედეგი დაკავშირებული იყოს დახმარებასთან, რომელიც გვინდა, რომ ქვეყანას მივცეთ".